ინტერვიუები

16:15 | 13.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოვედი, რათა გავიმარჯვო

ზლატან იბრაჰიმოვიჩის “მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა ამ ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გამოდგა. ახლა პარიზულ კლუბს შეუძლია სერიოზულ წარმატებებზე იფიქროს. მთავარი ამოცანა – 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, უკვე რეალური ჩანს.
2007/08 წლების სეზონში პსჟ კინაღამ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა, ყატარელი ინვესტორები ამას არ შეუშინებია და 2011 წლის მაისში კლუბი იყიდეს. მათ მშვენივრად ახსოვდათ 90-იანი წლების ჩინებული გუნდი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატიც მოიგო, თასების თასიც და ზედიზედ 5 წლის განმავლობაში ევროთასების ნახევარფინალშიც გადიოდა.
კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით, უახლოესი და პრიორიტეტული ამოცანა ახლადდაწყებული საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენაც ამის დასტურია. “იბრას” გარდა, ამ ზაფხულს, პარიზელთა ახალწვეულები გახდნენ: სამხრეთამერიკელები - ტიაგუ სილვა, ესეკიელ ლავესი და ლუკას მოურა, ასევე, ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი – მარკო ვერატი. “ჩვენც გავძლიერდით და ანგარიშგასაწევი ძალა გავხდით”, – ამბობს პარიზელთა სპორტული დირექტორი, ლეონარდო.
ახლა კი დადგა დრო, თავად 30 წლის იბრაჰიმოვიჩს მოვუსმინოთ, რომელიც პარიზელებს დიდ გამარჯვებებს ჰპირდება.
- გვითხარით, რატომ აირჩიეთ “პარი სენ-ჟერმენი”?
- მჯერა, რომ მათი ოცნება რეალობად იქცევა და მინდა, ამ პროექტის ნაწილი ვიყო. პსჟ-მ ჩინებული ფეხბურთელები შეკრიბა და დიდებული გუნდის შექმნას აპირებს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი სულ უფრო საინტერესო, სანახაობრივი და ძლიერი გახდება. ვინ არ მოისურვებდა ასეთ პროექტში მონაწილეობას? “მილანზე” მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, თუმცა, ჩემს მომავალს პარიზში ვხედავ. მჯერა ახალი პროექტის და იმიტომ ვარ ამ ქალაქში.
- პსჟ-ს ახლანდელ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის, ჯერ კიდევ 2006 წელს, როცა ის “მილანის” მწვრთნელი იყო, სურდა თქვენი გადაბირება.
- ეტყობა, ეს ბედია. 2006-ში ძალიან ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან. 2010-შიც შეიძლებოდა ერთ გუნდში აღმოვჩენილიყავით. მაშინდელი მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო, მაგრამ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელი გახლდათ. ახლა ერთად ვმუშაობთ და ვინ ითამაშა აქ მთავარი როლი, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის. მან დამარწმუნა. მითხრა, რომ პარიზში გადმოსვლა ჩემთვის ფანტასტიკური შანსი იყო. და რასაც მეუბნებოდა, ახლა ყველაფერი სინამდვილეში ხდება.
- პარიზი მთელს მსოფლიოში თავისი ისტორიით, ძეგლებითა და ბოჰემური ცხოვრებითაა ცნობილი, ოღონდ არა ფეხბურთით. არის სიტუაციის შეცვლის შანსი?
- ყოველ დიდ ქალაქს აუცილებლად ძლიერი საფეხბურთო გუნდი სჭირდება. ქალაქი არსებობს, ახლა მის სტატუსს გუნდიც წამოეწევა. ჩვენი საქმეა მინდორზე გასვლა და გამარჯვება. პარიზში ცხოვრება ყველა ჩვენი გუნდელისთვის ღირსების საქმეა.
- ერთ-ერთი მთავარი ტურნირი, რომელიც თქვენ არ მოგიგათ, უეფას ჩემპიონთა ლიგაა. პსჟ-ში თქვენი გადასვლა ამ ოცნებასაც უკავშირდება?
- რა თქმა უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების რომ არ მჯეროდეს, პარიზში არ გადმოვიდოდი. მართალია, ამ ტურნირში არასოდეს გამიმარჯვია, მაგრამ, არა უშავს, ბევრი ექსტრაკლასის ფეხბურთელის მხარდამხარ მითამაშია და უამრავი პრიზი მომიგია. ახლაც მშვენიერი ოსტატების გარემოცვაში ვარ.
- რას ეტყოდით პსჟ-ს გულშემატკივრებს, რომლებმაც სეზონური აბონემენტები უკვე  დაიტაცეს და კლუბისგან ბევრს ელიან?
- ვურჩევდი, გუნდის სჯეროდეთ. ძალიან საინტერესო იქნება ახალი პსჟ-ს ცქერა. მის შემადგენლობაში ხომ ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქომაგები გავახაროთ. ისინი უკვე დიდი ხანია სტადიონზე დადიან და გამარჯვებებს ელიან. ახლა მოგებების დრო დგება.
- შარშანდელი სეზონი თქვენთვის ყველაზე შედეგიანი გამოდგა. იტალიის სერია A-ში 28 გოლი გაიტანეთ. შიძლება ვთქვათ, რომ კარიერის პიკზე ხართ?
- როგორც მოთამაშე, ყოველ წელს ვძლიერდები. სერია A-ს ბომბარდირი გავხდი და ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით “მილანის” რეკორდი დავამყარე. თუმცა, ამის მიუხედავად, ტიტული ვერ მოვიგე. საკითხავია, ბედნიერი ვარ? მირჩევნია საშუალო თამაშით პრიზები მოვიპოვო, ვიდრე ვარსკვლავები ვწყვიტო და უტიტულოდ დავრჩე. ასეთია ჩემი ფილოსოფია.

 

უეფას ოფიციალური გვერდის მოხედვით, მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

0.125016