აშშ-ის 5 ქალაქში “გინესის ჩემპიონთა თასის” გათამაშება მიმდინარეობს. ეს ტურნირი ტრადიციულია და წლეულს მასში 8 გუნდი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში, ტურინის “იუვენტუსი” ინგლისურ “ევერტონთან” პენალტების სერიაში დამარცხდა (5:6), მადრიდის “რეალმა” კი, “ლოს ანჯელეს გელექსის” 3:1 მოუგო. იტალიურმა “მილანმა” ესპანური “ვალენსია” 2:1 დაამარცხა, ლონდონის “ჩელსიმ” კი იტალიის კიდევ ერთ წარმომადგენელს, “ინტერს” 2:0 სძლია. ახლა, ნახევარფინალებში, ამ შაბათ-კვირას, ლოს ანჯელესში ერთმანეთს “ევერტონი” და “რეალი” შეხვდებიან, ხოლო ნიუ იორკში - “მილანი” და “ჩელსი.” ასევე გაიმართება მატჩები 5-8 ადგილებისთვისაც.
უკვე ნათამაშები მატჩებიდან, “ჩელსი” – “ინტერის” შეხვედრას გამოვყოფთ, რადგან ჟოზე მოურინიოს “არისტოკრატთა” რიგებში დაბრუნება, მთელი საფეხბურთო სამყაროს დიდ ინტერესს იწვევს. მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა და “ლურჯების” გამარჯვებით (2:0) დამთავრდა. გოლები ოსკარმა (მე-13 წთ) და აზარმა (29, პენ) გაიტანეს. საერთოდაც, Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მოურინიომ კონფედერაციათა თასზე ნათამაშები ხუან მატა, ფერნანდო ტორესი, სესარ ასპილიკუეტა, ჯონ ობი მიკელი და დავიდ ლუისი თამაშის ბოლოსკენღა შეუშვა მინდორზე, სამაგიეროდ, სასტარტოში “დააყენა” ჰოლანდიელი ახალწვეული მარკო ვან გინკელი. “მარკო თავიდანვე ვათამაშე და ასეთი სირთულის მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ შეერწყმება იგი გუნდს, – თქვა მერე მოურინიომ, - ოსკარი ახლახან დაგვიბრუნდა კონფედერაციათა თასიდან, აზარი კი თავიდანვე ჩვენთან იყო. ისინი შარშანაც კარგად ურთიერთობდნენ და იმედია, წლეულსაც არ ექნებათ შეთამაშების პრობლემა. რაც შეეხება “მილანთან” საკვირაო მატჩს, ნიუ იორკში დიდი იტალიური სათვისტომოა და ალბათ, სტადიონზე ბევრი მხარდამჭერი ეყოლებათ. ყველა შეთხვევაში, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველის.”
Daily Mail კი წერს, რომ მოურინიოს, გულში ფერნანდო ტორესის “გაცოცხლება” ამოუჭრია და ეცდება ესპანელი ძველებურად აათამაშოს.