ლიხტენშტაინი ევროპის იმ ნაკრებთა შორისაა, რომლის არცერთი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი ფინალურ ეტაპზე გასვლაზე არასოდეს საუბრობს – როდის რა დონის ჯგუფიც უნდა შეხვდეთ. საქართველოს უთამაშია ასეთ ნაკრებებთან, მაგალითად, მალტასთან, ფარერებთან, ლუქსემბურგთან. ჯუჯა ქვეყნებიდან მხოლოდ სან-მარინო, ანდორა და ლიხტენშტაინი არიან, რომლებსაც არასოდეს შევხვედრივართ. ჰო, კიდევ გიბრალტარი, რომელიც შესარჩევ ჯგუფში იქნება ქართველთა მეტოქე.
საქართველოს ნაკრებმა ოთხშაბათს კვლავაც სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მოედანზე ივარჯიშა და წვრთნა მხოლოდ საწყისი 15 წუთით იყო ღია. სიახლე არაფერია - ნაკრების განკარგულებაში 23 ფეხბურთელია და აქედან ორი დებიუტანტია: გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 4 მატჩია, გოლი არ გაუტანია და მშრალი სერის დასრულებას ლიხტენშტაინთან ველით. ბოლო გოლი, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა მიითვალა, დანიასთან 1:2 წაგებულ მატჩში ვიხილეთ გასული წლის 5 ივნისს. ეს ბურთი ირაკლი ძარიამ გაიტანა. რაც შეეხება ბოლო მოგებულ მატჩს, ეს შარშან 6 თებერვალს იყო – სტუმრად ალბანეთთან 2:1.
ერთი საინტერესო ფაქტი: ქეცბაიას მწვრთნელობისას, ნაკრები ყოველთვის 2:1 მოგებით იწყებს წელიწადს. 2010 წელს ესტონეთთან, 2011-ში სომხეთთან 2:1, 2012 და 2013 წლებში კი, ალბანეთთან.
მეტოქეს რაც შეეხება, ლიხტენშტაინი ფიფას რეიტინგში 150-ე ადგილზეა. სულ, შესარჩევ ეტაპებზე 93 მატჩი ჩაუტარებია და 6-ჯერ მოუგია. 2007 წელს მათ ისლანდიასთან 3:0 იმარჯვეს, ასევე, აზერბაიჯანი, ლატვია და ლიტვაც დაუმარცხებიათ. ორი შეხვედრა კი ლუქსემბურგს მოუგეს. ნაკრების ისტორიაში ორი ხმაურიანი ფრეც ყოფილა – 2004 წელს, ევროპის ჩემპიონატის მაშინდელ მოქმედ ფინალისტ პორტუგალიასთან 2:2 ითამაშეს, ირლანდიასთან კი 0:0 დაასრულეს. სხვათა შორის, შარშანაც მოახდინეს მინი-სენსაცია, როცა სლოვაკეთს ვადუცში დააკარგვინეს ქულები – 1:1.
ლიხტენშტაინის ნაკრებში სამი ფეხბურთელია, რომლებსაც 100-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ ეროვნულ გუნდში: მეკარე იელე (106), მცველები შტოკლასა და ფრიკი (112-112). ფრიკი ამ პატარა ქვეყნის ლეგენდად ითვლება, 16 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი და ამჟამად 39 წლისაა. რაც ასაკში შევიდა, მას შემდეგ დაიწია დაცვაში, თორემ ფორვარდი გახლდათ და ერთ დროს შვეიცარიული "ბაზელის" მეგოლე გახლდათ, შემდეგ კი იტალიურ კლუბებში ითამაშა, მათ შორის, სერია A-შიც. 12 წლის წინ, ფრიკი "ვერონას" სეზონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახლა კი ეს ფეხბურთელი ლიხტენშტაინის "ბალცერსში" გამოდის.
ნაკრების მწვრთნელ რენე პაურიხს "ვადუციდან" ჰყავს 6 ფეხბურთელი. ეს კლუბი შვეიცარიის ჩელენჯ-ლიგაში თამაშობს და შარშან ზაფხულს საჩხერის "ჩიხურას"'შეხვდა ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე. საჩხერელებმა შინ 0:0 ითამაშეს, სტუმრად 1:1 დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. და კიდევ, "მსოფლიო სპორტი" გუშინ წერდა, რომ ლიხტენშტაინს 5 ფეხბურთელი დააკლდება.
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: დანია-საქართველო 2:1, ყაზახეთი-საქართველო 1:0, საქართველო-საფრანგეთი 0:0, საქართველო-ფინეთი 0:1, ესპანეთი-საქართველო 2:0.
ლიხტენშტაინის ბოლო 5 მატჩი: ლიხტენშტაინი-საბერძნეთი 0:1, ლიტვა-ლიხტენშტაინი 2:0, ბოსნია-ლიხტენშტაინი 4:1, საბერძნეთი-ლიხტენშტაინი 2:0, ლიხტენშტაინი-ესტონეთი 0:3.
მატჩი 5 მარტს, "მიხეილ მესხზე", 18:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე პირდაპირი რეპორტაჟი იქნება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარია და "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში იყიდება.