18 წლის იყო, თბილისის "დინამოში" რომ გამოჩნდა და იმ ზაფხულს გია გეგუჩაძის გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა, მისი დიდი დამსახურებაცაა. მაშინ "სლავიასაც" გაუტანა და "ვისლასაც", მაგრამ მარტო გოლებში არაა საქმე: ჯერ კიდევ ჭაბუკობისას დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, მერე თანდათან სიდინჯეც მოემატა, ოღონდ თამაშის მანერა არ შეუცვლია – ტიპური საყრდენი, ან როგორც საუკუნის მიჯნაზე ფრანგ საყრდენებს (მაგალითად, ვიეირას დამაკელელეს) ეძახდნენ, რკინისმკვნეტელი.
კანკავა მაგალითი იყო პირველივე წუთებიდან, როცა ორჯერ ისეთი ართმევა გააკეთა, ფრანგ კომენტატორებს "ბრავო" აძახებინა. თუ არ ვცდები, ცენტრში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი. ერთი შეხედვით, მისი დიაპაზონი დიდი არაა, მაგრამ დაუღალავი და ეფექტურია, შეუძლია ორ-სამ კაცს შორის დატრიალება და ზოგჯერ უიმედო სიტუაციაშიც რომ გაშლის ფეხს, ბურთს აკარგვინებს მეტოქეს. არადა, რა ჯანიანი ფეხბურთელები ჰყავს საფრანგეთს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არ დაჩაგრულა, პირიქით, იქით დაჩაგრა გურამ კაშიას დახმარებით. კაშია არაა საყრდენი და ეს ერთ არაზუსტ პასზეც შეეტყო, როცა კარგი კონტრშეტევის დაწყება შეიძლებოდა, თუმცა "ვიტესის" კაპიტანმაც ბევრი იმუშავა და იბრძოლა.
ჯაბას დავუბრუნდეთ: ის საუკეთესო სეზონს ატარებს. სეზონს, რომელიც დიდი ხნის დაწყებული არაა, მაგრამ "დნიპრომ" "შახტარს" მოუგო, კიევის 'დინამოსთან" გასვლაზე ფრედ ითამაშა და ჯაბა ორივეში საუკეთესო იყო. სიამაყეა, როცა შეხვალ "დნიპროს" საიტზე და პირველივე გვერდზე, "გეროი სეზონა" წერია და ქართველი ფეხბურთელის ფოტოა გამოჭიმული.
არ დაგავიწყდეთ, ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც 2 წელიწადზე მეტი გაუცდა ტრავმის გამო. ზედიზედ სამ მატჩს ვერ აბამდა ერთმანეთზე. რამდენს გაუტყდებოდა გული მის ადგილზე, რამდენი სულაც კარიერას დაამთავრებდა, მაგრამ ჯაბა დაბრუნდა და უკეთესი გახდა, ვიდრე წყეულ ტრავმამდე იყო. ხასიათი!
ის კაპიტანია. მინდორს მიღმა მშვიდია, ბევრს არ ლაპარაკობს, მის ინტერვიუებში ვერ ნახავთ "დაბოლებას" და "მაგრად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა"-ს მსგავსს. დარწმუნებული ვარ, ახლაც არაა ეიფორიაში და თამაშის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უკვე ფინეთთან მატჩზე ფიქრობდა. ასეთია.
თენგიზ სულაქველიძის შემდეგ, ქართულ ფეხბურთს მისი დარი საყრდენი, ალბათ, არ ჰყოლია. და ამაში თუ ვცდები, იმაში კი ნამდვილად არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ერთი ასეთი მატჩი, როგორიც გუშინ კანკავამ საფრანგეთთან, დამოუკიდებლობის პერიოდში არცერთ ქართველ საყრდენს არ ჩაუტარებია. ასეთ თამაშზე თავის დროზე მაკელელე და ვიეირაც მოაწერდნენ ხელს.
ხუბუტია-ამისულაშვილი
ხორვატიასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან, გუშინ – ფაქტია, ქეცბაიას მწვრთნელობისას ნაკრებმა საუკეთესო მატჩები რაც ჩაატარა, დაცვაში აკაკი ხუბუტიასა და ალეკო ამისულაშვილის დუეტი იდგა. ისინი კარგად ავსებენ ერთმანეთს. აქ ერთი მომენტია აღსანიშნავი: თავით კარგად თამაშობენ, ხოლო იმ ტაქტიკას, რასაც ქეცბაია მიმართავს, სწორედაც რომ კარგად ერგებიან. მეტოქე უტევს და ჩაწოდებებზე აკეთებს აქცენტს, შენ კი თავს იცავ და ცდილობ, რომ მაღალი ბურთი არ მოაგებინო მეტოქეს. პოზიციური შეცდომებიც მინიმუმამდე იყო დაყვანილი და აკი ქეცბაიამაც ცალკე აღნიშნა დაცვის ცენტრის გარჯა.
რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობთ, თითქოს მწვრთნელი ამ დუეტს ბრმად უნდა ენდოს, მაგრამ ჩამოთვლილმა თამაშებმა გვაჩვენა, რომ დაცვაში ყველაზე უკეთ სწორედ ეს წყვილი გამოიყურება.
ლობჟანიძის გამოცდა
გია გრიგალავას რამდენჯერმე მიეცა მოედნის ცენტრის გადაკვეთის საშუალება და შეტევაში ჩართვა. ორჯერ კარგადაც გამოუვიდა. უჩა ლობჟანიძეს კი საამისოდ არ ეცალა: მის ფლანგზე ვიღაც კი არა, თავად ფრანკ რიბერი თამაშობდა. იყო შიში, რომ უთამაშებელი, უგუნდოდ მყოფი ლობჟანიძე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გაუძლებდა.
"ბაიერნის" ვარსკვლავი მაინც ყველაზე აქტიური იყო ფრანგებს შორის, მაგრამ ეს თანაგუნდელების სუსტი თამაშის ფონზე. ზოგადად კი, ეს რიბერის კარიერაში საუკეთესო მატჩი რომ არ ყოფილა, რად უნდა ლაპარაკი. და ეს დიდწილად უჩას დამსახურებაა – გაწყდა წელში, თავი შეაკლა მეტოქეს.
ლორიას თუ წაუვიდა...
ევროტურნირების შემდეგ, გიორგი ლორიას კარში დაყენება რისკი იყო, მაგრამ ქეცბაიამ გამოიცნო. საერთოდ, ლორია ძალიან სპეციფიკური მეკარეა – თამაში თუ წაუვიდა, ურტყი საიდანაც გინდა, არ უშვებს. მან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდეც კარგი ბურთები აიღო, აი, ბოლოს კი ისეთ თავურებს გაუმკლავდა, აუღებელს რომ ეძახიან.
ნაკრების ერთმა ფეხბურთელმა მომიყვა, ესპანეთთან თამაშის წინ ყველანი ასე თუ ისე ვნერვიულობდით, ლორია კი მშვიდად იყო და და როცა ვკითხე, ასე მითხრა - არ მაინტერესებს, ვერც ინიესტა გამიტანს, ვერც სილვა და ვერც ვერავინო.
და ნუკრი რევიშვილი? მან ევროტურნირებზე 6 მატჩში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა ("რაპიდის" მეორე გოლი), კარგად ითამაშა ყაზახეთშიც და თითქოს იკითხებოდა, რომ ფრანგებთანაც ის უნდა მდგარიყო კარში. ეტყობა, ვარჯიშებიდან გამომდინარე, მეკარეების მწვრთნელმა მამუკა აბუსერიძემ და ქეცბაიამ ისევ ლორია აირჩიეს. არ შემცდარან – ლორია კედელივით იდგა.
49-ე წუთი
გოლი რომ გასულიყო, ხალხს გაგიჟებამდე ცოტაღა დააკლდებოდა. როგორ არ გაგახსენდებოდა ამისულაშვილის უიღბლობა ესპანეთთან, როცა ძელმა იხსნა იკერ კასილიასის კარი. ახლა კი ოქრიაშვილს დააკლდა ცოტა – სანდრო კობახიძის მშვენიერ გარღევას ჯერ ერთი, შემდეგ მეორე დარტყმაც მიაყოლა. უეჭველად გასატანი იყო, თუმცა ასეთი მომენტები ოქრიაშვილზე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებსაც გაუცუდებიათ. თორნიკემ რეაბილიტაცია კარგი თამაშით მოახერხა – ქართველთა ოთხი შემტევიდან, ის ყველაზე მწვავედ თამაშობდა.
ეიფორიის გარეშე
10 სექტემბერს ფინეთთან მატჩია, სასწორზე კი მესამე ადგილი დევს. პაატელაინენის გუნდი წლეულს შარშანდელზე გაცილებით კარგ შედეგს აჩვენებს: გარდა იმისა, რომ ესპანეთში ქულა აიღო და ბელარუსს კინაღამ ორივე თამაში მოუგო, ამხანაგურებიც კარგად ჩაატარა. ამ მომენტისთვის სკანდინავიელებს ჯგუფში ჩვენზე უკეთესი პოზიცია უკავიათ და ეიფორია დამღუპველი იქნება.
"საფრანგეთს ასე ვეთამაშეთ და ფინეთს რას ვუზამთ" – წუთითაც კი არ უნდა გაიფიქრონ ფეხბურთელებმა. თანაც, ხასიათით განსხვავებულ თამაშს ველით, რომელშიც საქართველომ უნდა შეუტიოს და რომლის მერეც ტაბლოზე პირველი რიცხვი მეორეს უნდა აღემატებოდეს.