ფეხბურთი

13:58 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნეფთჩი” – “ჩიხურას” ყველაზე ტიტულოვანი აზერბაიჯანული მეტოქე

უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება.

მართალია, ბაქოელებმა პირველი მატჩი შინ სლოვენიის “კოპერთან” 1:2 წააგეს, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ სტუმრად 2:0 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პერიოდში, “ნეფთჩი” ევროთასებზე ქართულ კლუბს ერთხელ შეხვდა. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოელებმა “ზესტაფონს” შინ 3:0 აჯობეს, ხოლო ზესტაფონში 2:2 ითამაშეს და მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად აზერბაიჯანელებმა ისრაელის “ჰაპოელის” ბარიერი ვერ გადალახეს (2:2, 0:4).

სამაგიეროდ, “ნეფთჩი” პირველი აზერბაიჯანული კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშა. მანამდე, ის “შამქირის” მერე, მეორე აზერბაიჯანული კლუბი გახდა, რომელიც ევროთასების მე-2 საკვალიფიკაციაო ეტაპზე მოხვდა. 2004 წელს ბაქოელებმა ბოსნიური “შიროკი ბრეგის” ბარიერი გაიარეს, ხოლო 2005-ში – ისლანდიის “ჰაფნარფორდურის”.

2012 წელს, ევროპის ლიგის პლეი ოფში, ბაქოელებმა კვიპროსის აპოელ-ს ორი მატჩის ჯამში სძლიეს – 1:1, 3:1. ჯგუფში მისი მეტოქეები ყაზანის “რუბინი”, ბელგრადის “პარტიზანი” და მილანის “ინტერი” იყვნენ. “ნეფთჩიმ” “რუბინთან” ორივე თამაში წააგო (0:1, 0:1). “ინტერთან” 1:3 დამარცხდა, მაგრამ სტუმრად სენსაციური ფრე (2:2) გამოაცხო. ასევე, ორჯერ “პარტიზანს” დაუზავდა (1:1, 0:0).

 “ნეფთჩი” 1937 წლის 18 მარტს დააფუძნეს და 1968 წლამდე “ნეფტიანიკად” იწოდებოდა. გუნდმა პირველი ოფიციალური თამაში იმავე წელს საბჭოთა კავშირის თასზე ჩაატარა და სტუმრად ერევნის “დინამო” 1:0 დაამარცხა. 1/32-ფინალში ბაქოელებმა ბათუმის “დინამოს” აჯობეს, მაგრამ 1/16-ფინალში თბილისის “დინამოსთან” წააგეს.

1946-1948 წლებში “ნეფტიანიკი” საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა, ხოლო უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1949 წელს ჰქონდა. 1950 წელს გუნდმა ჩემპიონატში მე-19 ბოლო ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგიდან გავარდა. 1951-1959 წლებში ბაქოელები პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ, ხოლო 1960-1972 წლებში ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდნენ. 1966 წელს, ჯერ კიდევ “ნეფტიანიკად” წოდებულმა კლუბმა საბჭოთა კავშირის პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა, რაც საბჭოეთის დაშლამდე მის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლებოდა. 1973-1976 წლებში, “ნეფთჩი” კვლავ პირველ ლიგაში ასპარეზობდა, 1977-1988 წლებში კი – უმაღლესში. 1989-1991 წლებში, კვლავ პირველ ლიგაში გამოდიოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბაქოელებმა აზერბაიჯანის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგეს, ხოლო 6-ჯერ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2006 წელს, მათ “თანამეგობრობის თასზე” გაიმარჯვეს. სხვათა შორის, ამაში დიდი წვლილი ქართველმა ფორვარდმა გიორგი ადამიამ შეიტანა. “ნეფთჩიში” აგრეთვე ვალერი აბრამიძესაც უთამაშია.

“ნეფთჩი” აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბად ითვლება. მისი გენერალური სპონსორი ნავთობის კომპანია “სოკარია”. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბეიუკაგა გაჯიევია. გუნდი საშინაო მატჩებს “ბაქსელ არენაზე” ატარებს, რომელიც 11000 გულშემატკივარს იტევს.

31 ივლისს, საჩხერის “ჩიხურა” ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ბაქოში ჩაატარებს, ხოლო 7 აგვისტოს აზერბაიჯანელებს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის არენაზე უმასპინძლებს.

0.14196