დიდხნიანი შესვენების შემდეგ, ჩოგბურთის მოყვარულებს ისევ მიეცათ საშუალება ენახათ კლასიკა - რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ. ამჯერად ესპანელის და შვეიცარიელის გზები ინდიან უელსის მეოთხედფინალში გადაიკვეთა. მძიმე ტრავმის შემდეგ დიდ ჩოგბურთში ახლახან მობრუნებულმა მალიორკელმა საკმაოდ იოლად, 2 სეტში დაამარცხა ლეგენდარული როჯერ ფედერერი 6:4, 6:2.
მატჩი ორივე ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო და წარმატებით ახერხებდნენ საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნებას. სეტის მეორე ნახევარში, ეგრეთ წოდებულ "მნიშვნელოვან მეშვიდე გეიმში" ესპანელმა სათამაშო ტემპს მოუმატა, ფედერერმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა ზედიზედ და ნადალმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებია სეტის საკუთარ გამარჯვებამდე მიყვანა 6:4.
მეორე პარტიის სტარტზე რაფაელმა კარგად ისარგებლა როჯერის მცირე ჩავარდნით და საწყის სამ გეიმში კიდევ ორჯერ '"დააბრეიკა" მეტოქე 3:0. შვეიცარიელმა გაიბრძოლა, ერთხელ შეძლო ნადალის ჩაწოდებაზე გეიმის აღება, თუმცა სეტის მიწურულს ნადალმა ფედერერის მოწოდებაზე ბრწყინვალე გარჯის წყალობით საბოლოო წერტილი დასვა მატჩში 6:2.
შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნადალმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი მხოლოდ ერთხელ დათმო. "რაფას" ანგარიშზე 4 ეისი გახლდათ, ხოლო ფედერერმა 1 ეისის წილ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. დღევანდელი წარმატების შემდეგ ნადალმა "მხიარულ როჯერთან" ურთიერთშეხვედრების ისტორიაში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა 19:11.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ პრობლემების გარეშე სძლია სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს 6:4, 6:4.