ინტერვიუები

21:13 | 7.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე: “ჩემს თამაშს მთელ საქართველოს ვუძღვნი”

“ჩემმა გუნდმა მოიგო და მეც საკუთარი წვლილი შევიტანე, თუმცა, ერთი მატჩით არ ისაზღვრება ყველაფერი. მთავარია, კარგად დაწყებული კარგადვე განვაგრძო. ყველა შეხვედრას მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ, მაგრამ მინდა, ჩემი ეს თამაში მთელ საქართველოს მივუძღვნა” – თქვა პოლონური ლოძის “ვიძევის” ქართველმა ნახევარმცველმა, ნიკა ძალამიძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში.  
ნიკა პოლონეთის ჩემპიონატის XVII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, იქაური პრესა ქებას არ აკლებს ქართველს და ასეც დაწერეს – საოცარია, მაგრამ ეს ბიჭი “ვიძევს” გასინჯვაზე ჰყავდაო. პლუს, “ქართველი მესი” უწოდეს. ძალამიძემ “კორონასთან” 3:1 მოგებულ მატჩში მშვენიერი გოლი და არანაკლებ ლამაზი, 2 საგოლე პასი გაახერხა.
ახლა კი, ინტერვიუ:
- “ვიძევში” პირველი ოფიციალური მატჩი შეცვლაზე ითამაშეთ, ახლა კი, ძირითადში დაგაყენეს. ალბათ, განსაკუთრებული შემართებით გახვედით “კორონასთან”.
- განსაკუთრებულით-მეთქი, ვერ ვიტყვი. ალბათ, პირველმა მატჩმა და ვარჯიშებმა განაპირობა, რომ მწვრთნელმა ჩემი ძირითადში დაყენება გადაწყვიტა.
- ისე ჩანდა, ძალიან გეუხეშებოდნენ.
- რას იზამ, ფეხბურთია და ამის გარეშე არ ხდება. მთავარია, არ შეუშინდე.
- თავიდან მწვრთნელი ფლანგზე გათამაშებდათ. რატომ?
- ეს თამაშმა მოიტანა, რომ ფლანგებზეც უნდა გადავსულიყავი. უბრალოდ, ვიცვლებოდით. ისე კი, როგორც “ბაიასა” და ცსკა-ში, აქაც გამთამაშებლად ან უკანდაწეულ თავდამსხმელად ვთამაშობ.
- I love Georgia– ეს წარწერა გამოაჩინეთ მაისურზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. საერთოდ, ფეხბურთელები უფრო ხშირად პერსონალურ მილოცვებს აგზავნიან ხოლმე...
 - ვისთვის როგორ. ყველა თავისებურად აღნიშნავს. წინა თამაშზეც იგივე წარწერიანი მაისური მეცვა, მაგრამ მაშინ გოლი ვერ გავიტანე. პირველ ჯერზე ვერა, მაგრამ მეორეზე მოვახერხე.
- ალბათ, ცოტა პოლონური უკვე გესმით. რას სკანდირებდნენ გულშემატკივრები თქვენი შეცვლისას?
- ჩემს სახელს იძახდნენ და ძალიან მესიამოვნა. პოლონური არ მესმის, გუნდში ინგლისური ყველამ იცის და მეც ინგლისურად მიწევს საუბარი. ცხადია, რუსულიც ვიცი.
- პოლონეთის ჩემპიონატი რამდენად მოგწონთ, როგორ დაახასიათებდით?
- ნორმალური დონის ჩემპიონატია. ბრძოლაა და არავინ არაფერს გითმობს. ტემპიც მაღალია.
- და არ გაგიჭირდათ ადაპტაცია?
- მომზადებული ვიყავი, შეკრებებზეც ბევრი ვიმუშავე. თავიდან, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, ენის ბარიერიც მქონდა. თანაგუნდელები გვერდში მიდგანან და მეხმარებიან.
- პოლონეთში იგრძნობა, რომ ქვეყანა გაისად ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი უნდა იყოს? რამდენად დიდი აჟიოტაჟია?
 - სასწაული აჟიოტაჟია. გულშემატკივრებით ლამის სავსეა ტრიბუნები. აი, მაგალითად, წინა შეხვედრაზე 25000 მაყურებელი იყო. სტადიონები ააშენეს. მოკლედ, ფეხბურთი აქ ძალიან უყვართ.
- “ვიძევი” თუ თამაშობს თქვენი გემოვნების ფეხბურთს? ანუ, რამდენად მოგწონთ გუნდის სათამაშო სტილი?
- ჯერ მაინც ახალი მისული ვარ გუნდში და ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც აქამდე ვნახე, ცუდ ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობს და მეც ვეწყობი.
- პოლონეთის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...
- ძალიან კარგი. გამიხარდა, მაგრამ არ მინდა, ამან ცუდად იმოქმედოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნო.
- ლოძის ქუჩებში ხალხი უკვე გცნობს?
- გუშინ და დღეს არ გავსულვარ გარეთ. ისე, ლოძი პატარა ქალაქია და უმეტესობა ერთმანეთის ნაცნობია.
- მალე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდები ავსტრიაში, სადაც ოთხთა ტურნირი გაიმართება.
- დიახ. 21-ში უკვე ავსტრიაში ვიქნები, თამაშები კი, 23, 26 და 29 მარტს გვაქვს რუმინეთთან, ალბანეთთან და ისრაელთან. იმედია, კარგ თამაშს და შედეგს ვაჩვენებთ.
- ასე თუ განაგრძობ, ალბათ, ეროვნული ნაკრებიც არ იქნება შორს...
- ვნახოთ. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება...     

 

ილია ნანობაშვილი
 

0.142293