რა საჭიროა ოქრო, ვერცხლი და თვალ-მარგალიტი, როდესაც შეგიძლია შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვე, რომ შენთან, შენს ქალაქში, შენს სტადიონზე დიეგო მარადონა თამაშობდა. რა საჭიროა დიდი ცათამბჯენები და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები, როდესაც ოცი წლის წინ, შენც სხვა ნეპოლელებთან ერთად, ”სან პაოლოს” ტრიბუნებზე იჯექი და იტალიის ბობოლა გუნდების დამარცხებით ტკბებოდი... ”ნაპოლის” ქომაგები მთელს ევრობაში ერთ-ერთი გამონაკლისი ხალხია, რომლებსაც საყვარელი გუნდი სერია ”ბ”-ში ჯახირის დროსაც კი არ მოუტოვებიათ და ყოველთვის ახსოვდათ, რომ აუცილებლად ისევ დადგებოდა მათი დროც. დრო, როდესაც ლურჯმაისურიანი ბიჭები ისევ დაიფრენდნენ გრანდებს და მთელი ნეაპოლი ისევ გაღიმებული ივლიდა მატჩიდან-მატჩამდე, გამარჯვებიდან-გამარჯვებამდე...
მარადონა წავიდა, მაგრამ ”ნაპოლი” დარჩა. დარჩა ისეთივე, როგორიც ოცი და ოცდაათი წლის წინ გვახსოვს. მებრძოლი, შეუდრეკელი, სამხრეთელი ტიფოზებისათვის სალოცავი... დღეს ნეაპოლური გუნდი იტალიაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზეც არ ირცხვენს თავს. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, იტალიაში პროცენტულად ყველაზე მეტი ბავშვი სწორედ ”სან პაოლოზე” დადის, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმას, რომ ”ნაპოლი” რაც არ უნდა დაჩაჩანაკდეს, ამ გუნდს ქომაგები არასოდეს მიატოვებენ და ევროპის საფეხბურთო რუკაზე ეს პატარა სამხრეთული ქალაქი ყოველთვის დარჩება.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ნეაპოლზე და ნეაპოლურ მაფიაზე გააკეთეს სიუჟეტი. სიუჟეტში სიტუაცია ისე იყო დახატული, რომ ნეაპოლში თითქოს დღესაც იტალიური მაფია ბობოქრობს და მდგომარეობა გასული საუკუნის 40-იანი წლების იდენტურია. მაფიოზებს, კრიმინალებსა და ათასი ჯურის მამაძაღლებს დღეს იტალიაში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბლომად ნახავთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ ლონდონს, ანდა მეხიკოს მაფიოზები აკონტროლებენ. მაფიოზური კლანების დრო სიცილიასა და ნეაპოლშიც წარსულს ბარდება. დღეს, ”სან პაოლოს” ტრიბუნებს რომ ახმიანებენ, იმ ადამიანების ათასობით წინაპარმა - პატიოსანმა მოსამართლეებმა და პოლიციელებმა და მაფიასთან მებრძოლმა რიგითმა იტალიელებმა თავის ქვეყნისათვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იმდენი ნამდვილად შეძლეს, რომ ნეაპოლი ჩვეულებრივ, ლამაზ იტალიურ ქალაქად ექციათ. მათი ღვაწლის ასე, ერთი არაფრისმომცემი ტელესიუჟეტით გადაფარვა არა და ვერ მოხდება. ამ მებრძოლმა ხალხმა სიცოცხლე გაწირა იმისათვის, რომ მათ შთამომავლებს ქალაქში სიარულის არ შეშინებოდათ და მავანი რეგვენი მაფიოზის ნაცვლად, სალოცავ ხატად ”ნაპოლი” გაეხადათ. ძველი სიცილიური გამოთქმის საპირისპიროდ, იტალიაში მაფია სიკვდილის გზაზეა, ”ნაპოლი” კი სწორედაც რომ უკვდავია!
ცნობილი იტალიელი მსახიობი ქალი - სოფი ლორენი, რომელიც წარმოშობით ნეაპოლიდან გახლავთ, უკვე 83 წლისა მოიყარა, მაგრამ მისი ცქერა არაერთ იტალიელს უხალისებს გულს. ცოტა ხნის წინ, სოფის მეუღლე გარდაეცვალა და ქმრის დაკრძალვის შემდეგ ისეთი რამე თქვა, ათასობით თავისი თაყვანისმცემელი გააოცა. სოფი ლორენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის მოხუცია და როგორც მსახიობი, კარგა ხანია წავიდა დიდი სცენიდან. აგერ ქმარიც გარდაეცვალა და მისმა ქალურობამაც ყოველგვარი აზრი დაკარგა. მაგრამ ერთადერთი, რაც დარჩა, ეს თავისი საყვარელი კლუბი – ”ნაპოლია” და თუკი ოდესმე კიდევ ერთხელ მაინც მოესწრება ნეაპოლური გუნდის ჩემპიონობას, იგი მზადაა, რომ უკანასკნელად ითამაშოს ფილმში, (სადაც თუნდაც გაშიშვლება მოუწიოს) რომელსაც ”ნაპოლის” მიუძღვნის. როდესაც სოფი ლორენის ეს სიტყვები წავიკითხე, რაღა დაგიმალოთ და, ნაპოლელების ძალიან შემშურდა. წარმოგიდგენიათ, რაოდენ ბედნიერია ქალაქი და მისი გუნდი, რომელსაც ასეთი ერთგული და საოცარი ადამიანები გულშემატკივრობენ. უკვე ოც წელზე მეტია, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელია და საყვარელი ქართული კლუბების ასეთი სიყვარულის მაგალითები მე ნამდვილად არ მახსენდება და თქვენ თუ გახსენდებათ, მაშინ დიდი ბოდიში მომიხდია ტყიბულის ”მეშახტის”, თელავის ”კახეთის”, თუ სხვა გუნდების ლორენისავით ერთგული ქომაგებისათვის. არავინ ვიცით, სოფი ლორენი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მოესწრება თუ არა ნეაპოლელების კიდევ ერთ ჩემპიონობას. შესაძლებელია, რომ დადგეს დრო და ”ნაპოლიმ” ისევ რანგით დაბალ ლიგებში ”ჩაყვინთოს”, მაგრამ გუნდი, რომელიც ასე უყვართ და ასეთი დიდებული ქომაგები ჰყავს, ყოველთვის იარსებებს. იარსებებს იქამდე, სანამ ერთი ჭეშმარიტი ნეაპოლელი მაინც იქნება დედამიწაზე!
ლევან სეფისკვერაძე