ხუთშაბათს, ქართულმა გუნდებმა მორიგი ევროსეზონი ტრადიციულად, ჭრიალით ჩაამთავრეს და ახლა წყნარად შეუძლიათ საშინაო ამბებზე გადართვა, თუმცა გვგონია, რომ ევროკოშმარი მათ ფსიქოლოგიურ განწყობაზე მაინც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს.
IV ტური
ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი)
31 აგვისტო. განმუხური. ცენტრალური. 17:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი კახელიშვილი (“სიონი”)
“ზუგდიდს” განმუხურში წლეულს თამაში არ მოუგია და ეგებ “სიონთან” გატეხოს ნავსი. წინა ტურში ჭყონდიდელებმა სამტრედიაში “მერანთან” წააგეს და 3 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან. ბოლნისელები კი პირიქით, ჩემპიონატშიც მე-2 ადგილზე დგანან და ქვეყნის თასის 1/16 ფინალში სტუ-ს 6:1 მოუგეს, ამიტომ ზღვისპირეთს კარგი განწყობით ესტუმრებიან. ეგ არის, გიორგი კახელიშვილი არ ეყოლებათ, რომელიც სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამ თამაშს გამოტოვებს და ამასთანავე 500 ლარს გადაიხდის. მიზეზი? “სიონი”-“გურიას” დაპირისპირების დროს, კახელიშვილმა მსაჯის სასტვენის შემდეგ, ლანჩხუთელთა კამერუნელ ლეგიონერს ჩუენსუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ, ამ ფაქტზე მთავარმა მსაჯმა დავით სანოძემ რეაქცია არ მოახდინა. თუმცა, ხსენებულ მატჩში მსაჯების დამკვირვებელმა მერაბ მალაღურაძემ მომხდარი დააფიქსირა და სადისციპლინო კომიტეტს სამსჯელოდ გადასცა.M
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი)
31 აგვისტო. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი ადამაძე (“ვიტ ჯორჯია”)
ვიტელებმა წინა ტურში შინ “ჩიხურასთან” წააგეს (0:2) და პირველიდან ერთბაშად მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდნენ, ამიტომ, მარტვილელებთან საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას შეეცდებიან. თუმცა, არც მერანელები არიან ჯაბანნი, 3 ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვეს და საპატიო მე-3 ადგილზე დგანან.
ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი
1 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 17:00
დისკვალიფიცირებული: დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
მართალია, “ჩიხურა” საშინაო მატჩებს ივანწმინდაში ვეღარ ატარებს, მაგრამ ევროთასების წინ გავლილმა ნაყოფიერმა შეკრებამ შედეგი გამოიღო და სოსო ფრუიძის შეგირდები სადღეისოდ სატურნირო ცხრილს მეთაურობენ. წინა ტურში, მცხეთაში, ლიდერ “ვიტ ჯორჯიას” მნიშვნელოვანი მატჩი მოუგეს (2:0) და ზესტაფონელებს ქუთაისში თავდაჯერებულები დაუხვდებიან.
ზესტაფონელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მათი პირველი გუნდი ზესტაფონში 28 აგვისტოს შეიკრიბა და მორიგი იმერული დერბისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. მომავალი მატჩისთვის გუნდი, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ერთადერთი (თუ არ ჩავთვლით იგორ იელიჩს, რომელიც სერბეთში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს გადის) გამონაკლისია გიორგი ჭანკოტაძე, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდება.
დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი)
1 სექტემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი დევდარიანი (“დილას” მთავარი მწვრთნელი)
გორის”დილა” საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ ვითარებაში დაუხვდება რუსთაველებს. ერთი რომ, ევროპის ლიგის პლეი ოფში ავსტრიულ “რაპიდთან” განცდილ მარცხს (0:3) ჯერ კიდევ გათავისება და მონელება უნდა, მეორეც, 30 აგვისტოს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე მათ დამრიგებელ გიორგი დევდარიანს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს და 600-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დევდარიანმა ეს სასჯელი მე-2 ტურში, თბილისის “დინამოსთან” მატჩში (1:1) მთავარი არბიტრის თორნიკე გვანცელაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მიიღო. ასე რომ, მატჩის მსვლელობისას, დევდარიანი სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტსაჟს საზოგადოებერივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი)
1 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:00
Dდისკვალიფიცირებული: ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”)
უმაღლესში დაბრუნებულმა “სპარტაკმა” სეზონი კარგად ვერ დაიწყო. ორივე სასტარტო მატჩი წააგო (“მერანთან” 1:2, “სიონთან” 0:2), თუმცა, ქვეყნის თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში ქვედალიგელი “ჭიათურა” 4:1 გაანადგურა და გუნება ოდნავ გამოიკეთა. ჩემპიონატში ცხინვალელებს ჯერ ქულაც ვერ მოუპოვებიათ და სავარაუდოდ, ქუთაისელებს იოლად არაფერს დაუთმობენ. თავის მხრივ, ქუთათურებიც სერიოზულად ემზადებიან, უკვე რამდენიმე დღეა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობენ და არაფრის დათმობას აპირებენ.
Gგურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი)
2 სექტემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00
Eეს შეხვედრა, ლანჩხუთელებს, წესით, საკუთარ “ევგრაფი შევარდნაძეზე” უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, იქ ჯერჯერობით ისევ ტექნიკური პრობლემებია და გურულები თბილისელებს ქობულეთის “ჩელე არენაზე” დაუხვდებიან. ლონდონიდან დაბრუნებული დინამოელების მდგომარეობა კი ალბათ, მხოლოდ მათმა დამრიგებელმა, დუშან უჰრინმა უწყის. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონებმა ხუთშაბათს საკუთარ ბაზაზე ჩვეულებრივ ივარჯიშეს და ჩანს, მატჩისთვის მზად არიან.
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
1. | ჩიხურა | 3 | 2 | 0 | 1 | 7 :4 | 6 | |
2. | სიონი | 3 | 2 | 0 | 1 | 5:2 | 6 | |
3. | მერანი | 3 | 2 | 0 | 1 | 4:2 | 6 | |
4. | მეტალურგი | 3 | 1 | 2 | 0 | 4:3 | 5 | |
5. | ტორპედო | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:2 | 4 | |
7. | დინამო თბილისი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
8. | დილა | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
9. | გურია | 3 | 1 | 0 | 2 | 1:5 | 3 | |
10. | ზესტაფონი | 3 | 0 | 1 | 2 | 3:5 | 1 | |
11. | ზუგდიდი | 3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 | |
12. | სპარტაკი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
www.fczestafoni.ge-ს ფოტო