ბლოგი

11:29 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი უზლატანოდ

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს! შვედეთის ნაკრები გავარდა! ჩვენ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხილვის საშუალება არ მოგვეცემა! არადა მუნდიალზე ისეთი გუნდები გადიან და ადრეც გადიოდნენ, რომ კაცმა არ იცის მათი ხილვა ვის რა ჯანდაბად და დოზანად უნდა...

და მაინც, რა დააკლდება მსოფლიოს ჩემპიონატს უზლატანოდ?...

  1. მსოფლიოს ჩემპიონატს პირველ ყოვლისა დააკლდება ერთი გადარეული კაცი, რომლესაც თამაშის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ენით აუწერელი სასწაულის ჩადენა და მარტოს ხელეწიფება ზანტი და მთქნარია შვედეთის ნაკრების თრევა.
  2. ფეხბურთის მოყვარულთა ახალ თაობას დააკლდება ჭეშმარიტი კერპი, რომლის მაგალითზეც თაობები შეიძლება გაზრდილიყვნენ და ბრაზილიის მინდვრებზე მორბენალი ამ თმებშეკრული შვედის თამაში შესაძლოა მომდევნო ათწლეულებსაც გადასწვდენოდა.
  3. ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და რადამელ ფალკაოს დააკლდებათ თანამედროვე ფეხბურთის ჩემი აზრით ყველაზე “დიდი ოთხეულის” მეოთხე წევრი, რაც სულაც არ წაადგებათ დანარჩენ სამს, რადგან თუკი დედამიწაზე აქამდე კარგი რამ შექმნილა, უპირველად კონკურენციის პირობებში შექმნილა და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მომავალშიც ასე იქნება.
  4. უზლატანობა დააკლდებათ მათ, ვისაც სჯერა, რომ ფეხბურთს პირველ რიგში დიდი ვარსკვლავები ქმნიან და უფერული, მაგრამ შრომისმოყვარე ფეხბურთელები დიად ვარსკვლავთა კაშკაშის სხივით განათებული ცრუპლანეტები არიან.
  5. მუნდიალზე ზლატანის ვერთამაში შვედეთის გარდა გულს ატკენს ყველა იმ ქვეყანასა და ქალაქს, სადაც იბრაჰიმოვიჩს უთამაშია, რადგან შეუძლებელია ამ კაცს შენს საყვარელ გუნდში თუნდაც ერთი სეზონი ჰქონდეს ნათამაშები და მისი ცხვირკაუჭა პროფილი ოდესმე დაგავიწყდეს.
  6. უზლატანობა გააბრაზებს ტოტალიზატორის მოყვარულ მეფსონეებსაც, რადგან კონკრეტულ მატჩებში ზლატანი გოლს რომ გაიტანს, - ეს არც ისე რთული მისახვედრია. გოლების ავტორების გამოიცნობამ კი როგორც იცით, კარგა ბლომად ფული იცის...
  7. მუნდიალზე ზლატანის წაუსვლელობას ალბათ ძალიან რთულად გადაიტანენ იბრაჰიმოვიჩის ქომაგი ქალები, რომლებიც როგორც ფრანგული მედია იუწყება, იბრაჰიმოვიჩის თუნდაც სტადიონის ტრიბუნიდან სანახავად ამსტერდამიდან და მილანიდან პარიზშიც კი ჩადიან.
  8. მსოფლიოს უპირველეს საფეხბურთო ტურნირზე იბრაჰიმოვიჩის ვერგასვლა ასევე დააზარალებს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – ბრაზილიის სახელმწიფოს. ჩემპიონატს ძალიან დააკლდება ფინანსურად წელში გამართული შვედი ქომაგები, (შვედეთი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში) რომლებიც ჯიბეებს მუნდიალზე გვარიანად დაიცარიელებდნენ და ეს თანხა რა თქმა უნდა ბრაზილიას წაადგებოდა.
  9. დაბოლოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლამ მეც ძალიან დამამწუხრა. ამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ და თანდათან ვრწმუნდები, რომ იბრაჰიმოვიჩის გულშემატკივად ვყალიბდები. შეიძლება ჩემმა გულშემატკივრობამაც დათარსა ეს კაცი. მე და ზლატანს ფეხბურთში წარმატების იღბალი ვინ მოგვცა...
0.118777