ჭიდაობა

17:02 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 18 მედალი საქართველოზე მოდის

 

საქართველოს ახალგაზრდულმა, ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებმა 11-14 ოქტომბერს სალონიკში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ყველაზე შედეგიანად ჭაბუკთა გუნდმა იჭიდავა – ათი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ორში დარჩა უმედლოდ. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მეტრეველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალის გზაზე მან ბერძენი ნიკოს ივანიდისი, ბელარუსი ალეგ ნაჰორნი და ყაზახი აირბეკ აიმაგამბეტოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს პაველ ტერეხოვს აჯობა.

ირაკლი კუპატაძეს (52 კგ) და აპოლონ ზურაბიანს (75 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ფინალის მოგება დააკლდათ. კუპატაძე დასკვნით შეხვედრაში მონღოლ ბაიარა ამარტუვშინთან დამარცხდა, ხოლო ზურაბიანი – რუს მიხაილ ვოდოვსკოვთან.

თორნიკე ჭოველიძე (65 კგ), გიგა ნოზაძე (70 კგ), ირაკლი გოგია (81 კგ), ჯონი ჭითანავა (87 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ზურაბ როხვაძემ (48) კგ მე-5 ადგილი დაიკავა, სოლომონ თედიაშვილი (56 კგ) კი ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი და ბრინჯაოა. ტურნირი წაუგებლად უშანგი მარგიანმა ჩაამთავრა. 82 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ჩემპიონატი უკრაინელი იური პოჟარის ძლევით გახსნა. შემდეგ საბერძნეთის ნაკრების წევრ ივანე გომართელს და ყაზახ იერასულ კაირბეკს მოუგო. ფინალში კი მოლდოველ გენადი პრეტივატს.

სამ უმძიმეს წონაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალში იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს ერთიც ვერ შეწვდა. თეიმურაზ ხაჩიძემ (90 კგ) გადამწყვეტ ბრძოლაში ტაჯიკ კომრონშოჰ უსტოპირიონთან წააგო, თორნიკე ოთინაშვილმა (100 კგ) – რუს დიმიტრი ტორგაშოვთან, ხოლო გუგა კიბორძალიძემ (+100 კგ) – რუს ედგარტ სმერეკასთან.

გიორგი მელქუაშვილი (48 კგ), თორნიკე მუზაშვილი (57 კგ) და მიხეილ მეზურნიშვილი (74 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ბექა ტუღუში (68 კგ) რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ლერი ბედინაძე (48 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ) კი პირველსავე წრეში დამარცხდნენ.

ვაჟების პარალელურად მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს და ქართველებმა თავი არც აქ შეირცხვინეს. ყველაზე შთამბეჭდავად მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ იჭიდავა – სერბი მალისა ზაბიჩი, რუსი ანასტასია ტრაპეზნიკოვა და ბულგარელი სიან ხრისტოვა ჩამოიშორა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ნინო მარტიაშვილი (60 კგ) და თეა სუხიტაშვილი (68 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. სოფო ბერიძეს (56 კგ) კი საპრიზო სამეულამდე რეპეშაჟის ფინალის მოგება დააკლდა. საქართველოს გოგონათა ნაკრები საბერძნეთში მხოლოდ ამ 4 სპორტსმენით ჩავიდა.

ჭაბუკთა და ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონი ორივე ასაკობრივ ჯგუფში რუსეთი გახდა. მესამე ადგილზე ჭაბუკებში ყაზახეთი გავიდა, ახალგაზრდებში – ტაჯიკეთი. 

0.117031