პოპულარულ გამოცემა Marca-ს თუ ვერწმუნებით, ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ნეიმარმა მადრიდის “რეალთან” შეთანხმებას მიაღწია და კასტილიურ გრანდთან კონტრაქტსაც გააფორმებს. ხვალ დილით, გამთენიისას კი, ნეიმარის “სანტოსი” ლიბერტადორესის ფინალის განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს ურუგვაულ “პენიაროლთან”. ამ უპრინციპულესი შეხვედრის წინ (პირველი მატჩი მონტევიდეოში 0:0 დასრულდა), 19 წლის მოთამაშეს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა AS დაუკავშირდა. საუბრის დაწყებამდე ნეიმარმა ჟურნალისტი გააფრთხილა, ჩემ სამომავლო ტრანსფერთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვა არ დამისვათო...
- ლიბერტადორესის ფინალის განმეორებით შეხვედრას როგორ ხასიათზე ხვდებით?
- მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ორაუნდიანი პაექრობა მონტევიდეოს “პენიაროლთან”, თავს ბედნიერად ვგრძნობ. “სანტოსმა” გადამწყვეტ მატჩებამდე გზა მშვენივრად გაიარა, ახლა კი მხოლოდ 90 წუთი გვაშორებს ტრიუმფს. ურთულესი მატჩი გველის, რომლის შედეგის გამოცნობა შეუძლებელია. მე და ჩემი თანაგუნდელები კი მომავალ შეხვედრაზე სრულად ვართ კონცენტრირებულნი და მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად მზად ვართ.
- 19 წლის ხართ და ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად მიგიჩნევენ. ეს ფაქტი ფსიქოლოგიურად რთული არაა?
- მშვიდად ვარ. ძალიან მომწონს, როცა ადამიანები მცნობენ, ავტოგრაფს მართმევენ ან ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება სურთ. ფეხბურთელი ვარ და მინდორზეც და მის ფარგლებს გარეთაც იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს. ჩემზე ბედნიერი ადამიანი, ალბათ, არავინაა.
- ფეხბურთის გარდა კიდევ რა გიტაცებთ?
- ფეხბურთის გარდა, დრო არაფერზე მრჩება. წვრთნისა და თამაშისგან იშვიათ თავისუფალ დროს კი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ვატარებ.
- როგორ გგონიათ, ევროპაში გადაბარგების დრო დაგიდგათ?
- ყველაფერი ღმერთის ნებაა... ჩემ საფეხბურთო მომავალსაც მამაზეციერი განაგებს.
- ევროპულ ფეხბურთს თვალყურს ადევნებთ?
- რასაკვირველია. ბევრ მატჩს სიამოვნებით ვუყურებ.
- “ძველ კონტინენტზე” თქვენი საყვარელი კლუბები დაგვისახელეთ...
- მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”. ეს 2 გუნდი სხვებთან შედარებით გამორჩეულად ძლიერები არიან.
- ახლო ურთიერთობა გაქვთ რობინიოსთან, რომელსაც საკუთარ საფეხბურთო კერპადაც მიიჩნევთ. პირველად როდის შეხვდით ერთმანეთს?
- როდესაც მან “სანტოსში” ბრწყინვალედ თამაში დაიწყო, 8 თუ 9 წლისა გახლდით. იმ პერიოდიდან მის ასპარეზობას უდიდესი სიამოვნებით ვუცქერდი. ენით აუწერელი სიხარული დამეუფლა, როდესაც 2002-ში “სანტოსი” ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. კარგად მახსოვს, ფეხბურთელები მეხანძრეთა ავტობუსში ჩასვეს და ასე შემოატარეს მთელი ქალაქი. ფეხბურთელებს სტადიონის გამოსასვლელთან დავუდარაჯდი და როდესაც მათ “ვილა ბელმიროს” სტადიონი დატოვეს, გამოვეკიდე და კარგა ხნის განმავლობაში ავტობუსს ფეხით მივსდევდი. მოგვიანებით რობინიო პირადად გავიცანი და სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მექნა.
- რას გესაუბრებათ იგი ევროპასა და შორეული კონტინენტის ფეხბურთზე? რობინიო გირჩევთ, რომ კარიერა ევროპაში უნდა გააგრძელოთ?
- იგი მეუბნება, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა.
- ესპანეთში თვლიან, რომ იმპულსური მოთამაშე ხართ. ასეა?
- პირინელი ჟურნალისტები ჩემზე იმასაც წერენ, რომ თამაშისას ბურთს ვერ ველევი და პარტნიორებს გადაცემას ვუგვიანებ. ეს არასწორია. ვისაც ჩემი ასპარეზობა უნახავს, დარწმუნებით იტყვის, რომ “ბურთის ღორი” არ ვარ. ინდივიდუალიზმი კი ჩემი ძლიერი მხარეა.
- რობინიოს გარდა, კიდევ რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?
- რონალდო, ფენომენი...
- სამწუხაროდ, მან კარიერა უკვე დაასრულა. ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ?
- სადღეისოდ მესი პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელია. ეს სულაც არ აკნინებს კრიშტიანუს – პორტუგალიელიც ლამის სრულყოფილი მოთამაშეა.
- ესპანეთში თქვენი თამაში გულშემატკივართა დიდ ნაწილს ნანახი არ აქვს. ორიოდე სიტყვით, მათ ნეიმარს როგორ დაუხასიათებდით?
- ჩემი უმთავრესი ღირსება დრიბლინგია. მგონი, ეს ცოტა არაა...
- “სანტოსთან” ერთად ბრაზილიის პირველობა გაქვთ მოგებული, ლიბერტადორესის თასის ფინალში გააღწიეთ. კიდევ რაზე ოცნებობთ?
- მსოფლიოს ჩემპიონატსა და წამყვან საფეხბურთო ლიგებში თამაში მწადია. საამისოდ არაფერს დავიშურებ.
- ევროპაში გამგზავრების არ გეშინიათ?
- რატომ უნდა მეშინოდეს, საკუთარი შესაძლებლობების მწამს.
- ესპანურად თავისუფლად საუბრობთ?
- არა, მხოლოდ ინგლისურად. ისე კი, ესპანური მესმის, რასაც ჩვენი დიალოგიც ადასტურებს.
- საკმაოდ ხშირი კონტაქტი გაქვს პელესთან. იგი ევროპაში გადაბარგებას გირჩევთ?
- პელეს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ამ თემას ჯერ არ შევხებივართ.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, რონალდო მოწადინებულია, კარიერა “რეალში” გააგრძელოთ და ამის თაობაზე “სანტოსის” ხელმძღვანელებს ესაუბრა...
- მოხარული ვარ, ფენომენთან ურთიერთობის საშუალება რომ მაქვს. იგი ძალიან მეხმარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი მე უნდა მივიღო და ეს ყველას კარგად ესმის.
გოჩა კაჭარავა