საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის “კარპატის” საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა, უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა ua-football.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მასსა და “ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას შორის არსებულ კონფლიქტზე დაწვრილებით ისაუბრა.
დაუშვილმა უკრაინელ ჟურნალისტთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა და ინტერვიუზე თარჯიმანთან ერთად მივიდა, რადგან რუსული თითქმის არ იცის. უა-ფოოტბალლ.ცომ-ის ცნობით, ფეხბურთელს თან რამდენიმე ფურცელი ეჭირა ხელში, სადაც ყველაფერი ქართული ასოებით წვრილად იყო დაწერილი.
- რაშია საქმე, მურთაზ?
- დასაწყისისთვის, გთხოვთ, რომ ბუბა დამიძახოთ. მურთაზი ეს ძალიან სოლიდური სახელია. ასე საქართველოში ეძახიან ხალხს, რომლებიც 50-60 წლის არიან. მე ძალიან ახალგაზრდა ვარ... იმიტომ მოვედი, რომ სერიოზული პრობლემა მაქვს. ამჟამად საქართველოში, ერთი კაცის მეოხებით, წამყვანი ტელეარხები და საიტები ჩემს სახელს არცხვენენ. ამის მოთმენა მეტი აღარ შეიძლება, რადგან ამ სიახლეებს და ინფორმაციებს ჩემი მშობლები და ახლობლებო კითხულობენ. ალბათ, უკრაინაში ძნელი გასაგებია როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც ამდენ ტალახს ცხებენ. თანაც, სრულიად უსამართლოდ. ბოლო წვეთი კი, დიდი ინტერვიუ გახდა, რომელიც ქართულ საიტებზე დაიბეჭდა.
- შეგიძლია თქვა ამას ვინ აკეთებს?
- მას ილია კოკაია ჰქვია – ჩემი ყოფილი კლუბის, “ზესტაფონის” პრეზიდენტი.
- რა ვერ გაიყავით?
- ეს გრძელი ისტორიაა. დავიწყებ იმით, რომ “ზესტაფონში” 6 წელიწადი ვითამაშე და ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. შარშანწინ, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს. ჩემი შეძენით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. თუმცა, პრეზიდენტი ყველა შეთავაზებას გულმოდგინედ მალავდა და მათ შესახებ არაფერს მეუბნებოდა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ, როდესაც კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე წელიწადი და სამი თვე მრჩებოდა, ჩემი ყიდვა მოსკოვის “სპარტაკს” სურდა. ჩემმა მეგობარმა ჯანო ანანიძემ მითხრა, რომ ვალერი კარპინს ჩემი ხილვა თავის გუნდში სურდა. მოსკოველები მილიონ დოლარს იხდიდნენ, ხოლო კოკაიამ თქვა: “ორნახევარი...”.
- ამაში ცუდი რა არის, რომ პრეზიდენტმა ასე ძვირად შეგაფასა? ალბათ, მის გუნდს ჭირდებოდი...
- ეს სიმართლეა. კოკაიას ჩემი გაშვება მართლაც არ უნდოდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება ფეხბურთელების მიმართ არ იყო პრეზიდენტული. ეს, უფრო მონობას ჰგავდა. მის ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამია. კოკაია ამბობს, რომ არაკაცურად მოვიქეცი, როდესაც “ზესტაფონიდან” წავედი. მან თქვა, რომ ნაძირალა ვარ, რადგან კლუბი მაცმევდა და მაჭმევდა. თუმცა, მე უბრალოდ მაძლევდნენ სპორტულ ფეხსაცმელს და სპორტულ კოსტიუმს, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენ მოთამაშეებს. სხვა მოთამაშეებთან ერთად ვჭამდი – რაშია კლუბის განსაკუთრებული დამსახურება და ჩემი დანაშაული? “ზესტაფონში” თამაშის დროს ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამისთვის ხელფასის სახით 1000 დოლარს ვიღებდი და ამ თანხიდან 400 დოლარს ბინის ქირაში ვიხდიდი. და ეს ადამიანი ახლა ბრალს მდებს, რომ გუნდი დავტოვე? მე “ზესტაფონიდან” მას მერე წავედი, რაც კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა. მე არავისი არაფერი მმართებს.
- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, “კარპატიში” კარიერის გაგრძელება, ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყვიტე.
- მთლად ასე არ არის. ჩემი ნდობით აღჭურვილი პირისგან ვიცოდი, რომ “კარპატი” კონკრეტულად იყო დაინტერესებული შევეძინე მას შემდეგ, რაც “ზესტაფონთან” კონტრაქტი დამიმთავრდებოდა. უბრალოდ მითხრეს, რომ შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი ჩემს მომავალ კარიერასთან დაკავშირებით. არ დავმალავ თუ რამდენად დამეხმარა ყოველივე ეს, ბოლო ნახევარი წელიწადის განმავლობაში, როდესაც “ზესტაფონი” მთელი ძალით ცდილობდა ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცია. მეორე გუნდში გადამიყვანეს და მოედანზე ვარჯიშის უფლებასაც კი არ მაძლევდნენ. მხოლოდ ერთი ადგილი მქონდა – კარს უკან. სწორედ იქ ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, სხვა ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უფრო უკეთესი არ იყო. ვთქვათ, დილით წვნიანს მოხარშავდნენ, ხოლო საღამოს მას საჭმელად ცივს გვაძლევდნენ. არა მხოლოდ მე, არამედ, ყველას. თუმცა, საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობის უწესობაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც პირადი პრობლემა შემექმნა. ჩემთვის ამის მოყოლა ძნელია, მაგრამ შევეცდები. ერთ-ერთი თამაშის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დედაჩემი ძალიან ცუდად იყო – მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ყველაფერი მივატოვე და თბილისში გავეშურე. ოპერაციას ფული ჭირდებოდა, ხოლო ჩემი ხელფასი, როგორც გითხარით, 1000 დოლარი იყო. მას, როგორც წესი, ყოველი თვის 4 რიცხვში გვაძლევდნენ. კლუბის ხელმძღვანელობას მივმართე, რომ ხელფასი უფრო ადრე მოეცათ, რადგან დედაჩემი საოპერაციო იყო. თუმცა უარი მითხრეს. მათი თქმით, ხელფასს ნაადრევად არავის აძლევდნენ და არც მე მომცემდნენ.
