კალათბურთი

21:34 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნებისმიერი დასმული კაცი ჩვენს თავზე დასმული კაცია”

კენჭი მთავრობის ბოსტანში


 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები (ბესიკ ლიპარტელიანი, მერაბ რატიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, ვალერი ლომაძე) ფედერაციის პრეზიდნტის არჩევნების თარიღთან, ფედერაციის წესდებასა და საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 22 ოქტომბერს გამგეობის წევრები აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ძველი წესდება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მაგრამ არაფრისგან შექმნეს ქარიშხალი. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები “ბ” დივიზიონს ვერ სცდებოდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ორჯერ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

უახლოეს მომავალში გამოცხადდება არჩევნების ჩატარების თარიღი. პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები ექნება”.

მერაბ რატიშვილი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): “ვისგანაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი დასმული კაცი ჩვენს თავზე დასმული კაცია”...

კახა შენგელია (ვეტერანი კალათბურთელი): “მიმაჩნია, რომ კალათბურთის ფედერაციის გამგეობა ბევრ დათმობაზე მიდის. ჩემი ნება რომ იყოს, გამგეობის წევრთა რაოდენობას 5 კაცით გავზრდიდი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები, კანონი ხომ გვაძლევს ამის უფლებას, შეცდომები კი მათ ეძიონ ვისაც ამაში ეჭვი შეეპარება.

მომავალში გავითვალისწინოთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება”.

პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი): “რუსთავი ჩემთვის შინაური ქალაქია, სადაც აქტიურ სპორტს თავი დავანებე. ვეტერანებმა საპრეზიდენტო არჩევნებში თითო ხმა მოითხოვეს. ასევე თითო ხმას ითხოვენ ფიბა-ს მსაჯები. პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, ვინც კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ერთმანეთის მეგობარია. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ არჩევნებში შეცდომა არ დავუშვათ. გთხოვთ მოგვეხმაროთ, მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები, რათა შეცდომა არ დავუშვათ”...

ნოდარ ქორქია (ვეტერანი კალათბურთელი): “ჩვენ ჩამოვედით, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებები გავიგოთ. რატომღაც, ერიდებით აზრის გამოთქმას. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ვაძლევთ ხმის უფლებას ისეთ დამსახურებულ ვეტერანებს, როგორებიც არიან ნიკოლოზ დერიუგინი, ლევან მოსეშვილი, გურამ აბაშიძე... საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებსაც აქვთ თითო ხმის უფლება. მე მაწუხებს ქართული კალათბურთის მომავალი. გთხოვთ, ყველამ ვიზრუნოთ მის მომავალზე”...

ზაზა გაბისონია (ვეტერანი კალათბურთელი): “საკალათბურთო საქმის კეთებას ერთობა სჭირდება. ჩემი თხოვნაა, დროულად გამოჩნდნენ პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატები, რათა დაფიქრების დრო მოგვეცეს და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

მართალია, სახელმწიფო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გვერდში გვიდგანან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიონ”...

ზემოაღნიშნულთა გარდა, სიტყვით გამოვიდნენ: ოთარ ბრაგვაძე (კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), სოსო არეშიძე (ქიმიკოსთა სასპორტო კომპლექსის დირექტორი), მიხეილ ბერუაშვილი (ვეტერანი კალათბურთელი), რუსუდან გამყრელიძე (მსაჯ-მდივანი)...

სკფ-ის გამგეობა მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს, თბილისში, თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან ჩაატარებს.

0.482903