თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატამდე ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბერძენ-რომაელები კი უცხოურ ხალიჩაზე ერთხელ გავლენ. 29 მარტიდან 3 აპრილამდე, დორტმუნდში ჩასატარებელი ევროპირველობისთვის სამზადისის შესახებ ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ მიაწოდა.
“თავისუფალი სტილით მოჭიდავეები თურქეთიდან დაბრუნებიდან სამიოდ დღეში დუშეთში გაემგზავრებიან, შეკრების გასავლელად. ვარჯიშები 18 თებერვლიდან 3 მარტამდე გაგრძელდება. 4-5 მარტს, ნაკრების უმთავრესი კანდიდატები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავებენ. 12-13 მარტს მახაჩყალაში, მსოფლიოს თასზე კი ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ჩავა, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი სპორტსმენები ზედმეტად რომ არ დაიტვირთონ. დასკვნით შეკრებას ნაკრები 15-26 მარტს, ისევ დუშეთში გაივლის. კლასიკოსები უკვე მეორე კვირაა, სომხეთში, წახკაძორის ბაზაზე ვარჯიშობენ. თბილისში დაბრუნებიდან ერთ კვირაში - 25-27 თებერვალს, ნაკრების ლიდერები ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვებიან. ამ შეჯიბრის შემდეგ, ქართულ ევროსამზადისში მხოლოდ შეკრებები დარჩება. დასკვნით შეკრებას 18-30 მარტს, დუშეთი უმასპინძლებს” – განაცხადა მალხაზ ჯორბენაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე