წარმოგიდგენიათ პაველ ნედვედი სამშენებლო ჩაფხუტითა და სამუშაო კომბინეზონით? არადა, ადვილი შესაძლებელია, რომ ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ეს სამუშაო ატრიბუტები სულ მალე მოიზომოს. საქმე ის გახლავთ, რომ პაველ ნედვედს (რომელიც ამჟამად ტურინის “იუვენტუსში“ სკაუტისა და მწვრთნელის თანაშემწის რანგში მოღვაწეობს), ერთ-ერთმა დიდმა ჩეხურმა სამშენებლო კომპანიამ პარტნიორობა შესთავაზა და თუკი აღნიშნული ფირმის რამდენიმე პროექტში პაველი ოც მილიონ ევროს ჩადებს, შესაძლოა, სამ წელიწადში ეს 20 მილიონი ას მილიონად ექცეს.
ფაქტია, რომ ჩეხ მშენებლებს პაველ ნედვედის ცნობადობისა და ჩეხეთში მისი უზომო პოპულარობის გამოყენება სურთ და პაველთან პარტნიორობაც იმიტომ აქვთ გულში ამოჭრილი. თავის სამშობლოში ნედვედს ხომ სიტყვაც ხმამაღლა ეთქმის და ნდობაც მაღალი აქვს. მან სამშენებლო კომპანიას უკვე მისცა სიტყვიერი თანხმობა და ახლა მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების ფორმალური მხარეღაა დარჩენილი.
ბოლო წლების განმავლობაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიდ ქალაქებში ნამდვილი სამშენებლო ბუმი დაიწყო. ვარშავაში, კიევში, ბრატისლავაში, ბუდაპეშტში და სხვა... სისტემატურად ანგრევენ ძველ, საბჭოური ტიპის უხარისხო კორპუსებს და მათ ნაცვლად ახალ, თანამედროვე შენობებს აგებენ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ პრაღაშიც დაიწყო და ჩეხ მშენებლებს საქმე მართლაც რომ თავზესაყრელად დაუგროვდათ. პაველ ნედვედის დიდი ავტორიტეტი კი მათ საქმეს ერთი-ორად წაეშველება.