სლოვენიიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები თბილისში ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ. სეზონის უმთავრესი შეჯიბრება სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შეაჯამეს.
მინისტრმა დარბაზში მსხდომ სპორტსმენებს, ნაკრების მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელობას წარმატებული სეზონის და კონკრეტულად სლოვენიური მსოფლიოს ჩემპიონატის გამო მადლობა გადაუხადა. განაცხადა, რომ ძიუდო ქართული სპორტის წამყვანი სახეობაა და სასიამოვნოა, რომ ბრწყინვალე ტრადიციას ახალი თაობაც ღირსეულად აგრძელებს.
ლევან ყიფიანმა დამსწრეთ აცნობა, რომ სამინისტრო ძიუდოს ფედერაციასთან ერთად რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს, რომლებიც ამ სახეობის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი პროექტი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატია. ასევე ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარება და რეგიონებში ძიუდოს ახალი სკოლების გახსნა.
დავით ქევხიშვილმაც ძიუდოისტებისთვის მადლობით დაიწყო თავისი კომენტარი. გამორჩეულად კი გია გუგავას და მისი ასისტენტების: გურამ მოდებაძისა და ბიძინა მოხევიშვილის მუხლჩაუხრელი შრომა ახსენა. არც საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე დაიწუნა და ბოლოს მუდმივად მხარში დგომისთვის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასაც გადაუხადა მადლობა. ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლით გახარებულია და გუნდის შემართების გათვალისწინებით დარწმუნებულია, რომ წარმატებებს სამომავლოდაც უნდა ველოდოთ.
ახალგაზრდულის თავკაცმა ტრადიციული მილოცვა-მადლობების შემდეგ უშუალოდ შეჯიბრებაზეც ისაუბრა.
“საერთო შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. გუნდმა ჩემპიონატი ოქროს მედლით დააგვირგვინა. ბიჭები ისეთი შემართულები იყვნენ, სხვა შედეგს ვერც კი წარმოვიდგენდით. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, იქაც საკმაოდ წარმატებულად გამოვედით, მაგრამ იყო მომენტები, რომლებზეც გული ძალიან მწყდება. თუნდაც გიორგი ზაქარიაძის (+100 კგ) მიერ შეხვედრის მიწურულს დაკარგულ მედალზე. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იგებდა, მაგრამ მოდუნდა და უპირატესობა ბოლო 18 წამში გაუშვა ხელიდან. გურამ თუშიშვილის (100 კგ) წაგებას კი შემთხვევითობას უფრო დავარქმევდი. წესი ისე დაარღვია, ვერც კი გააცნობიერა და დამსახურებულად მოხსნეს. იმ მომენტმა ბევრი საუბარი გამოიწვია, მაგრამ ნამდვილად არ დავუჩაგრივართ. არადა რომ არა ის შეცდომა, თუშიშვილი მედლის უპირობო კანდიდატი იყო. სატურნირო ბადეც ისეთი ჰქონდა, სამეულში შესვლა არანაირად არ უნდა გასჭირვებოდა. გამორჩევით კი რა თქმა უნდა მედალოსნებს გამოვარჩევ. ლერი ჭელიძემ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ უკეთ გამოსვლაც შეეძლო და იმედია მომავალში უკეთეს ადგილს დაიკავებს. ასევე უნიჭიერესი ძიუდოისტია ლევან მატიაშვილი (+100 კგ). ხოლო ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ცალკე სასაუბრო თემაა. თავისი ჭიდაობით მან უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თუ თავის შესაძლებლობებს სწორად წარმართავს, მომავალ ოლიმპიურ თამაშებამდე ეროვნული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბებაც რეალურად შეუძლია” – განაცხადა გია გუგავამ.
აქვე მსოფლიოს ჩემპიონის კომენტარიც:
“წლეულს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოვიგე და რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა ყველას, ვისაც ჩემს და მთლიანად ნაკრების წარმატებაში წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით სასიხარულო მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება იყო. ბიჭები ისე ვიყავით დამუხტულები ჩვენი მომგები არავინ იყო” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბექა ღვინიაშვილმა.
დაბოლოს ერთი საინტერესო ინფორმაციაც, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოგვაწოდა. გია გუგავას განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსვლა სლოვენიური მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობაში შეყვანილ ძიუდოისტთაგან მხოლოდ ფრიდონ გიგანმა (73 კგ), ლევან მატიაშვილმა და გიორგი ზაქარიაძემ დაასრულეს. გუნდის წევრთა უმრავლესობას კი კიდევ ორი წელი აქვს ახალგაზრდულში საჭიდაოდ. მათ შორის ღვინიაშვილსაც, რომელიც ორიოდე დღის წინ 18 წლის გახდა.