“ნაპოლი” ევროპის ლიგაზე “სუონსისთან” გასამართ მატჩს წამყვანი ფეხბურთელების, გონსალო იგუაინისა და პეპე რეინას გარეშე შეხვდება. ამ ინფორმაციას Corriere delo Sport-ი ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, იგუაინს ზურგის ტკივილები აწუხებს, რის გამოც, მან სერია A-ს გასულ ტურში, “სასუოლოსთან” გამართული თამაში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.
იგუაინმა, რომელიც “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიური გუნდის მაისურით 31 თამაში ჩაატარა და 18 გოლის გარდა, თავი 9 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.
“სასუოლოსთან” გამართულ შეხვედრაში საერთოდ ვერ ითამაშა ნეაპოლელთა პირველმა მეკარემ, პეპე რეინამ. ესპანელ კიპერს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია, მაგრამ ივარაუდება, რომ ხუთშაბათს “სუონსისთან” გასამრთ მატჩს ის გამოტოვებს.