ესპანეთის ნაკრენისა და “ბარსელონას” მოთამაშე ხერარდ პიკეს მეგობარმა მომღერალმა შაკირამ გადაწყვიტა, მეტი მრავალფეროვნება შემატოს თავის ცხოვრებას: უეფას წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ კიდევ ერთ ცნობილ მომღერალთან – რიანასთან ერთად ოქტომბერში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში – აზერბაიჯანში ვიზიტს აპირებს. სწორედ იმ პერიოდში ბაქოსა და ლენქორანის სტადიონებზე ჩატარდება 17 წლამდე ფეხბურთელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი. უკვე დადგინდა, რომ რიანა 5 ოქტომბერს, ბაქოში ტოფიკ ბახრამოვის სტადიონზე უმღერებს მეოთხედფინალური მატჩის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს, ხოლო 15 ოქტომბერს, იმავე არენაზე შაკირა “აუჩქროლებს” გულს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დამსწრე საზოგადოებას.
აქვე გეტყვით რომ 17 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი 22 სექტემბერს იწყება და მასში მონაწილეობენ ბრაზილიის, კანადის, კოლუმბიის, ჩინეთის, გამბიის, იაპონიის, ჩრდილოეთ კორეის, მექსიკის, ახალი ზელანდიის, ნიგერიის, ურუგვაის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებები. მათ დაემატებათ კიდევ ორი ევროპული გუნდი, რომელთა ვინაობა 26-29 ივნისის საფლეიოფო ტურნირში გაირკვევა.
და კიდევ ერთი, პიკე დღევანდელ ირლანდიასთან შეხვედრაში ალბათ იფრენს მოედანზე და შეეცდება გოლით აღნიშნოს შაკირასაგან მიღებული სასიხარულო ინფორმაციის გამო – არა იმიტომ რომ მომღერალმა ბაქოში წასვლა გადაწყვიტა... საქმე ისაა, რომ შაკირამ ტესტით დაადგინა, რომ ორსულადაა და პიკე რამდენიმე თვეში მამა გახდება.