ბოლო დღეებში ძალიან აქტუალური გახდა სახელმწიფოს როლი საბიუჯეტო თუ კერძო კლუბების დაფინანსების საკითხში. გორში, შემდეგ კი ზესტაფონში დიდი მღელვარება იყო. საქმე ბოლომდე ჯერაც არ გარკვეულა, თუმცა ორივე გუნდის წარმომადგენლებს სპორტული თუ რაიონის ჩინოვნიკები დახმარებას დაჰპირდნენ და თითქოს ვნებათაღელვა ოდნავ ჩაცხრა. რა ბედი ელით ქართულ კლუბებს და როგორ ითანამშრომლებს მათთან სახელმწიფო, უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამადე კი “მსოფლიო სპორტი” ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანს, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, ამჟამად კი ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცეპრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრებების კურატორს, მურთაზ ხურცილავას ესაუბრა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ჩემიონატში აუცილებლად 16 გუნდი უნდა თამაშობდეს.
- ბ-ნო, მურთაზ, შევიტყვეთ, რომ 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის მომხრე ყოფილხართ.
- ადრეც ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს 16 გუნდი. ეს აუცილებელია. ამას დაამატეთ თასის გათამაშება და ფეხბურთელებს მატჩებიც საკმაოდ მოუგროვდებათ. ზოგი ამბობს, ასე ხომ 40-45 მატჩი გამოუვათ სეზონში, რა ამბავიაო. მაშინ ევროპაში 70-80 და კიდევ უფრო მეტს რომ თამაშობენ, იმათთვის არ არის ბევრი?
- გასაგებია, მაგრამ ფინანსურ ასპექტს რა ვუყოთ? 16 კი არა, დღეს 12 გუნდია უმაღლესში და ზამთარში ნახევარი ლამის დაიშალა.
- მართალი ბრძანდებით, ამ პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - სახელმწიფო აქტიურად უნდა დაეხმაროს ფეხბურთს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ამას უნდა დაჯდომა, მოფიქრება, სპეციალისტების ჩართვა. თითქმის მთელ მსოფლიოში ასეა. თუ უნდათ საქართველოში ფეხბურთი არსებობდეს, აუცილებლად უნდა დაუძახონ ბიზნესმენებს და ერთობლივად გადაწყვიტონ ეს პრობლემა.
- ბიზნესმენებს ნაკლებად აინტერესებთ ქართული კლუბები. ამბობენ, წამგებიანი საქმიანობააო და ვერც გაამტყუნებ. ენთუზიასტი თუ გამოჩნდება ხოლმე ვინმე. არადა, ასეთებიც ერთეულები არიან...
- არ ინტერესდებიან იმიტომ, რომ შენც ხომ უნდა შეუწყო ხელი?! დღევანდელ გაჭირვებულ პირობებში გუნდებს როგორ უნდა გადაახდევინო წყლის, შუქის და მინდვრის საფასური? მთავრობა გვერდში უნდა დაუდგეს გუნდებს, ეს აუცილებელია. და კიდევ ერთი ასპექტი: ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციას. აბა, ნახეთ, რამდენ ტრადიციულ ქალაქშია დღეს ფეხბურთი განვითარებული? ფოთის “კოლხეთი”, ქვეყნის უძველესი გუნდი, საკუთარ 100 წლისთავზე უმაღლესიდან გავარდა. საცოდაობა არ არის, ბორის პაიჭაძის შთამომავლები ასეთ დღეში იყვნენ? ბათუმს არც ბაზა აქვს, არც სტადიონი, სამტრედიას ნორმალური გუნდი არ ჰყავს, არადა ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები კახა კალაძე იქიდანაა წარმოშობით, ლანჩხუთის “გურია” ახლა დაბრუნდა უმაღლესში, 11 წელიწადს გავარდნილი იყო და კინაღამ დაიშალა. ნუთუ კახეთის მთელ რეგიონს არ შეუძლია ერთი გუნდის შენახვა? ევროპის 1960 წლის ჩემპიონი გივი ჩოხელი ხომ იქიდან წამოვიდა. იმავე სამეგრელოს, იმერეთს, გურიას რამდენიმე გუნდის შენახვა არ უნდა შეეძლოთ? ყველა რეგიონმა უდიდესი ვარსკვლავები მისცა ქართულ ფეხბურთს, ახლა ყველას არ ჩამოვთვლი, თორემ ვიღაც შეიძლება გამომრჩეს და ეწყინებათ (იცინის). მთავარია, მთავრობის ნება იყოს. ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე ვესაუბრე და დავინახე, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს. დარწმუნებული ვარ, პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს და სამთავრობო დონეზე ფეხბურთს დიდ ყურადღებას მიექცევა.
