ჭიდაობა

22:36 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდით

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორი დღე, ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებისაა. შვიდი წონითი კატეგორიიდან, ოთხი უკვე დაინომრა. საქმეში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიც ჩაერთო, მაგრამ დილის პროგრამიდან ფინალურ ბლოკში გადასვლა, მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ შეძლო. შედეგითაც და ზოგადად, ჭიდაობის ხარისხითაც, იგი თანაგუნდელებზე ერთი თავით მაღლა იდგა. არადა, მოვლენების ასე ცუდად განვითარებას, ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის დაწყებამდე, ქართველთაგან არავინ ელოდა.

მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ, ევროპირველობის განაცხადი ზუსტად იმ შვიდი შეგირდით შეავსო, რომლებიც შარშან, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იახლა. ჯერ ყველას არ უჭიდავია და საბოლოო დასკვნის გაკეთება ძნელია. მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ დღეს ნაჩვენები ჭიდაობის მიხედვით, გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ვერაა.

ყველაზე მოულოდნელი, ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრის, რევაზ ლაშხის (60 კგ) სუსტი ჭიდაობა იყო. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, პირველი ორი წრე პერიოდდაუკარგავად გაიარა – სერბ კრისტიან ფრისს 5:1 4:1 მოუგო, ხორვატ ტონომირ სოკოლს – 1:0 2:0. პირველი ხარვეზი მეოთხედფინალში გამოჩნდა, რუსეთის ნაკრების წევრ ივან კუილაკოვთან დაჭიდებისას. ლაშხმა პირველი ორწუთეული აქტიურად ჩაატარა და იმარჯვა კიდეც – 3:1, მაგრამ მეორეში დაღლა დაეტყო. მსაჯმა კი ოდნავი გაპასიურებაც არ აპატია, უმალ გაფრთხილებით და მეტოქისთვის მიცემული ქულით დასაჯა. დასკვნით პერიოდში, ქართველი მოჭიდავე თავის ილეთზე მოჰყვა – მოწინააღმდეგეს გდება გაუკეთა, ოღონდ ილეთის დასრულება ვერ შეძლო და ქვემოთ მოექცა. ნახევარფინალში გამსვლელის ბედი, სწორედ ამ სამმა ქულამ გადაწყვიტა.

საკუთარ კედლებში საჩემპიონოდ განწყობილი და მოულოდნელი მარცხით იმედგაცრუებული სპორტსმენისთვის, ბრინჯაოს ფრონტზე გადართვა საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმაც რომ იქნებოდა, ცხადია, მაგრამ სავარაუდოდ, მარტო განწყობის გაფუჭება არ იყო მორიგი ჩავარდნის მიზეზი. რევაზ ლაშხი საშინლად დაღლილი ჩანდა და სლოვაკეთის ნაკრების წევრ იშტვან ლევაის ღირსეული წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია. ორი პერიოდის ჯამში, ჩვენებურმა 9 ქულა გაუშვა მაშინ, როცა თავად ერთი ქულის მოპოვებაც ვერ შეძლო.

დაღლილობამ იჩინა თავი 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძის შემთხვევაშიც და ეს უკანასკნელიც, რევაზ ლაშხის მსგავსად, რეპეშაჟის ნახევარფინალში დაიჩაგრა – თურქ ჩენკ ილდიმთან დაპირისპირებისას (0:1 0:2) ისე დაიქანცა, არათუ ბრძოლის სათავისოდ შეტრიალების, ხეირიანი წინააღმდეგობის თავიც აღარ ჰქონდა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ჯაბიძემ მერვედფინალით დაასრულა, სადაც ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან, სომეხ არტურ ალექსანიანთან უშანსოდ წააგო – 0:5 0:6. ამ შეხვედრამდე, ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელი ვოლოდიმირ ვასილიევის შთამბეჭდავად დამარცხება (6:3 2:0) მოასწრო. დამამშვიდებელ ეტაპზე გადართულმა კი, ილდიმთან წაგებამდე, შვედი ფრედერიკ სტეფან შონი ჩამოიცილა.

