საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მთლიანობაში, იოლად და დამაჯერებლად სძლია ლიხტენშტაინს. იყო დადებითი მომენტები – უპირველესად ის, რომ ნაკრებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. იმდენი მომენტი, გასულ წელს ყველა მატჩში ერთად აღებული რომ არ ჰქონიათ, თუმცა ეს შეხვედრა საზომად ვერ გამოდგება: ლიხტენშტაინი ძალიან სუსტი ნაკრებია.
დადებითთან ერთად, უარყოფითებიც ვიხილეთ: ბევრი იყო წუნი პასებში, კომბინაციური თამაში არ გამოდიოდა და ტემპიც არ იყო მაღალი. იშვიათი იყო აფეთექებები და სწრაფი შეტევა, რაც ერთი-ორად გაუძნელებდა საქმეს მეტოქეს.
ქეცბაიამ “მეტოქის კლასი” გაითვალისწინა და შეტევაზე ორიენტირებული ნახევარდაცვა დააყენა. პირველ ტაიმში ნაკრები ერთი ტიპიური საყრდენით (კაპიტანი ჯაბა კანკავა) თამაშობდა, ებრალიძე მარჯვნივ გამწესდა, ოქრიაშვილი მარცხნივ, ხოლო შუაში კობახიძე და ანანიძე იყვნენ, კობახიძეს ცენტრში ადრეც უთამაშია: სწორედ “მიხეილ მესხზე” ორი წლის წინ, ალბანეთთან ამხანაგურში და მაშინ სანდრომ გოლიც გაიტანა. პირველ ტაიმში გამოკვეთილ ფორვარდად გიორგი ჭანტურია ირჯებოდა.
პირველი ხიფათი მე-12 წუთზე შეიქმნა, როცა ლობჟანიძის ჩაწოდებას კობახიძის დარტყმა მოჰყვა და უზუსტო გამოდგა. ქართველებმა ტაიმის შუაში მოუმატეს თამაშს და ზედიზედ ორი შანსიც გაანიავეს. ჯერ იყო, კარგი შეტევის შემდეგ (ანანიძის ქუსლურ პასს რომ მოჰყვა), ებრალიძემ ახლოდან ააცილა კარს, ხოლო სამ წუთში ოქრიაშვილის გარღვევასა და პასს კობახიძის დარტყმა და მეკარის ფეხით მოგერიება მოჰყვა.
27-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ანანიძის პასი, ჭანტურიამ საჯარიმოში კარგად დაიმორჩილა ბურთი, მცველი მოატყუა, პაუზაც გააკეთა და ზუსტად დაარტყა დაახლოებით 13-14 მეტრიდან – 1:0.
ტაიმის ბოლოს კიდევ უნდა გაეტანათ მასპინძლებს. ჭანტურიამ მოკლე მონაკვეთზე ბავშვივით მოატყუა მეტოქე, კარის გასწვრივ შეაგორა ბურთი და იქ ოქრიაშვილმა ვერ მიუსწრო ბურთს. კიდევ, კობახიძემ ჩაუჭრა ბურთი მცველებს, საჯარიმოში შეიჭრა და გოლს არაფერი აკლდა, მაგრამ კარს გადააცილა ბურთი.
მეორე ნახევარში ლიხტენშტაინი კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა. პირველ ნახევარში თუ ხანდახან მაინც უახლოვდებოდნენ ქართველთა საჯარიმოს, შესვენების შემდეგ აშკარად ძალები აღარ ეყოთ. ბურთს თითქმის მუდმივად ქართველები ფლობდნენ, ჭანტურია ისევ ყველაზე მეტად ამწვავებდა შეტევებს და გოლი თითქოს მწიფდებოდა, მაგრამ ცოტა დააგვიანა.
ქეცბაიამ გადანაცვლებები გააკეთა: საყრდენ ზონაში დაუშვილი შეუწყვილა კანკავას, შეტევაში კი ჭანტურია მარჯვენა გარემარბად გაამწესა, ოქრიაშვილი თავდამსხმაში გადასწია, ხოლო ანანიძე – მარცხენა ფლანგზე. ვაკო ყაზაიშვილი კი გამთამაშებლად მოგვევლინა.
