ლონდონში მდებარე საკონდიტრო მაღაზიების ქსელის მფლობელი, ვინმე ლილია ბერშოტი ლონდონის “არსენალის“ ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი ქალია. ქალბატონი ლილია “მეთოფეთა“ ფანკლუბშიც არის გაწევრიანებული და ჭეშმარიტი სასწაული უნდა მოხდეს, რომ მან ლონდონელების რომელიმე მატჩი გამოტოვოს. ლილია ბერშოტს (ისევე, როგორვ “არსენალის“ სხვა ქომაგებს) რაც ყველაზე მეტად ტკენს გულს, ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში “არსენალს“ პრემიერლიგის ჩემპიონობა ვერა და ვერ ეღირსა. არადა, სხვა ფანების მსგავსად, ბერშოტიც საფეხბურთო სეზონიდან სეზონამდე, ჩემპიონობის იმედად ცოცხლობს.
რამდენიმე დღის წინ ლილია ბერშოტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი “არსენალი” ამ სეზონში მაინც გახდება ინგლისის ჩემპიონი, იგი პირობას დებს, რომ საკუთარი ხარჯებით დაამზადებინებს მსოფლიოში აქამდე გამომცხვართაგან ყველაზე დიდ ტორტს, რომელსაც მთელ ლონდონს გაუნაწილებს და ასეულობით ბოთლი შამპანურის შეძენასაც თავად იკისრებს.
თუკი ამ კლუბის ჩემპიონობა ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, ეს, რა თქმა უნდა, “არსენალის“ ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერია, რომელსაც ბოლო დროს უტიტულო სეზონებს სულ უფრო ხშირად ახსენებენ ხოლმე. გაუზრდის თუ არა მას და მის ფეხბურთელებს მოტივაციას ქალბატონი ლილიას შეპირებული გრანდიოზული ტორტი, ჯერ არავინ იცის.