68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი სამბისტი ლევან ნახუცრიშვილი მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მორიგი ევროტიტული საქართველოს სამბისტთა ნაკრების გამოცდილმა წევრმა გუშინ, ბუქარესტში მოიპოვა. ქალთა ნაკრების წევრ ნინო ოძელაშვილს (72 კგ) კი ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
სამდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა და ქალთა შორის, ასევე საბრძოლო სამბოში სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ლევან ნახუცრიშვილმა ფინალში ბელარუსი ალექსანდრ კოკშა დაამარცხა. მესამე ადგილები კი უკრაინელმა კირილ მელნიჩენკომ და რუსმა ევგენი სუხომლინოვმა დაიკავეს.
გუშინვე მედლები 52 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს ამ წონებში დიმიტრი მულაძე (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) წარმოადგენდნენ, მაგრამ ორივე სამეულს მიღმა დარჩა.
ქალებში ხალიჩაზე 48, 60 და 72 კილოგრამებში მოჭიდავეები გავიდნენ. შორენა შარაძე (60 კგ) მედლის გარეშე დარჩა, ნინო ოძელაშვილი (72 კგ) კი ვერცხლს დაეუფლა, მას შემდეგ, რაც ფინალში რუს ოლესია ვოლკოვასთან დამარცხდა.
დღეს მედლები კაცებში 57, 74 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქალებში – 52, 64 და 80 კილოგრამებში. საქართველოს სახელით საქმეში ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) ჩაერთვებიან.
ევროპირველობის ბოლო დღეს – 18 მაისს კი რუმინულ ხალიჩაზე ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) გავლენ.