დღესვე, შეჯიბრებაში ქართული შვიდეულის უმსუბუქესი წევრი ლაშა გოგიტაძეც ჩაერთო, მაგრამ ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა – მერვედფინალში თურქ ფათიჰ უჩუნკუსთან, გაფრთხილებებით დახუნძლულ სამპერიოდიან შეხვედრაში დამარცხდა და მალე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან თურქი ფინალამდე ვერ მივიდა.

გოგიტაძისა და უჩუნკუს შეხვედრის სამივე პერიოდი ფრედ, 1:1 დასრულდა. ბოლო გაფრთხილების უპირატესობით, ჯერ ქართველმა მსუბუქწონოსანმა ისარგებლა, შემდეგ თურქმა. გადამწყვეტ ორწუთეულში კი, ჩვენებურმა ქულა ილეთით აიღო, მისმა მოწინააღმდეგემ კი ისევ გაფრთხილებით და სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა.

მსაჯების მიერ მოჭიდავეთა გახშირებული გაფრთხილება კი თანამედროვე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მახინჯი წესებიდან ერთ-ერთი უახლესია. მსაჯს თავისუფლად შეუძლია, აბსოლუტურად თანაბარი შეხვედრისას, რომელიმე მოჭიდავეს შედარებით პასიურობა დააბრალოს და ერთი ქულიანი გაფრთხილებით შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს. ასეთი უსამართლობები კი, დღის განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ და ხვალაც ბლომად ვნახავთ.

ბოლოს კი, ერთადერთი ქართველი მედალოსნის თბილისურ გამოსვლაზეც. გურამ ფერსელიძეს კენჭისყრაში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტად არ გაუმართლა – 17 მონაწილეს შორის იმ ერთადერთ წყვილში მოხვდა, რომელმაც ჩემპიონატი პირველივე წრიდან დაიწყო. ამასთან, მერვედფინალში გასასვლელად, ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, ჰეიკი ნაბის დაუპირისპირდა. ოლიმპიური თამაშების ესტონელ ფინალისტს მინიმალური ანგარიშით მოგებული ორი პერიოდით გასცდა. ჯერ იყო და, უქულო ფრის შემდეგ, ჩოქბჯენში თავის დაცვით დაწინაურდა, შემდეგ კი გაფრთხილებით იმარჯვა.

მერვედფინალსა და მეოთხედფინალშიც, ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველი პერიოდები ისევ ჩოქბჯენში თავის დაცვით მოიგო – ხორვატ მარკო კოსკევიჩთან და სლოვაკ დავიდ ლენგიელთან. მეორე ორწუთეულში კი ორივესთან ეფექტური გდებებით მიაღწია მიზანს.

ერთადერთი მოჭიდავე, ვისთანაც ვერც ფერსელიძემ და ვერც სხვა მძიმეწონოსნებმა ვერაფერი გააწყვეს, თურქი რიზა კაიაალპი იყო. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რომელსაც თურქეთიდან საგანგებოდ მის მხარდასაჭერად ჩამოსული გულშემატკივართა ჯგუფი ამხნევებდა, ქართველმა მოჭიდავემ უშანსოდ წააგო. რეპეშაჟის ფინალში კი, ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილთან საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 2:1 იმარჯვა.

ჩუგოშვილის გარდა, დღეს ევროპირველობაში კიდევ ერთი ქართველი, აზერბაიჯანის ნაკრების წევრი შალვა გადაბაძეც ჩაერთო და 96 კილოგრამში მე-5 ადგილი დაიკავა.

ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები 66, 74 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) იჭიდავებენ.

 

ევროპის ჩემპიონატი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

თბილისი. 23 მარტი

 

55 კგ

1 ელბეკ ტაზიევი (ბელარუსი)

2 ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ფათიჰ უჩუნკუ (თურქეთი)

3 ბეკხან მანკიევი (რუსეთი)

 

60 კგ

1 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)

2 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

 

96 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 ვლადისლავ ემილოვ მეტოდიევი (ბულგარეთი)

3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი)

 

120 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ევგენი ორლოვი (უკრაინა)

3 გურამ ფერსელიძე (საქართველო)

3 ვაჩიკ ეგიაზარიანი (სომხეთი)

0.589607