- ეს, უარის თქმის ერთდერთი მიზეზი იყო?
- არა. კიდევ მითხრეს, რომ ეჭვი ჰქონდათ, თითქოს, ჩვენი გუნდის მოთამაშეები ტოტალიზატორში ფსონებს აკეთებდნენ. ამიტომ, მათ ეს რომ არ გაეკეთებინათ, ფულსაც დადგენილ დროზე უფრო ადრე არ გასცემდნენ. უბრალოდ, გავოცდი, როდესაც ასეთი მიზეზი გავიგე. კარგია, რომ თანაგუნდელები დამეხმარნენ. თუმცა, ამის შემდეგ ბევრ რამეს მივხვდი.
- ამრიგად, ბოლო ნახევარი წელიწადი დუბლშემადგენლობაში გაატარეთ?
- და საქართველოს ნაკრებში. ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის ჩვენი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასი. ეროვნულ გუნდში შეკრებები რომ არა, არც კი ვიცი, ახლა როგორც ფეხბურთელი, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ის სათამაშო პრაქტიკის მიღების საშულებას მაძლევდა. ასევე, მადლობელი ვარ “ზესტაფონის” გულშემატკივრების, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ილია კოკაიას უნდოდა, როგორც ფეხბურთელი გავენადგურებინე. სასაცილოა, რომ მან ჩემი დუბლებში გადაყვანა იმით ახსნა, თითქოს თამაშს დავუკელი. თუმცა, ის არაფერს პასუხობდა, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ მიძახებდნენ მუდმივად საქართველოს ნაკრებში. სამაგიეროდ, ქეცბაია ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: “ზესტაფონის” ხელმძღვანელობის არ მესმის. როგორ შეიძლება ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის დუბლებში გადაყვანა და მისთვის იქაც კი, თამაშის უფლების არ მიცემა?”.
- “ზესტაფონის” პრეზიდენტს ბოლოს როდის შეხვდით?
- იანვრის დასაწყისში. მან თავის კაბინეტში მიმიწვია. იქ ბევრი ხალხი იყო, მისი მეგობრები. კოკაიამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა და მარწმუნებდა, რომ კიევის “დინამოში”, ან “დნეპრში” გამყიდიდა – არჩევანი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. კოკაიამ ამის სანაცვლოდ 100000 დოლარი შემომთავაზა, ხოლო უარის შემთხვევაში შემპირდა, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთს მომიწყობდა. თუმცა, მე უარი ვთქვი. ყოველივეს შემდეგ, არავითარი საფუძველი არ მქონდა, რომ მისთვის დამეჯერებინა. მისი მუქარის არ მეშინია. მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ფული ჩემს ცხოვრებაში მთავარი არ არის, ღირსებისგან განსხვავებით. მას დედაჩემის ამბავი გავახსენე, რაზეც გაკვირვებული ტონით მითხრა: “მე რატომ არ დამირეკე?”. თუმცა, ეს ბლეფია.
- შენი აზრით, მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება?
- პირველყოვლისა, მინდა, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს, რადგან რამდენიმე კვირის წინ, კოკაიამ ტელეარხ “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩემს შესახებ პროკურატურას მიმართოს. არ ვიცი, მას ამით რის თქმა უნდოდა. მე არავინ მომიკლავს და არაფერი მომიპარავს. ალბათ, ასე ცდილობს ჩემზე შური იძიოს და ჩემი ოჯახი ანერვიულოს – სხვა ახსნა არ მაქვს.
- ბუბა, კიდევ ერთი მომენტი აგვიხსენი, “კარპატის” განაცხადში შენი გვარის გასწვრივ წერია – “იჯარა”...
- საქმე ის არის, რომ “ზესტაფონთან” კონტრაქტი როდესაც დამიმთავრდა, ლვოვში “კარპატისთან” მოსალაპარაკებლად ჩამოვედი. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, როდესაც უკვე ჩანდა, რომ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის კლუბთან მოლაპარაკება სრულდებოდა, “კარპატიმ” მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა. პაუზა გაგრძელდა და ავისმომასწავლებლად გამოიყურებოდა. სწორედ მაშინ დამთავრდა მოსამზადებელი შეკრება, რომლის დროს “კარპატისთან” კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ ხელშეკრულება არ დამიდია. როგორც ამიხსნეს, ყოველივე ჩემი ყოფილი კლუბის არაადეკვატური მოთხოვნებითა და საქციელით იყო გამოწვეული. ამიტომ, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის რჩევით, შემდგომში უკრაინაში სამუშაოდ მოწყობისთვის, დროებით პირველი ლიგის კლუბის, “ლვოვის” შეთავაზება მივიღე. “ლვოვის” მიმართ ჩემი კატეგორიულო მოთხოვნა იყო, რომ ეს უკანასკნელი, ჩემი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ძლიერ კლუბში გამიშვებდა. გარკვეული დროის შემდეგ, “კარპატიმ” კვლავ გამოხატა ინტერესი ჩემს მიმართ და ასე წარმოიშვა იჯარის ვარიანტი, რომლის დასრულების შემდეგ, იმედი მაქვს, “კარპატისთან” სრულფასოვან კონტრაქტს გავაფორმებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა