საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს (მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, ასისტენტები: დავით უსტიაშვილი, ჯეისონ სტოდტი, კოტე ტუღუში) მიერ, ევრო 2013-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების მიზნით, გაფართოებულ, 18-კაციან სიაში, ევრო 2011-ის ფინალური ტურნირის მონაწილე ვლადიმერ ბოისას (04.07.1981), ნიკა ცქიტიშვილის (14.04.1983), ლაშა გამყრელიძისა (04.02.1986) და ლაშა ფარღალავას (07.02.1987) არშეყვანას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა მაინც ცქიტიშვილის არგამოძახება იყო. ნიკამ 2011-12 წლების სეზონში ირანის ჩემპიონობა და დასავლეთ აზიის ჩემპიონთა თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ცქიტიშვილი, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, აზიის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
“მსოფლიო სპორტი” ნიკა ცქიტიშვილს ესაუბრა:
- ელოდით, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშიც კი ვერ მოხვდებოდით?
- რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სეზონი მქონდა – ველოდი, იმიტომ, რომ ბოლო წლებისგან განსხვავებით, ეროვნული ნაკრების მზადებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, არავინ შემხმიანებია.
- ნაკრებში თქვენი არგამოძახების შესახებ როგორ შეიტყვეთ?
- ნაკრების შეკრების დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, მთავარი მწვრთნელის - იგორ კოკოშკოვის ასისტენტები - დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში – გამომიგზავნეს. მათ მაცნობეს, რომ ნაკრების შეკრებაზე არ ვიყავი გამოძახებული.
- კოკოშკოვი ან ფედერაციის წარმომადგენლები არ დაგიკავშირდნენ?
- შემდგომში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ბესიკ ლიპარტელიანი და იგორ კოკოშკოვი ტელეფონით დამიკავშირდნენ. 15 წელია, ნაკრებში ვთამაშობ და ამის გაკეთება უფრო ლამაზად შეიძლებოდა.
- რა გითხრეს, რატომ არ გათამაშებთო?
- გაკვირვებული ვარ. დღესაც ვეძებ პასუხს და რა მოხდა სინამდვილეში, ვერ გამიგია. არადა, საუკეთესო სეზონი მქონდა. მართალია, ირანის ჩემპიონატი NBA-ს, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებს ვერ შეედრება, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პირველობაა. ეტყობა, კოკოშკოვმა და ლიპარტელიანმა არაფერი იციან ირანის ჩემპიონატის შესახებ. ცუდია, როცა ასე უცბად, ერთი ხელის მოსმით ანგრევ წლობით ნაშენებ გუნდს.
- კოკოშკოვმა თქვენი არგამოძახების მიზეზად რა დაასახელა?
- მითხრა, რომ აქცენტს შენს პოზიციაზე მოთამაშე თორნიკე შენგელიაზე ვაკეთებთ და რადგან თამაში თითქმის არ მოგიწევს, ან თუ მოგიწევს, ეს დრო ხუთ წუთზე მეტი არ იქნება, ამაზე შენ თანახმა არ იქნები და ამიტომ არ გამოგიძახეთო.
შემოეთავაზებინათ, იქნებ თანახმა ვიყავი... კოკოშკოვი ბოლო სამი წელიწადი მეტ დროს არც მაძლევდა, მხოლოდ 10-15 წუთს მათამაშებდა. მე არ ვარ ის კალათბურთელი, დროის ამ მონაკვეთში კარგი შედეგი ვაჩვენო. ნორმალური შედეგისთვის 15-20 წუთი მჭირდება.
ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუ ჩემს პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში ჩემზე უკეთესი ითამაშებს. თორნიკე შენგელიას წარმატებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ, თუ მისთვის, შეუცვლელად, 40-წუთიან სათამაშო დროის მიცემას აპირებენ, არა მგონია, ეს გამართლებული იყოს. სპორტსმენი ვარ და არავის ვუსურვებ, მაგრამ არც ტრავმაა გამორიცხული.
