ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნებული პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე განხორციელებული შენაძენებით კმაყოფილია.
“არისტოკრატები” მეკარე მარკ შვარცერით (“ფულემიდან”), ნახევარმცველ მარკ ვან გინკელით (“ვიტესიდან”) და თავდამსხმელ ანდრე შიურლეთი (“ლევერკუზენიდან”) გაძლიერდნენ. მოურინიომ ისინი Sky Sports-თან საუბარში დაახასიათა.
“შიურლე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მიღებული აქვს უდიდესი გამოცდილება. ის თამაშობდა ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში და გერმანიის ეროვნულ გუნდში. ანუ, ის ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც დღესვე მზადაა “ჩელსის” დასახმარებლად.
ვან გინკელი ძალზე პერსპექტიულია, მაგრამ ჯერჯერობით შიურლეს დონემდე არ მისულა. ფიზიკურად ბრწყინვალედაა განვითარებული, მაგრამ ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
რაც შეეხება შვარცერს, სწორედ ასეთი მეკარე გვჭირდებოდა. რაღა თქმა უნდა, ის პირველი ნომერი ვერ იქნება, მაგრამ ჩეხს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს”, - თქვა ჟოზე მოურინიომ.