ჭიდაობა

23:32 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ქართული სტარტი

 

სლოვაკეთის ქალაქ სნინაში ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ექვსდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 15 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ორში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრი ავიდა – მსოფლიოს ჩემპიონები ჯონი ხეცურიანი (50 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) გახდნენ. ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ჯონი ხეცურიანმა ჩემპიონატი უნგრელი ტამას ლევაის იოლად ძლევით (8:0) გახსნა. შემდეგ ნორვეგიელი ჰავარდ იორგენსენი (1:0 0:0) და ინდოელი ვიჟაი ვიჟაი (8:0) ჩამოიცილა. გადამწყვეტი ბრძოლა კი ირანელ აღანიაჩარ მოჰამადრეზასთან ფრედ 8:8 დაასრულა. ევროპირველობის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ეს ანგარიში ხელს ხეცურიანს აძლევდა.

ზვიად პატარიძემ ფინალის გზაზე ბრაზილიელ რაფაელ ფილიოს (5:0 0:0), ყირგიზ კიმ რომანსა (8:1) და ბულგარელ რადოსლავ გეორგიევს (8:0) აჯობა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად კი აზერბაიჯანელი სავიდ ფეიზიევი უპრობლემოდ დაჩაგრა (7:0).

ნიკოლოზ ჭიკაიძემ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან, ფინელ მატიას ლიპასტისთან წაგებით (2:4 0:0). ამ შეხვედრამდე ქართველმა მოჭიდავემ ესტონელი ოტ საარი (3:0 0:0), გერმანიის ნაკრების წევრი ანდრეი კუროჩკინი (2:1 0:0) და ამერიკელი დომინიკ დემასი (16:5) დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ლომ-ალი ადიევს საკმაოდ ადვილად აჯობა (6:0).

დღესვე სლოვაკურ ხალიჩაზე დავით მარკოიძე (54 კგ) და გიორგი კურტანიძეც (58 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ. მარკოიძე ამერიკელი ჯაკობ სპისის ძლევის (4:0) შემდეგ უკრაინელ სერგეი გრუშინთან დამარცხდა (3:8). კურტანიძემაც ორი შეხვედრა ჩაატარა. არგენტინელ აგოსტინ დესტრიბატსს შანსი არ დაუტოვა (10:0), ირანელ აბდევალი კერამატთან კი დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3 0:0).

ხვალ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ნუგზარ წურწუმია (42 კგ), ლერი აბულაძე (46 კგ), დემურ ქავთარაძე (69 კგ), გურამ ხეცურიანი (76 კგ) და დავით გოგიძე (85 კგ).

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჭაბუკები

სნინა. სლოვაკეთი

15 ივლისი

 

50 კგ

1 ჯონი ხეცურიანი (საქართველო)

2 აღანიაჩარ მოჰამადრეზა (ირანი)

3 ჰავარდ იორგენსენი (ნორვეგია)

3 ოლექსანდრ გრუშინი (უკრაინა)

 

54 კგ

1 იერნურ ფიდახმეტოვი (ყაზახეთი)

2 ედგარ ტამაზიანი (სომხეთი)

3 კერიმ კაზაკბაევი (ყირგიზეთი)

3 ერკემ ოზთურქი (თურქეთი)

 

58 კგ

1 არსლან ზუბაიროვი (რუსეთი)

2 ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა)

3 ირიჰეჩ ბოტეზ მიჰაი (რუმინეთი)

3 აბდევალი კერამატი (ირანი)

 

63 კგ

1 მატიას ლიპასტი (ფინეთი)

2 ლუკა ორლოვი (ყირგიზეთი)

3 ნიკოლოზ ჭიკაიძე (საქართველო)

3 არმან ბაღდასარიანი (სომხეთი)

 

100 კგ

1 ზვიად პატარიძე (საქართველო)

2 სავიდ ფეიზიევი (აზერბაიჯანი)

3 რომან კიმი (ყირგიზეთი)

3 არსენ სიჩოვ-ბოპამბე (ბელარუსი)

 

0.12104