ჭიდაობა

12:17 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მურთაზალიევმა უსამართლობა ახსენა

2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე საგიდ მურთაზალიევი თავის ოქროს მედალს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პროტესტის ნიშნად უკან გაუგზავნის, თუკი ეს უკანასკნელი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობას არ დააბრუნებს.
რუსეთის ნაკრების დაღესტნელმა წევრმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგს წერილით მიმართა და ტექსტის შინაარსი ოფიციალურად გაავრცელა. მურთაზალიევი როგს ახსენებს, რომ ჭიდაობა ტრადიციული, ვაჟკაცური სპორტის სახეობაა და მისი ოლიმპიური სახეობებიდან ამოწერა დიდი უსამართლობა იქნება.
შეგახსენებთ, ოლიმპიური სახეობებიდან ჭიდაობის ამოღების წინასწარი გადაწყვეტილება სოკ-მა ახლახან მიიღო. ერთ-ერთ უმთავრეს ოფიციალურ მიზეზად ამ სახეობის დაბალი რეიტინგი დასახელდა, მაგრამ გაცილებით რეალური მიზეზი ჭიდაობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებული კორუფცია.
უცნაური კი ისაა, რომ ოლიმპიური კომიტეტისგან ჭიდაობის დასჯას ყველაზე ხმამაღლა ის ხალხი აკრიტიკებს, ვისი სახელიც ამ სახეობის საეჭვო რეპუტაციასთან პირდაპირ კავშირშია. შეგახსენებთ სიდნეის ოლიმპიადის ნახევარფინალში საგიდ მურთაზალიევმა ელდარ კურტანიძე დაამარცხა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფინალის საგზური ბინძური ჭიდაობით და მსაჯების “დაბრმავებით” გაინაღდა. მერე კი ჩემპიონიც გახდა, ხოლო კურტანიძემ მესამე ადგილი დაიკავა.
ასეთი უსამართლობების მთელი დასტა რომ არა, არც ჭიდაობას დაემუქრებოდა ოლიმპიადის მიღმა დარჩენის საფრთხე და... ვერც საგიდ მურთაზალიევი გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი.


0.126492