ფეხბურთი

15:29 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანის სკანდალური საგა

ამ ზაფხულს ევროპაში ლამის ყველაზე სასურველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარისა” და სომხეთის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი გახდა. ცოტა ხნის წინათ “ლივერპულში” მისი გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბები ჯერჯერობით სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან. “ლივერპული” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის, დონეცკელებს ეცოტავებათ. ამასობაში საქმეში მახაჩყალის “ანჟიც” ჩაერთო. გაზეთ “იზვესტიას” ინფორმაციით, დაღესტნური კლუბის წარმომადგენლები მხითარიანს ერევანში შეხვდნენ და გუს ჰიდინკის გუნდში გადასვლა შესთავაზეს. “ანჟის” აგენტები უკვე ”შახტარის” წარმომადგენლებთანაც მორიგებულან და ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში მის ტრანსფერში 35 მილიონ ევროს იხდიან.

თავად მხითარიანს ჯერ პასუხი არ უთქვამს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. კიევის “დინამოს” ლეგენდარული ნახევარმცველი, ლეონიდ ბურიაკი კი ამბობს: “ვერ გეტყვით, რას ფიქრობს თავად მხითარიანი. თუ მას ფულის გაკეთება უნდა, ეს საქმის ერთი მხარეა, ხოლო თუ უმაღლეს დონეზე თამაში სურს, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეს. გენრიხი კარგი ფეხბურთელი და ჩინებული ადამიანია. ვფიქრობ, სწორ არჩევანს გააკეთებს. საერთოდ ფეხბურთში აღარაფერი მიკვირს, ბევრი მოთამაშე ლეგენდარულ კლუბებს მატერიალური კეთილდღეობის მიზნით ტოვებს.”

The Daily Mail-ი წერს, რომ მხითარიანით ლონდონის “ტოტენჰემი” და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისტი, დორტმუნდის “ბორუსიაც” არიან დაინტერესებულნი. ისინი “ლივერპულისთვის” კონკურენციის გაწევას შეეცდებიან.

“მსოფლიო სპორტი” თბილისის “დინამოსთან” ამხანაგური მატჩის (რომელიც დინამოელებმა 1:0 მოიგეს) წინ წერდა, რომ მხითარიანი “შახტარის” ავსტრიულ შეკრებაზე არ გამოჩენილა. ამ დღეებში ის ჯერ ერევნის პრესტუჟულ რესტორანში უნახავთ მეგობრებთან ერთად, შემდეგ ლონდონში, თითქოს “ლივერპულის” წარმომადგენლების გარემოცვაში. ჩანს, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო საგას სკანდალის სუნიც უდის.

ყველაზე საინტერესო ამბებს კი ფეხბურთელის ყოფილი აგენტი, დმიტრი სელიუკი ჰყვება: “თავის დროზე სომხურ დიასპორასთან უსიამოვნება მომივიდა და მხითარიანს ჩემთან ლაპარაკი აუკრძალეს, - ამბობს სელიუკი, - მან სხვა აგენტი - მინო რაიოლა აიყვანა, რომელიც მთლად პატიოსანი კაცი არ უნდა ჩანდეს. მან გენრიხს ტვინი აურია და ”შახტარის” დატოვება გადააწყვეტინა. შეკრებაზეც ამიტომ არ გამოცხადდა. ვშიშობ, ამ სიტუაციამ გენრიხს კარიერა არ გაუფუჭოს. მას კარგად არ აქვს გათავისებული ვისთან აქვს საქმე. “შახტართან” ხუმრობა ძალიან სახიფათოა. დონეცკელთა კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლო “გაქცევის” ვარიანტი გაითვალისწინა და კონტრაქტში ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვითაც, თვითნებურად წასვლის შემთხვევაში, მხითარიანმა 30 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. თან მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ფული ლეგალური გზით აქვს ნაშოვნი. ამას თუ 52 პროცენტიან ბეგარასაც დავუმატებთ, იმხელა თანხა გამოვა, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი სერიოზული ევროპული კლუბი არ გადაიხდის.

თუმცა, ამ სიტუაციაში, შესაძლოა, მხოლოდ აგენტი არ იყოს დამნაშავე, რადგან “შახტარი” მხოლოდ სანახევროდ ფლობს მხითარიანზე უფლებებს. მეორე ნახევარს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი - ოლეგ მკრტჩიანი ფლობენ. ეს უკანასკნელი ასევე დონეცკის “მეტალურგის”, კრასნოდარის “ყუბანისა” და ერევნის ”ბანანცის” აქციონერიცაა. ბოლო დროს სომხური ფეხბურთი ტალანტებით არ გამოირჩევა და ეტყობა ნიჭიერი მხითარიანის სათავისოდ გამოყენება მანამ უნდათ, სანამ ის კარიერის პიკზეა.”

0.115132