ინტერვიუები

13:39 | 17.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მურთაზ შელია: “მანჩესტერში ორი ღმერთი იყო – კანტონა და ქინქლაძე”

უკრაინულმა “სპორტ-ექსპრესმა”, მურთაზ შელიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, საუბრობს კიევის “დინამოზე”, “მანჩესტერ სიტიზე”, ამ ორი გუნდის დღევანდელ მატჩზე (ევროპის ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაა) და რა თქმა უნდა, თავის კარიერაზეც. ამასთან, “სიტიში” ქართველ თანაგუნდელებზე.
41 წლის შელია, გეცოდინებათ, “მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, ხოლო მანამდე, მშვენიერი სეზონები გაატარა ვლადიკავკაზის “ალანიაში” – ორჯერ მოხვდა რუსეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ  ნაკრებში და ერთხელ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ:
-    როგორც ვიცით,  ინგლისში პირდაპირ ჩრდილოეთ ოსეთიდან წახვედით.
-    ასეა. თუმცა ჩემით ინგლის-საქართველოს “უემბლიზე” გამართულ მატჩისას დაინტერესდნენ, ღირსეულად ვითამაშეთ და 0:2 წავაგეთ, თანაც, მეორე გოლი ბოლო წუთზე გავუშვით. მალევე გავაფორმე ხანგრძლივი კონტრაქტი “მანჩესტერ სიტისთან”,  ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, კახა ცხადაძეც შემომიერთდა, რომელიც ნაკრების დაცვის ხაზში ჩემი მეწყვილე გახლდათ.
-    და მაინც, თითქმის სამი წელი გაატარეთ “სიტიში” და მხოლოდ 15 მატჩი მოგიგროვდათ.
-    თავიდან შეუცვლელად ვთამაშობდი, მაგრამ მერე უმძიმესი ტრავმა მივიღე – ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. ამით დასრულდა ჩემი კარიერა ინგლისში, მას შემდეგ ძველებურ დონეზე ვერსად ვეღარ ვითამაშე. თუმცა მანჩესტერში გატარებული წლები ყოველთვის მემახსოვრება.
-    თქვენი გატანილი ორი გოლი გაქვთ მხედველობაში?
-    ესეც. “სიტიში” სადებიუტო მატჩში გავიტანე. ბირმინგემში ვთამაშობდით, სტანდარტული სიტუაციისას მეტოქის საჯარიმოში ჩავედი და ჩემს სტილში, თავურით შევაგდე. 89-ე წუთი იყო და რა გგონიათ, როგორღაც “მოვახერხეთ” და დარჩენილ სამოც წამსა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ორი გოლი გავუშვით. წავაგეთ! აი, მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავს ინგლისური ფეხბურთი.
-    “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში, მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს უთამაშია ყოფილი საბჭოეთის ქვეყნიდან და ოთხივე ქართველს – თქვენ, ცხადაძეს, გიორგი ქინქლაძესა და მიხეილ ყაველაშვილს. რით აიხსნება “სიტის” დაინტერესება ქართველებისადმი?
-    ულაპარაკოდ, ეს გიორგი ქინქლაძის დამსახურებაა. ის 1995 წელს გადავიდა “სიტიში” და პირველივე თვეებში მოაჯადოვა გუნდის ფანები. როდესაც მანჩესტერში გადავედი, მომეჩვენა, რომ ამ ქალაქში ორი ღმერთი იყო – ერიკ კანტონა და გიორგი ქინქლაძე.
-    ინგლისში გიორგის “ქინქის” ეძახდნენ, რაც ნიშნავს “საოცარს, მომაჯადოებელს”... შელიას რა მეტსახელი ჰქონდა?
-    უბრალოდ მურთაზი. არც ისე დიდხანს მომიწია თამაში, პარტნიორებს მეტსახელის მოფიქრება რომ მოეხერხებინათ.  …   
-    “სიტის” თამაშებს უყურებთ ხოლმე?
-    რა თქმა უნდა.  სიმართლე გითხრათ, “სიტისთან” ერთად, “ალანიასაც” მაგრად ვქომაგობ. ვლადიკავკაზის გუნდი ვეღარ მახარებს, აი, “სიტი” კი პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა.
შელიას კიევის “დინამოს” ფორვარდ არტიომ მილევსკიზეც შეეკითხნენ და პასუხი ასეთი იყო: “ამ ბიჭს ვგულშემატკივრობ. ნამდვილი ტალანტია და თითქმის ქართული ტექნიკა აქვს”.

ილია ნანობაშვილი
 

0.119867