ფეხბურთი

23:03 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავსი არ გატყდა

საქართველოს ნაკრებმა ნავსი ვერ გატეხა. ირლანდიის ეროვნულ გუნდს მეექვსედ დაუპირისპირდა და ამდენჯერვე წააგო. მარცხი მართლაც დასანანი აღმოჩნდა, რადგან ირლანდიამ მაშინ გაიტანა, როდესაც უკვე სტადიონზე შეკრებილი ლამის ყველა გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ თემურ ქეცბაიას შეგირდები ქულას აიღებდნენ. თუმცა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ თამაში მსაჯის საბოლოო სასტვენამდე გრძელდება.   

ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლი განსხვავებული ფორმატით ტარდება, რადგან ფინალურ ეტაპზე საფრანგეთში 24 გუნდი ითამაშებს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, 9 ჯუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ევროპის პირველობაზე ავტომატურად ხვდებიან. 8 მესამეაგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს და საფრანგეთში წამსვლელ კიდევ 4 გუნდის ვინაობას გაარკვეს, ხოლო ამ 23 გუნდს, ტურნირის მასპინძელი “სამფეროვნები” დაემატებიან. სხვათა შორის, საფრანგეთის ეროვნული გუნდი I ჯგუფში კონკურსგარეშე ითამაშებს.

უეფამ შესარჩევი ციკლის ყოველი ტური “ფეხბურთის კვირეულად” გამოაცხადა და სათამაშო დღეებიც შეცვალა. ამიტომ, პირველადაა, რომ ევროშესარჩევის მატჩი კვირას გაიმართა. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაშების მსგავსად, პირველად შესარჩევში, ნაკრებები მოედანზე გასვლისას სპეციალურად დამზადებულ თაღთან დადგნენ. აქვე გეტყვით, რომ 7 სექტემბერს ფიფა ფეარ პლეის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს ნაკრებში ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა სოლომონ კვირკველიას, რომელიც დაცვის ცენტრში აკაკი ხუბუტიას და გურამ კაშიას შეუწყვილეს. მარჯვენა მცველად უჩა ლობჟანიძემ ითამაშა.

მარცხენა მცველის პოზიციაზე, მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა. საბოლოოდ გია გრიგალავასა და დავით კვირკველიას შორის არჩევანი, ამ უკანასკნელზე გააკეთა.

ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავა და მურთაზ დაუშვილი მოქმედებდნენ,  მარჯვნიდან თორნიკე ოქრიაშვილი იყო, ხოლო მარცხნიდან ჯანო ანანიძე, შეტევაში ნიკა გელაშვილი.

ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმა, თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე შემადგენლობა არ დაასახელა, მაგრამ გუნდის კაპიტანი რობი კინი, რომელიც  ჟურნალისტების კითხვებს მასთან ერთად პასუხობდა, სასტარტოში დააყენა. აღსანიშნავია, რომ მას ირლანდიელთაგან, საქართველოს კარში ყველაზე მეტი, 5 გოლი გაუტანია. სხვათა შორის, კინს, ჯონ ოშისა და თადარიგში მყოფ მეკარე შეი გივენს, სტუმართაგან ქართველებთან ყველაზე ხშირად უთამაშიათ.

ირლანდია უპირატესობის დაუფლებას თავიდანვე შეეცადა და მარჯვენა ფლანგიდან ჯონ უოლტერსის მიერ სახიფათოდ ჩამოწოდებული ბურთი სოლომონ კვირკველიამ მოიგერია. ცოტა ხანში, მურთაზ დაუშვილმა მოედნის ცენტრში ბურთი მკერდით მეტოქეს დაუგდო, რომელსაც კინი ლორიასთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ კარიდან შორს გამოსულმა ქართველმა მეკარემ ირლანდიელს დაასწრო. თუმცა, ბურთი ეგრევე აუტზე არ მოიგერია და ქომაგები გვარიანად ანერვიულა.

ტაიმის შუაწელში, საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნა ორჯერ შეეძლო. გელაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი ირლანდიელის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. “სტანდარტული” ანანიძემ შეასრულა და სოლომონ კვირკველიამ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო ლობჟანიძემ შორეული კუთხე დროულად ვერ ჩაკეტა.

ირლანდიელთა საპასუხო შეტევას, საქართველოს ნაკრების კარში გოლი მოჰყვა. კინმა მახვილგონივრულად გაატარა ბურთი, რომელიც ჯეიმს მაკარტიმ მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მყოფ ეიდენ მაკგიდის არ დაუგვიანა, ხოლო სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა ანგარიში გახსნა. 

გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთიანად კანკავა შევიდა და არაზუსტად დაარტყა. თან, ტრავმა მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა. ცოტა ხანში, დავით კვირკველია და ვოლტერსი შელაპარაკდნენ, რის გამოც, ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო.

38-ე წუთზე ოქრიაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა: ირლანდიელთა საჯარიმოს მისადგომებთან ორი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით, დევიდ ფორდს შანსი არ დაუტოვა – 1:1.

ტაიმის მიწურულს, გიორგი ლორია მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაშავდა და მეორე ტაიმში კარში როინ კვასხვაძე ჩადგა.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, რომ გლენ ველანმა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. ცოტა ხანში, მარჯვნიდან ვოლტერსის პასის მერე, ქართველების კართან ახლოს მყოფმა კინმა მარცხენა მახვილი კუთხიდან უხეიროდ დაარტყა. ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კინი ორ ქართველ ფეხბურთელს გასცდა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.

ქართველების იმედს, რომ ირლანდიასთან პირველად ქულა აეღოთ, “ცივი წყალი” მაკგიდიმ გადაასხა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოსთან ბურთი ორ მცველ შორის მიიღო, ორივე “გააცურა” და ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი

საქართველო – ირლანდია 1:2 (1:1)

7 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.

საქართველო: ლორია (როინ კვასხვაძე, 46), გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, სოლომონ კვირკველია, ხუბუტია, კანკავა (კ), ოქრიაშვილი (მჭედლიძე, 88), ანანიძე (თარგამაძე, 63), დაუშვილი, გელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ვილსონი, ოში, ველანი, მაკგიდი, მაკარტი (მილერი, 90), კინი  (კ) (ლონგი, 75), ვოლტერსი, უორდი, ქუინი (ბრეიდი, 75).

მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.

გოლი: 0:1 მაკგიდი (23), 1:1 ოქრიაშვილი (38), 1:2 მაკგიდი (90).

გაფრთხილებები: დავით კვირკველია (37), ვოლტერსი (37), ხუბუტია (48), დაუშვილი (83)

მთავარი მსაჯი: ბერნი ბლუმი (ჰოლანდია).

0.721415