- ჩემპიონატის დღევანდელი სისტემა თუ მოგწონთ?
- არა. რა მოსაწონია? ერთი ექვსეული, მეორე ექვსეული... ვფიქრობ, ეს საცდელი ვარიანტია და მალე ჩვეულებრივ ფორმატს დაუბრუნდება. საერთოდ, მგონია, რომ ფეხბურთში არაფერი უნდა შეიცვალოს, არც წესები, არც მსაჯების რაოდენობა, თორემ უინტერესო გახდება. ზოგჯერ სწორედ არბიტრების შეცდომები უფრო მიმზიდველს ხდის სანახაობას, მიდის შემდეგ კამათი, უნდა ჩაეთვალა, არ უნდა ჩაეთვალა და ამით ინტერესი იზრდება. აბა ესაა საქმე, ახლა 9 მსაჯი უყურებს თამაშს და მაინც ვერაფერს ხედავენ?
- ახლახან საუბარი იყო აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე. ყაზახებმა უკვე უარი თქვეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურია ასეთი პროექტი?
- თავისი პლუს-მინუსები აქვს. განსაკუთრებით გულშემატკივრისთვის იქნება საინტერესო. სხვა ქვეყნის, სხვა რჯულის კაცს ეთამაშები, ამიტომაა მიმზიდველი. ჩვენთან ან “დინამო” გახდება ჩემპიონი, ან “ზესტაფონი”, მაგრამ პირველობა საქართველოდან ხომ არსად წავა? იქ კი სხვებს ეთამაშები. იდეა კარგია, მაგრამ მისი განხორციელება ალბათ ძნელი იქნება, თუნდაც სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ.
- რატომ აღარ გვყავს ვარსკვლაები?
- თაობა უნდა მოვიდეს. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. თუნდაც ბრაზილიას შევხედოთ, ცხადია, ჰყავთ ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ადრინდელივით გამორჩეულები აღარ არიან. ჩვენთან კი, დარწმუნებული ვარ, თუ მთავრობის მხარდაჭერა იქნება, ქართული ფეხბურთი აღორძინდება. მერე ფეხბურთელების 100 მილიონად გაყიდვას რომ დავიწყებთ, ყველას მოუნდება, მაგრამ გვიან იქნება.
- კიდეევ ერთი დიდი პრობლემა - ბავშვთა ფეხბურთი...
- ეს უმნიშვნელოვანესი სფეროა. ყველაფრის საფუძველი. მაგრამ ძნელია, როცა მწვრთნელი დამოკიდებულია ბავშვის მშობელზე. როცა მშობელი გიხდის, მერე პრეტენზიაც აქვს, თუ არ ათამაშებ მის შვილს. თავის მხრივ, მშობლებსაც უჭირთ გადახდა, ზოგჯერ თვის ბოლოს ერთმანეთს უგროვებენ. ზოგი საერთოდ ვერ იხდის და უამრავი ნიჭიერი ბავშვი იკარგება ამის გამო. ეს ყველაფერი სირცხვილია და უნდა დამთავრდეს. მწვრთნელებს ჯერ პირობები უნდა შევუქმნათ და მერე მოვთხოვოთ. მთავარია მოინდომო და საქმე გიყვარდეს, მაშინ ყველაფერი გამოვა.