სანამ 2:0 გახდებოდა, ლორიას მოუხდა საქმეში ჩართვა (მხოლოდ ერთხელ მთელ მატჩში), როცა ბუხელის დარტყმული მოიგერია. სტუმართა კარი კი ბუბა დაუშვილის თავურის შემდეგ გადაარჩინა მეკარე კენგიზმა. გოლს რაც შეეხება: შეცვლაზე შესული დებიუტანტი ყაზაიშვილი ცენტრში კარგად გაისარჯა, ერთ ფეხბურთელს გასცდა და ოქრიაშვილს გაუკეთა მაღალი პასი. თორნიკეს ხელი ჰკრეს საჯარიმოში და პენალტი დაინიშნა, რომელიც ანანიძემ ზუსტად შეასრულა – 2:0.
ბოლო 15 წუთში უფრო ნაყოფიერად თამაში მართებდათ მასპინძლებს, რადგან ლიხტენშტაინი მთლად არეული იყო და უკვე ერთ ზუსტ პასსაც ვეღარ აკეთებდნენ. მეტი სურვილი უნდა ყოფილიყო, რომ დიდი ანგარიშით მოგებისკენ წაეყვანათ საქმე, მაგრამ ტემპში ვერ უტევდნენ ქართველები: მხოლოდ ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, შეცვლაზე შესულმა ბაჩანა ცხადაძემ თითქმის კარის ხაზიდან ააცილა დვალიშვილის კარგი პასის შემდეგ.
ალბათ, ფსიქოლოგიური კუთხითაც კარგი იქნებოდა 3:0 გამარჯვება.
მატჩის შემდეგ:
რენე პაურიხი: “ვიცოდით, რომ ტექნიკურ გუნდთან მოგვიწევდა თამაში. მიუხედავად იმისა, რომ არც უპირატესობა გვქონია და არც ბევრი მომენტი შეგვიქმნია, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. 5 კაციც გვაკლდა. საქართველოდან ყველაზე მეტად ჭანტურიასა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი”.
თემურ ქეცბაია: - კარგია, რომ წელიწადი მოგებით დავიწყეთ. ლიხტენშტაინზე გაცილებით უკეთესი მეტოქეები გვეყოლებიან შესარჩევში, ამიტომაც მეტი მომზადება გვჭირდება. უფრო მეტად უნდა იყვნენ ფეხბურთელები ტონუსში და რაც მთავარია, ვისურვებდი, კლუბებში მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ, ზოგს კი ნაკლებად აქვს.
...დებიუტანტების თამაშს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინიც შედარებით პრაქტიკის გარეშე არიან, დღეს დადებითად შევაფასებდი.
...მეტოქიდან გამომდინარე, გვქონდა საშუალება, რომ დღეს ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყოლოდა. ამიტომაც, გააჩნია მეტოქეს. თუ შემტევი ფეხბურთელები ფორმაში გვეყოლებიან და ყოველ შაბათ-კვირას პრაქტიკა ექნებათ, რატომაც არა, შესაძლოა, ძლიერ გუნდებთანაც ბევრი შემტევი დავაყენოთ. მაგრამ როცა მოთამაშე კარგად არაა მომზადებული, გერმანიასთან შემტევ ფეხბურთზე აწყობა არ გამოვა.
...ჭანტურიას თამაშს დადებითად შევაფასებ. გოლიც გაიტანა. ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობები და იმედია, კიდევ უფრო მომზადებული იქნება შესარჩევისთვის. კობახიძის ცენტრში თამაშს რაც შეეხება, პირველად არ დაგვიყენებია ამ პოზიციაზე. კობახიძის მთავარი პრობლემა კლუბში პრაქტიკის უქონლობაა და არა – ცენტრში გამოყენება.
...ლიხტენშტაინს საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მე ვუყურე მათ თამაშს საბერძნეთთან და იქ ჰქონდათ მომენტები, კონტრშეტევებზე გადადიოდნენ, ჩვენთან კი ამის შანსი არ ჰქონიათ”.
…
5.03. 18:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15000 მაყურებელი
საქართველო-ლიხტენშტაინი 2:0 (1:0)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია (საბა კვირკველია 76), კაშია, გრიგალავა (დავით კვირკველია 46), კანკავა, კობახიძე (დაუშვილი 46), ებრალიძე (ყაზაიშვილი 46), ანანიძე, ოქრიაშვილი (დვალიშვილი 78), ჭანტურია (ცხადაძე 60).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ლიხტენშტაინი: კენგიზი, ვოლფინგერი (გური 85), ერნე (ებერლე 73), კაუფმანი, შტოკლასა, კრისტენი, ილდიზი, ჰესლერი, ბუხელი, ფრიკი (დანილსონი 46), ბურგმაიერი.
მწვრთნელი: რენე პაურიხი.
გოლები: 1:0 ჭანტურია (27 პენ), 2:0 ანანიძე (75 პენ).