17 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში "საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის" დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. ყრილობას, მოწვეულ სტუმრებთან და მედიის წარმომადგნელებთან ერთად, ესწრებოდა შესაბამისი სპორტული კვალიფიკაციის მქონე 45 დელეგატი, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდემტი და პრეზიდიუმის წევრები აირჩიეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინეს ერთ-ერთი წარმატებული მთამსვლელი, საქართველოში ცნობილი ექიმი, მთამსვლელობის ისტორიის და მისი აღორძინების გზების კარგი მცოდნე – ავთანდილ ცინცაძე, რომელსაც ყრილობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთამსვლელი, გეოლოგი და ფოტოხელოვანი – ბიძინა გუჯაბიძე აირჩიეს. მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის დამფუძნებლების და საორგანიზაციო ჯგუფის წამოყენებული კანდიდატების შეთანხმების თანახმად, ასევე შეირჩა 15-კაციანი პრეზიდიუმი.
გაერთიანებული ფედერაციის დამფუძნებლები არიან მთამსვლელობის, მთამსვლელობის განაყოფი და მისი მონათესავე 7 ორგანიზაცია, რომლებმაც გამოთქვეს გაერთიანების სურვილი და რომელთა ძირითადი მიზანია საქართველოში სპორტული მთამსვლელობის აღორძინება-განვითარების ხელშეწყობა.
არასამეწარმეო იურიდიული პირი "საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია" დაფუძნებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი წესდების და ალპინიზმის საერთაშორისო ასოციაციის UIAA-ს პრინციპების შესაბამისად, ცნობს ოლიმპიურ პრინციპებს, მიზნებს და ამოცანებს.
"საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია" არის საქართველოში სპორტული მთამსვლელობის აღორძინების და განვითარების მოძრაობის გამაერთიანებელი პოლიტიკის გამტარებელი ხელმძღვანელი ორგანიზაცია.
ფედერაციის დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფმა ყრილობამდე ჩაატარა საკმაოდ დიდი სამუშაო, რათა მთამსვლელობის, მთამსვლელობის განაყოფი და მისი მონათესავე ორგანიზაციები გაერთიანებულიყო ერთ სათაო ფედერაციაში. შედეგად, საქართველოში არსებული ორგანიზაციების დიდმა უმეტესობამ დააფუძნა "საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია", ესენი არიან:
1) საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია (გ. ქართველიშვილი)
2) საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაცია (ნ. კვეზერელი)
3) საქართველოს ყინულზე ცოცვის ფედერაცია (ი. კორძახია)
4) შპს ალპური კლუბი (ბ. გუჯაბიძე)
5) საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (დ. რაქვიაშვილი)
6) ასოციაცია „ქართული ალპური კლუბი" (ს. სამადაშვილი)
7) მოხალისე სამთო მაშველთა ასოციაცია (მ. ნიკოლაძე)
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის კარი მუდამ იქნება ღია ფედერაციაში გაერთიანების მსურველებისათვის, საქართველოს ქალაქების და რეგიონების იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა ფართოდ არის ასახული ფედერაციის წესდებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ "საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია" შეძლებს წარმატებით წაიყვანოს მუშაობა ფედერაციის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად.
ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი