ბოლო დროს ინგლისურ და იტალიურ პრესაში არაერთგზის დაიწერა, რომ ლონდონის “ჩელსი” “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინითაა დაინტერესებული და ფინანსური შეთავაზებებიც რამდენიმეჯერ გააუმჯობესა, მაგრამ ნეაპოლელები ვერაფრით დაიყოლია. ეს ინფორმაციები გუშინ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ Sky Sports-თან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო.
“გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. იგუაინის ხელში ჩაგდება ასე ადვილი არაა. იგი “რეალიდან” “ნაპოლიში” სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გადავიდა. ახალ გარემოს ბრწყინვალედ შეეწყო და სხვაგან გადასვლას არც თავად მოინდომებს და არც “ნაპოლის” ხელმძღვანელობა. ამიტომ არ მესმის, რა ლოგიკით უნდა მოვისურვოთ ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება. არათუ იგუაინის, საერთოდ ფორვარდის დამატებაზეც არ ვფიქრობთ. შეტევის ხაზში სამი კარგი მოთამაშე გვყავს” – განაცხადა მოურინიომ.