მაჰაჩყალის “ანჟიდან” ბაქოს “ინტერში” იჯარით გადასული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი გოლი “სიმურგთან” (2:1) მოგებულ შეხვედრაში გაიტანა, თავის ახალ გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია და ბაქოელთა რიგებში ხანგრძლივი დროით დარჩენას არ გამორიცხავს.
ამ საკითხზე, ნავალოვსკიმ ინტერნეტ-გამოცემა ეხტრატიმე-თან ისაუბრა.
- ადაპტაციის პროცესი ბოლომდე გაიარეთ?
- ამისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. მეგობრული გუნდი გვყავს და ამიტომ, ადაპტაცია სწრაფად გავიარე.
- გუნდში თქვენი თანამემამულეების (გიორგი ლომაია, დავით ოდიკაძე, კახა მჟავანაძე; რედ.) ყოფნამ, ამას ხელი შეუწყო?
- დიახ, თავისი როლი ამ ფაქტორმაც ითამაშა. საერთოდ, გუნდში არსებული ატმოსფეროს მხრივ ყოველთვის მიმართლებდა. “ანჟიშიც” ბევრი ქართველი თანაგუნდელი მყავდა, რომლებთანაც ვმეგობრობდი. ქართველებთან ერთად, გუნდი უფრო მეგობრული ხდება.
- როგორც ცნობილია, “ინტერში” სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებთ. აზერბაიჯანში უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენაზე არ გიფიქრიათ?
- ამ საკითხის განხილვა ჯერ ნაადრევია. ბაქოელებთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში მიმთავრდება. შემდეგ, ალბათ, დავჯდებით და დავილაპარაკებთ. თუ საერთო გადაწყვეტილებამდე მივალთ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში დასარჩენად მზად ვარ. აქ ყოფნა პირველივე დღიდან მომწონს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა