ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, თბილისში ჩამოსული უზბეკი ჟურნალისტი გავიცანი. სახელად გენდი, რომლებსაც რუსები გენას ეძახდნენ, ქართველები კი გენადას. ჩვეულებრივი ტიპური შუააზიელი ბიჭი იყო. წყნარი, ერთთავად ღიმილიანი და სხვისი საუბრის მოსმენის მოყვარე. საუბარი ფეხბურთზე როდესაც ჩამოვარდა, გენდის ქართველი მასპინძელი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფეხბურთზე ალაპარაკდა და რა თქმა უნდა, ძველი თბილისის “დინამოს” ქებასაც მოჰყვა. მართალია, გენდი პოლიტიკაზე წერდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთიც ძალიან უყვარდა. უსმინა, უსმინა ჩვენს ტრაბახს და ბოლოს გვკითხა: “იცით მე რომელ კლუბს ვგულშემატკივრობ? გაგიგიათ “ბუნედკორი?” სახელი კი მეცნო, მაგრამ აბა უზბეკური გუნდის რაობის გახსენებას ეხუმრებით? მერე ირონიულად ჩაიცინა და გვითხრა “იცით, ჩემს გუნდში რივალდო თამაშობს. აი ის, “ნამდვილი” რივალდო! დიდი რივალდო!”
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ როდესაც სადმე რივალდოს შესახებ ამბავს მოვკრავ ყურს, ანდა რივალდოს გულშემატკივარ ქართველებს ვხვდები, სულ ის უზბეკი ბიჭი მახსენდება, რომელმაც რივალდოს სახელით ქართველებს დაგვანახა, თუ რამხელა სიამაყე შეიძლება მიანიჭოს ადამიანს მის სამშობლოში დიდი ფეხბურთელის თამაშმა და როგორ შეიძლება ყოველგვარი ტრაბახის გარეშე თქვა ერთი სიტყვა – “რივალდო” და ამ სიტყვით ყველაფერი იქნება ნათქვამი!
ვიტორ ბორბა ფერეირა, იგივე რივალდო, წლების მანძილზე ჩვენი დიდი “მეგობარი” იყო. “ჩვენში” ფეხბურთის ყველა მოყვარულს ვგულისხმობ და მათ შორის მათაც, ვისაც ბრაზილიური ფეხბურთი მაინცა და მაინც არ უყვართ. რივალდოს ყველა თამაში იყო დიდი დრამა და ამ დრამებში, როგორც წესი, მთავარი გმირიცა და “სცენარისტიც”, ყოველთვის რივალდო იყო. ამ საოცარმა კაცმა ბევრს სულ სხვა თვალით დაანახა ლათინოამერიკული ფეხბურთის ხიბლი და ეშხი. რივალდო ყოველთვის იყო ჩვენი “მეგობარი”, ერთი თავმდაბალი და ნაღვლიანი კაცი. კაცი მძიმე ბავშვობიდან, რომელმაც თავისი ცხოვრებაცა და კარიერაც მძიმე შრომის შედეგად შექმნა.
ზოგადად წასაკითხადაც კი ძალიან მძიმეა ბრაზილიელი ფეხბურთელების უმეტესობის ბიოგრაფია. გაჭირვებით ბრაზილიელები საქართველოში მცხოვრებთ ნაკლებად გააკვირვებენ, მაგრამ “ბორბას” ბავშვობა მაინც განსაკუთრბულად ტკივილიანი იყო. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდას, ცხოვრებაში გეზის მიმცემი ერთადერთი ადამიანი გამოაკლდა და ამ ტრაგედიის გადატანას წლები დასჭირდა. 1989 წელს, როდესაც რივალდო 17 წლის იყო, მისი მამა, ვიტორ გომეშ ფერეირა ტრაგიკულად გარდაიცვალა. სამსახურიდან მძიმე შრომის შემდეგ დაბრუნების დროს, რივალდოს მამას ავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, როდესაც “ბორბა” უკვე “ბარსელონას” ვარსკვლავი იყო, იხსენებდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, საშინლად შესძულდა ავტობუსი და ყოველთვის ცდილობდა, რომ სხვადასხვა ქალაქებში სათამაშოდ როდესაც ჩადიოდა, ავტობუსით მგზავრობისათვის რაიმენაირად თავი აერიდებინა. “არც კი ვიცი, როგორ ახერხებდა მამაჩემი 50 დოლარიანი ხელფასით ჩემი და ჩემი უფროსი ძმების გამოკვებას. ჩვენი მშობლები ნახევრად მშივრები იყვნენ და საჭმელს ბავშვებს გვინაწილებდნენ” – ამავე ინტერვიუში იხსენებს რივალდო.
ალბათ ყველას გვახსოვს რივალდოს შესრულებული საოცარი დარტყმები და დიდებული გოლები. ყველა გუნდში სადაც კი მას უთამაშია, როგორც სათამაშო კლასით, ასევე პიროვნული თვისებებით იმდენად დიდი კვალი დატოვა რომ, ნაგიჟარ ჯენარო გატუზოსაც კი ეს სიტყვები ათქმევინა: “რივალდო არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, დიდი ადამინიაცაა! ვამაყობ, რომ მას ჩემ მეგობრად ვთვლი”.
ფეხბურთი ერთ ადგილზე გაყინული ფენომენი არაა. ძველ ვარსკვლავებს ახლები ანაცვლებენ და ძველი ქომაგების ნაცვლად, ტრიბუნას სხვა ადამიანები მაინც გაავსებენ. მაგრამ, ვისაც ვიტორ ბორბა ფერეირას თამაში უნახავს, მას არასოდეს დაავიწყდება განცდა იმისა, რომ რაღაც განსაკუთრებულის მხილველნი ვიყავით. ალბათ, ახლა უფრო ვხვდებით ამას...
ლევან სეფისკვერაძე