- ჩვენთან მოთამაშე უცხოელებზე რას იტყვით?
- თუ უცხოელს ჩამოიყვან, რამდენიმე თავით უნდა ჯობდეს შენსას. ახლა პირობები არაა, მაგრამ მაინც ჩამოჰყავთ და ჩვენებზე ათჯერ მეტს უხდიან. თან ბევრი მათგანი სათადარიგოთა სკამზე ზის. ჩვენიანი რომ დაინახავს, თვითონ თამაშობს, ჩამოსული კი თადარიგშია და მასზე გაცილებით დიდ ხელფასს იღებს, რა სტიმული უნდა ჰქონდეს? თანაც ამოსავალი ნაკრებია, უცხოელები ნაკრებში არ თამაშობენ, ამიტომ აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე უნდა გავაკეთოთ. საერთოდ, დღეს ბევრია ფეხბურთში შემთხვევით მოსული ადამიანი, ამიტომაც ვართ ამ დღეში. ბევრმა ფეხბურთი საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა და ასე არ ვარგა. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს, მაშინ გამოგივა ყველაფერი.
- ნაკრები ვახსენეთ და როგორ შეაფასებდით “ჯვაროსნების” უახლოეს პერსპექტივებს?
- ძალიან გაუჭირდებათ. ჩემი აზრით, უნდა მოვთხოვოთ ის, რაც შეუძლიათ. რაც არ შეუძლიათ, იმას როგორ გააკეთებენ? ეს ფეხბურთელებისთვისაც უკეთესია. მწვრთნელისთვისაც ძნელია. აბა, შევხედოთ, რამდენი ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, სულ რამდენიმე და ისიც ხანდახან. იმიტომ, რომ ნაკრები სულ სხვა დონე, სხვა მოთხოვნაა და ამიტომ ძალიან ძნელი სატარებელი ტვირთია მოთამაშისთვის. შესაძლოა, კლუბში კარგად თამაშობდე, მაგრამ ნაკრებში არაფერი გამოგივიდეს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. ამიტომ უპირველესად ჩვენი ჩემპიონატი უნდა გავაძლიეროთ. თემურ ქეცბაია მართლაც კარგად მუშაობს, მაგრამ ზედმეტს ნუ მოვთხოვთ. სიმართლე უნდა ვთქვათ, შეიძლება 1-2 მატჩი კარგად ვითამაშოთ, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება, სტაბილურად წარმატებით ვერ ვიასპარეზებთ.
- ქეცბაიამ თქვა, ამ შესარჩევ ციკლს გუნდის ჩამოსაყალიბლებლად გამოვიყენებთ, შემდეგ, ევრო 2016-ის ციკლში კი ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთო. რეალურად მიგაჩნიათ ასეთი პერსპექტივა?
- ღმერთმა ქნას, გავიდეთ, ყველას ეგ არ გვინდა? მაგრამ კიდევ გავიმეორებ: გაგვიჭირდება. ძალიან რთული შესასრულებელი იქნება.
- ახალგაზრდულზე რას გვეტყვით?
- აქაც იგივე პრობლემა გვაქვს. რა ქნას საშა ჩივაძემ, თუ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების უმრავლესობა თავის გუნდებში “სკამს ხეხავს”? ფედერაცია ყველანაირ პირობებს უქმნის მოსამზადებლად. შეადარეთ დღევადელი ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინანდელს. თითქმის ყველა გუნდს აქვს სტადიონი. ჩემს დროს საერთოდ არ არსებობდა არაფერი, მაგრამ ხომ ვთამაშობდით?! ახლა სტადიონები გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები და გუნდები გვჭირდება და სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე აქაც არაფერი გამოვა.
- ვეტერანებს თუ გაქცევენ ყურადღებას?
- ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ ვართ. დასამალი არაა და ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვეხმარებოდა და კარგად იცით, არა მარტო ფეხბურთელებს. უკვე ასაკში ვართ და ყურადღება გვჭირდება. თავის მხრივ, ფეხბურთის ფედერაციაც გვეხმარება. ეს საჭიროცაა და აუცილებელიც. აქ მარტო ვეტერანებზე არაა საქმე. ამას ახალგაზდები რომ შეხედავენ, დაინახავენ - კარიერის დასრულების შემდეგ უპატრონოდ არ დარჩებიან.
- 1966 წელს სსრკ-ის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგეთ, 1972-ში - ევროპის ვერცხლი. მაშინ რამდენს გიხდიდნენ?
- განსაკუთრებულს არაფერს. ცხადია, რაღაც მოგვცეს. მაგრამ დღევანდელთან შედარებით სასაცილოც კია ამაზე საუბარი. საერთოდ, მაშინ უნდა აგერჩია, ან “დინამოში” აგეღო ხელფასი, ან ნაკრებში. ორივეგან არ შეიძლებოდა. მე “დინამოში” ვიღებდი. გეფიცებით, “დინამოში” ყოფნის დროს არასოდეს გვიხსენებია ფული. მხოლოდ თამაშზე და გამარჯვებაზე ვფიქრობდით, რადგან ვიცოდით, რომ სავსე სტადიონი გველოდებოდა და ამ ხალხის ღალატი არაფრით შეიძლებოდა.
- სწორედ ამიტომ გკითხეთ. დღეს ფეხბურთელები ასტრონომიულ გასამრჯელოს იღებენ. არ გწყდებათ გული, ცოტა გვიან რომ არ დაიბადეთ?
- ღმერთმა შეარგოთ. ვეტერანები ამ საკითხზეც ვმსჯელობთ ხოლმე და მინდა გითხრათ, რომ მაინც ძველ დროს ვამჯობინებთ. მთავარი აქ ალბათ ხალხის ის უსაზღვრო სიყვარული იყო, რომელიც ყველას გვაარსებებდა. ქუჩაში გასულები იმდენ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობდით, რომ არ შეიძლებოდა, ცუდად გვეთამაშა. საერთოდ, რაღაც უფრო ნაღდი იყო ყველაფერი. ცხადია, დღევანდელი პირობები გაცილებით უკეთესია, მაშინდელს როგორ შევადრი. ახლა ევროპაში ფეხბურთელი კვირაში რომ იღებს, იმდენი 15-წლიანი კარიერის განმავლობაში არ ამიღია. მაგრამ მაშინ სხვა სიყვარული იყო, თუნდაც კიროვისპარკელები გავიხსენოთ. ჩვენც ვფიქრობდით ხალხზე. დღევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში კი ფეხბურთელები მართლაც მეცოდებიან, რადგან ცარიელი ტრიბუნების წინაშე უწევთ თამაში. უმაყურებლოდ კი მოთამაშეს სტიმული არ აქვს. არადა, ვერავინ მეტყვის, რომ საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ, აბა გაიხსენეთ, ჩვენს დროს სტადიონზე ბილეთის შოვნა რა ძნელი იყო.
- სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ფეხბურთის განვითარების პროექტი ჰქონია...
- დიახ, ბ-ნ ზვიადს აქვს პროგრამა და აუცილებლად უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს. დასხდნენ, იმსჯელონ. კიდევ ვიმეორებ, მთავრობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. აი, ახლა სპორტის მინისტრიც საფეხბურთო ოჯახიდანაა, ჩვენი საყვარელი დათო ყიფიანის ვაჟი ლევანი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა. მათ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ ქართული ფეხბურთისთვის. მე პირადად, საქართველო უფეხბურთოდ ვერ წარმომიდგენია.