სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრემენის “ვერდერში“ მობურთალმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნალდომ ზურგზე უზარმაზარი ჯვარი ამოისვირინგა. ეს ჯვარი სიმბოლურად ქრისტეს ჯვარცმას გამოხატავს. ნალდოს ღვთისმგმობი ტატუ გერმანიაში დღემდე გარჩევის საგნადაა ქცეული და პურიტანი გერმანელები ბრაზილიელს ამის გამო წამდაუწუმ აკრიტიკებენ.
ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელ ფეხბურთელს თავისმა ტატუმ პირად ცხოვრებაშიც შეუქმნა პრობლემა. ნალდოს მეუღლე - ჯულიანა, რომელიც ღრმად მორწმუნე კათოლიკურ ოჯახშია აღზრდილი, 25 დეკემბერს ბერლინში, დიდ კათოლიკურ კათედრალში, თავის ორ შვილთან ერთად საშობაო წირვას დაესწრო. წირვაზე მისვლას ბრაზილიელი ფეხბურთელიც აპირებდა, მაგრამ ცოტა შეაგვიანდა.
წირვა უკვე სრულდებოდა, როდესაც ნალდომ ცოლ-შვილს ტაძარში მიაკითხა და მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იგი ეკლესიის მსახურებმა ტაძარში არ შეუშვეს. ეკლესიაში ბრაზილიელის არშეშვების მიზეზი, რასაკვირველია, მისი ტატუ იყო, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მესვეურების აზრით, ღვთის გმობაა და სხვა არაფერი. როგორც ნალდოს მეუღლე ამბობს, იგი ყველანაირად ეცდება, რომ ქმარი ჯვრისგამოსახულებიანი ტატუს მოშორებაში დაარწმუნოს, თუმცა, ამის იმედი დიდად არც მას აქვს.