მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფას ხელმძღვანელობა ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამართვას ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გეგმავს.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ცნობით, ასეთ შემთხვევაში ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარება ყატარში გადაწყდა, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზაფხულში თამაში, როდესაც ამ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველები ჩემპიონატის იანვარ-თებერვალში გამართვის ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ ამ დროს ზამთრის ოლიმპიური თამაში იმართება, მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ამით უკმაყოფილო იყო და ახლა ნოემბერ-დეკემბერის ვარიანტი განიხილება.