არც იმ ბავშვების საწინააღმდეგო მაქვს რაიმე, რომლებიც ნაკრების წევრობის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში შეიყვანეს. ეჭვს იწვევს, მის თანატოლებთან ერთად, ნაკრების წევრობის კანდიდატთა სიაში რატომ არ მოხვდა 21 წლის ბექა ჩიკვილაძე, რომელიც სუპერლიგის ბოლო ჩემპიონატების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ჩემი აზრით, ბავშვი მაინც კლუბში უნდა გაიზარდოს და არა ნაკრებში.
ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა ვლადიმერ ბოისაზე. უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, ცოტა გაუჭირდა ფორმის აღდგენა და უცბად მოიშორეს. ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდა მას გვერდში დგომა. იქნებ, ისიც თანახმა იყო 5-10 წუთი ეთამაშა. ახალგაზრდა კალათბურთელები მისგან ბევრს ისწავლიდნენ.
- ევრო-2011-ის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში, თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალისა და პარალელურად, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების პრეტენზია მაშინ ექნებოდა, თუ მთავარ მწვრთნელად ეტორე მესინა და ნატურალიზებული კალათბურთელი - ბო მაკალები იქნებოდა. ეს ხომ არ გახდა ნაკრებში თქვენი არგამოძახების მიზეზი?
- ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ეს პასუხი ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს გავეცი. არა მგონია, ეს ყოფილიყო ნაკრებში ჩემი არგამოძახების მიზეზი.
- შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ თქვენ წარმოშობით საჩხერიდან ხართ. პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” წევრი ხომ არ ბრძანდებით?
- არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც ვაპირებ. მე სულით სპორტსმენი ვარ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ხომ გითხარით, გაკვირვებული ვარ და დღემდე ვერ გამიგია - რა გახდა ჩემი არგამოძახების ნამდვილი მიზეზი.
- ბესიკ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნაკრების მიღმა დარჩენილ კალათბურთელებს, მომავალში კიდევ მიეცემათ ეროვნულში თამაშის შანსი...
- აზიის ჩემპიონთა თასი მოვიგე და ამაზე მეტი რაღა უნდა გავაკეთო?.. გამოდის, რომ ან ევროლიგა უნდა მოვიგო, ან კიდევ ისევ NBA-ში დავბრუნდე. ვერ ვხვდები, ჩემი ნაკრებში არგამოძახების ნამდვილ მიზეზს რატომ არ ამბობენ.
- მომავალში კიდევ რომ მოგეცეთ ნაკრებში თამაშის შანსი, ამ შანს გამოიყენებთ?
- თავს იმდენად შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდში აღარასოდეს ვითამაშებ.
- გულშემატკივრებმა ძალიან რომ გთხოვონ, მაინც არ ითამაშებთ?
- ნაკრებს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდები, როცა გუნდში იგორ კოკოშკოვი აღარ იქნება.
- კიდევ რამდენ წელიწადს აპირებთ კალათბურთის თამაშს?
- ვგრძნობ, რომ რაც წლები მემატება, მით უფრო ვუმატებ, კალათბურთი იმდენად მიყვარს, რომ თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, მინიმუმ, 8-9 წელიწადს ვითამაშებ.
- რადგან ნაკრებში არ გამოგიძახეს, ალბათ, ისვენებთ...
- სეზონის დასრულების შემდეგ, ვარჯიში არ შემიწყვეტია და ისევ განვაგრძობ.
- ირანის ჩემპიონთან და დასავლეთ აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელ “მაჰრამთან” კონტრაქტი ხომ არ გაგიგრძელებიათ?
- ისევ ირანში ვრჩები, ოღონდ - არა “მაჰრამში”. ამჯერად, კონტრაქტი 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გავაფორმე ისპაჰანის “მაჰანისთან”, რომელიც ამ ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა და დასავლეთ აზიის ჩემპიონთა თასზე თამაშს აპირებს.
- ირანში როდის მიემგზავრებით?
- ოქტომბრის დასაწყისში. მანამდე ჩემს ძმას მოვინახულებ, რომელიც სან-ფრანცისკოში (აშშ) ცხოვრობს.
- თქვენი ძმა - გიორგი ამჟამად სად თამაშობს?
- აქამდე, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის გუნდში გამოდიოდა, ახალი სეზონიდან კი, მემფისის უნივერსიტეტში ითამაშებს.
როლანდ ლაბუჩიძე