საფეხბურთო სეზონის ბოლოს გამოვლენილ ნომინანტთა შორის, მისი ადგილი მსაჯსაც უჭირავს. ბუნებრივია, როცა არბიტრის, ან ასისტენტის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასებას უკეთებ, ობიექტური შეფასების გაკეთებისას, მთავარი, პროფესიონალი ექსპერტის შეფასებაა. სწორედ ამისათვის მოვთხოვეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს მისი კოლეგების მიერ გასულ ჩემპიონატში გაწეული მუშაობის შეფასება.
როგორც გაირკვა, გულშემატკივარმა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა კონტინგენტმა, კიდევ ერთი სეზონი უნდა მოითმინოს. უახლოეს პერიოდში, განყოფილების მიერ შეჯამებულ ციფრებზე დაყრდნობით, სფფ საუკეთესო ქართველ მსაჯთა რეიტინგს გამოაქვეყნებს, თუმცა იგი, დაპირებისამებრ, ბოლოჯერ იქნება “ალფავიტური”.
ლევან ფანიაშვილი: - ახალი სეზონიდან გადავდივართ მსაჯების შეფასების ახალ სტილზე. ეს პირდაპირი მოთხოვნაა, რომ კრიტერიუმები, რომლითაც დამკვირვებლები სარგებლობენ, მთელს ევროპაში ერთ სისტემაში მოექცეს. იმის შემდეგ, რაც დამკვირვებლებთან შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, ნიშნების წერა იქნება მსაჯობის ადეკვატური. მერე, უკვე საფუძველი გვექნება ამ შეფასებების, მსაჯის ზოგადი პერსპექტივის და ფიზიკური მინაცემების მიხედვით გამოვიყვანოთ რეიტინგი.
- ე.ი. მომავალში, ალფავიტური რეიტინგისგან განსხვავებულ რეალურ რეიტინგს უნდა ველოდოთ.
- რა თქმა უნდა. პირდაპირ ვიტყვი, იმ ქულებით, რასაც მსაჯებს დამკვირვებლები წინა ჩემპიონატში უწერდნენ, ბედნიერები ნამდვილად არა ვართ. ხშირ შემთხვევებში, ისინი არაადეკვატურია მსაჯების საქციელისა მინდორზე. ჩვენ რომ ფორმალურად გავაკეთოთ არბიტრთა და ასისტენტთა “რანჟირება”, გამოვა ძალიან არასწორი სურათი. ამას გამოსწორება სჭირდება და ძალიან ბევრი სამუშაო გვაგქვს.
- დამკვირვებელს ვინ აკვირდება?
- ჩვენ - ფედერაციის სამსაჯო განყოფილების თანამშრომლები. განვლილი სეზონის განმავლობაში შემოსული ოქმების საბოლოო ანალიზმა გადაგვაწყვეტინა, დავაჩქაროთ უეფას მოთხოვნებზე გადასვლა. ეს პროცესი, ჩვენს განყოფილებაში ისედაც მიდიოდა, მაგრამ შუა სეზონში ხომ არ შევცვლიდით შეფასების კრიტერიუმებს.
პრობლემური მატჩების ფირებს პირადად ვეცნობოდით და მხოლოდ ამის შემდეგ კეთდებოდა დასკვნა - შეცდა მსაჯი, ან მისი ასისტენტი, თუ არა. ამდენად, განყოფილებას მონახაზი, ვინ როგორ იმსაჯა - გვაქვს.
- დამკვირვებელთა სემინარებს საკუთარი ძალებით ჩაატარებთ, თუ ევროპელებიც დაგეხმარებიან?
- ყველაფერი შერეული პრინციპით იქნება - ივლისში ჩვენი ძალებით შევკრებთ დამკვირვებლებს, აგვისტოში უეფას სამსაჯო კომიტეტის 2 წევრს ველოდებით, სექტემბერში კიდევ ერთ სემინარს ჩავატარებთ. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველაფერი ეს, შრომატევადი პროცესია და თუ სეზონის მიმდინარეობისას რეგულარული შეხვედრები არ გვექნა შესაბამის კონტინგენტთან, შედეგი დროული არ იქნება.
- თქვენს მიერ შემუშავებული სადისციპლინო კოდექსი, მსაჯისთვის ყველაზე მკაცრ რა სახის სასჯელს ითვალისწინებს?
- აქ ყველაფერი მარტივადაა - მსაჯს ეწერება ნიშანი და თუ იგი დაბალია, მაშინ კომიტეტი მას გაითვალისწინებს მისი შემდგომ მატჩებში დანიშვნისას. თუ ლაპარაკია ტენდენციურობასა და უფრო სერიოზულ (კრიმინალურ) დარღვევებზე, მაშინ სამსაჯო კომიტეტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ინსტანციას გადასცეს საკითხი შემდგომ განსახილველად.
შეცდომისაგან ჩვენს ჩემპიონატზე კი არა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯები არ არიან დაზღვეულები. იქ ამისათვის მსაჯს “თოფს კი არავინ ესვრის”, როცა ჯგუფური ეტაპი დამთავრდება - ჩაალაგებინებენ ჩემოდანს და გამოუშვებენ უკან. ჩვენც ყველაფერს გაზეთში ხომ არ დავწერთ (მით უფრო, ამას უეფას კონვენცია გვიკრძალავს) - შეცდა არბიტრი? მინიმუმ, მომავალ ტურში ვერ მიიღებს ჩვენგან სამუშაოს. თუ უფრო სერიოზული შეცდომაა, მეორე, მესამე და ა.შ. თამაშს გამოტოვებს.
ფრიდონ კერვალიშვილი