“აუ, ნეტა, “დილა” რას იზამს!” – ტრანსპორტში, სადარბაზოში, მაღაზიაში და სად აღარ მოვისმინე. დიდი მოლოდინია და ასე შევატყე, ის გულშემატკივრებიც ჩართულნი არიან “დილა”-“რაპიდის” ამბებში, რომლებსაც ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი დიდად არ ეტყობოდათ და რომლებიც “ასტონ ვილას” 5 ფეხბურთელს უცებ ჩამოგითვლიდნენ, ამ დროს კი, გორელთა ერთი ფეხბურთელის გვარიც არ ეცოდინებოდათ.
სასიხარულოა, როცა ასეთი აჟიოტაჟია და სხვაგვარად არც უნდა იყოს – ევროპული საკლუბო შემოდგომის მიჯნაზე ვართ, რაც ასე გვაკლია და გვენატრება. სხვაგვარად წარმოჩინდება ქართული საკლუბო ფეხბურთი, ფასი აეწევათ ფეხბურთელებს, ეროვნულ ჩემპიონატში მაყურებელთა რიცხვი ოდნავ მაინც მოიმატებს.
არავინ ივიწყებს ორი ეტაპის გავლას. გიორგი დევდარიანის გუნდი სულ 3 კვირის შეკრებილი იყო, როცა “ოლბორგს” კუდით ქვა ასროლინა. ორივე თამაში მოუგო ერთ დროს მრისხანე სპლიტის “ჰაიდუკს” და მაინც, ორი ეტაპის გავლა სხვაა, ჯგუფში შესვლა კი – აგერ, კარგა ხნის აუხდენელი ოცნებაა. ეგებ, დღეს მაინც...
შევთანხმდეთ, რომ დღეს, ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟის საპირწონე დღეა. ვენის “რაპიდი” არც ყველაზე ძლიერი იყო შესაძლო მეტოქეებს შორის და არც ყველაზე სუსტი – პირველ მატჩში, ერთ კონკრეტულ ეპიზოდში სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო გავუშვით გოლი, თუმცა საწუწუნოდ არაა საქმე, რადგან 0:1 მარცხი ლოგიკური იყო. “რაპიდი” ფლობდა უპირატესობას, გორელებს კი კონტრშეტევები არ გამოსდიოდათ.
ერთი კარგი თვისებაც გამოარჩევს დევდარიანის გუნდს: ბურთი ხშირად აქვთ თუ ნაკლებად, უფრთხილდებიან და უაზროდ არ იგერიებენ. “დილას” ფეხბურთელებმა იციან, რას აკეთებენ მინდორზე – ყველაზე მეტად ეს გვახარებს. ამით შეიძლება 13-მილიონიანი ბიუჯეტისა და მდიდარი ისტორიის მქონე “რაპიდის” წაქცევა. ფული, ფული... ვერ ცხოვრობენ ერთად ქართული ფეხბურთი და ბიზნესი, ამის გამო კი, წაგებებს ვერ შევეჩვევით და უიმედოდ არ წავალთ სტადიონზე. 90 წუთში (ან ეგებ 120-ში) ყველაფერი ხდება.
რამდენიმე საათიც და, ვაკეში სტადიონი გაივსება...