სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:00 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია მატიჩი: “მოურინიოს პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი”

 სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი დასავლეთლონდონის “ჩელსიში” 2009-11 წლებში ირიცხებოდა (“არისტოკრატთა” შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა), შემდეგ კი ლისაბონის "ბენფიკაში" გადავიდა და ამ კლუბთან ერთად 2012-ში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, 2013-ში კი ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რამდენიმე დღის წინათ მატიჩმა “ბენფიკას” შემადგენლობაში “პორტუს” წინააღმდეგ იასპარეზა და დედაქალაქელებს 2:0 მოგებაში დაეხმარა, შემდეგ კი 25 წლის ნემანიამ ლონდონს მიაშურა და “ჩელსისთან” ხუთწელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. “არისტოკრატებს” მატიჩის ყიდვა 21 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. ნემანია სტემფორდ ბრიჯელთა ღირსებას 21 ნომრიანი მაისურათი დაიცავს. 

- თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნდით. რა გრძნობა დაგეუფლათ კვლავ “ჩელსიში” რომ დაგიძახეს?

- მოხარული ვარ, “არისტოკრატებს” კვლავ რომ დავჭირდი. ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავიღებ ლონდონელი გულშემატკივრების გასახარებლად.

- “ჩელსიდან” 2011-ში წახვედით. მაშინდელი და ახლანდელი გუნდები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან?

- ცხადია, სხვაობა საგრძნობია. ამჯერად სხვა გუნდი დამხვდა, უფრო ახალგაზრდული. უწინ მოთამაშეთა უმრავლესობა 30 წელს მიღწეული ან გადაცილებული იყო. სადღეისო შემადგენლობა ძლიერია, თანაც მეტად პერსპექტიული.

- თქვენი პასუხიდან გამომდინარე ძნელი სავარაუდო არაა, “ჩელსის” გამოსვლას ყურადღებით რომ აკვირდებოდით...

- როგორც კი საშუალება მომეცემოდა, “ჩელსის” მატჩებს ტელეეკრანიდან ვუცქერდი. ბოლოდროინდელი პროგრესი სახეზეა – გუნდი მეთოდურად, თანდათან უმატებს და მონოლითურ კოლექტივად ჩამოყალიბდა. ამასთან, ბრანისლავ ივანოვიჩი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვთამაშობთ სერბეთის ნაკრებში და ხშირი სატელეფონო ურთიერთობაც გვქონდა. ასე რომ, “ჩელსიში” მიმდინარე პროცესების საქმის კურსში გახლდით.

- აქამდე ჟოზე მოურინიოსთან არ გიმუშავიათ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა?

- სეუ ჟოზესთან გასაუბრება უკვე მოვასწარი. მან მიმითითა, საქმეს პროფესიულად მივუდგე და მაქსიმუმი გავიღო “ჩელსისთვის”. მოურინიოს პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი და მასთან მუშაობის პერსპექტივა მეტად მხიბლავს. იმედია, პორტუგალიელი დამრიგებლის მეთაურობით არაერთ სეზონს ჩავატარებ. მზად ვარ მისი ნებისმიერი მოთხოვნა სრულად შევასრულო.

- “ჩელსისთან” ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმეთ. რა მიზნების გადაჭრას უსახავთ საკუთარ თავს?

- ახლო პერსპექტივას თუ განვიხილავთ, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მოგება მწადია. სამომავლოდ “ჩელსის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში წარმატებული ასპარეზობა მინდა. წლეულს ეს გამორიცხულია, რადგანაც “ბენფიკას” რიგებში უკვე ვითამაშე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში. ისე, ჩემი და “ჩელსის” ამოცანა ერთმანეთს ემთხვევა – ტიტულების მოხვეჭა.

- “ჩელსიში” მეტად მაღალი კონკურენციაა. დარწმუნებული ხართ, რომ თამაშს რეგულარულად შეძლებთ?

- ამის იმედი და ამბიცია ნამდვილად მაქვს. “ბენფიკა” ძლიერი, ავტორიტეტული გუნდია, მის რიგებში გამოსვლისას გამოცდილებაც დავაგროვე და სათამაშო კლასიც საგრძნობლად ავიმაღლე. ბოლო სეზონების განმავლობაში მაღალ დონეზე წარმატების მიღწევას გავუშინაურდი და ეს მომენტი “ჩელსიშიც” სასიკეთოდ გამომადგება. პორტუგალიაში ასპარეზობისას ფიზიკურადაც მოვუმატე და როგორც ფეხბურთელი ტაქტიკურად უფრო დავიხვეწე.

- “ჩელსის” წინააღმდეგ ევროპა ლიგის ფინალში ითამაშეთ. რა დაგამახსოვრდათ “ამსტერდამ არენაზე” ჩატარებული პაექრობიდან?

- ბრწყინვალე მატჩი გამოგვივიდა. ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ბრანისლავ ივანოვიჩის გოლმა გული დამწყვიტა. მაგრამ თუკი მსაჯის მიერ წამატებულ დროში ბურთი უნდა გაგვეშვა, ჯობდა ჩემ მეგობარს გაეტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “ჩელსის” ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცე და სამომავლო წარმატებები ვუსურვე. პირადად ჩემ თამაშს რაც შეეხება, პრესაში დაიწერა, რომ კარგად ვიპაექრე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114089