თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართული პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის “ვარკსვლავთა ტურნირი” სწრაფ ჭადრაკში, ნანა ძაგნიძის გამარჯვებით დასრულდა. ნანას ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა - პირველ სამ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულის მოგროვება შესძლო, ხოლო მომდევნო 8 ტურში 7 მატჩი მოიგო და ერთი ყაიმით დაასრულა.
ბოლო, მე-11 ტურის დაწყებამდე, ძაგნიძეს 7 ქულა ჰქონდა, ხოლო მის კონკურენტებს, კატერინა ლაჰნოს 7 ქულა და პია კრამლინგს 7,5 ქულა. ბოლო ტურში, ლაჰნომ და კრამლინგმა ერთმანეთში ფრედ ითამაშეს და კრამლინგს 8 ქულა გაუხდა. ძაგნიძეს, ბოლო ტურში, ტატიანა კოსინცევასთან, მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდა. ნანა შავი ფიგურებით თამაშობდა. დებიუტში თანაბარი პოზიცია ჰქონდა ორივე მოჭადრაკეს, მაგრამ ენდშპილისკენ, ძაგნიძემ მოახერხა ხარისხის მოგება, შემდეგ კი დააშამათა მეტოქე. ნანამ და შვედმა პია კრამლინგმა 8-8 ქულა დააგროვეს, ამიტომ დაინიშნა დამატებითი ორი მატჩი, სადაც მოთამაშეებს მხოლოდ 5-5 წუთი ჰქონდათ. პირველი პარტია ნანამ შავი ფიგურებით ითამაშა და ფრედ დაასრულა. ორივე მოჭადრაკე ფრთხილობდა, არ მიდიოდნენ ზედმეტ რისკზე, რის შედეგადაც, მეორე პარტიაც ფრედ დასრულდა. დაინიშნა მესამე, გადამწყვეტი პარტია, ე.წ. “არამაგედონი”, სადაც თეთრებს 5 წუთი მიეცემა და გამარჯვებისთვის პარტიის მოგება სჭირდება, შავებს კი, გამარჯვებისთვის ფრეც აკმაყოფილებს, მაგრამ მხოლოდ 4 წუთი აქვს. კენჭისყრის შედეგად, ძაგნიძეს შავი ფიგურები ხვდა წილად. თამაში საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, მოჭადრაკეებმა სწრაფად გაცვალეს ფიგურები, ენდშპილში კი, ძაგნიძემ მეტოქეს 2 პაიკი მოუგო და კრამლინგს დროც დაუმთავრდა.
მეორე ქართველმა მოჭადრაკემ, მაია ჩიბურდანიძემ 11 პარტიიდან 3 მოიგო, 6 ფრედ დაამთავრა და 2 წააგო, საბოლოდ კი 5-ე ადგილი დაიკავა.
გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “ტურნირმა წარმატებით ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლებთ”
ნანა ძაგნიძე: “გადამწყვეტ პარტიაში, ვთვლი, რომ მეტოქეზე მეტი ძალა შემრჩა და სწორედ ამიტომ გავიმარჯვე.”
მაია ჩიბურდანიძე: “პირველ რიგში, ვულოცავ ნანას გამარჯვებას და მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს.”
სატურნირო მდგომარეობა:
ნან ძაგნიძე (საქართელო) - 8,0
პია კრამლინგი (შვედეთი) - 8,0
კატერინა ლაჰნო (უკრაინა) - 7,5
ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - 7,0
მაია ჩიბურდაიძე (საქართელო) - 6,0
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - 5,5
ალექსანდრა კოსტენუკი (რუსეთი) - 5,5
ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - 5,0
ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - 4,5
ანა ზატონსკიხი (აშშ) - 4,5
ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - 3,5
ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) - 1,0
ლაშა ქოიავა