მიმდინარე ტურს ზესტაფონში საპაექროდ შეყრილი გუნდები განსხვავებულ განწყობაზე შეხვდნენ. ფეროელებმა ზედიზედ სამმატჩიანი წაგებული სერიის შემდეგ სტუმრად ბოლნისის “სიონს” მოუგეს საკმაოდ პრინციპულ მატჩში, ხოლო ქობულეთელებმა გასვლაზე მწარე მარცხი (0:6) იწვნიეს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის “დინამოსთან”. ბუნებრივია, ამ შეხვედრის წინ ორივე გუნდს სურდა თავისი ინტერესი დაეცვა და სასურველი შედეგისათვის მიეღწია. ზღვისპირელების მიზანი იყო თბილისური კოშმარის დავიწყება, ხოლო იმერლებს სურდათ წარუმატებელი სერია გამარჯვებებით ჩაენაცვლებინათ.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. სტუმართა მთავარი მწვრთნელი იძულებული შეიქნა დებიუტშივე შეეცვალა თუხარელი, რომელმაც ტრავმა მიიღო. დროის საწყისს მონაკვეთში გუნდებმა სახიფათო სტანდარტულები გაცვალეს. ზესტაფონელთაგან ჯარიმა მარჯვენა, მახვილი კუთხიდან გვალიამ შეასრულა ოდნავ არაზუსტად, ხოლო ქობულეთელთაგან ანალოგიური პოზიციიდან სტანდარტულს ჩაფიძე ასრულებდა, მაგრამ ბურთი თედორე გრიგალაშვილს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.
სადებიუტო წუთების შემდეგ მასპინძლები სათამაშო ინიციატივის ხელში აღებას შეეცადნენ. პირველი სასიგნალო დარტყმა “შუქურას” კარის მიმართულებით შარიქაძემ შეასრულა, როდესაც ზესტაფონელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯმა, თეიმურაზ კაკალაძემ ნახტომში შეძლო ბურთის დამორჩილება. ცოტა ხანში ზედიზედ ორჯერ ქობულეთელთა კარს ჭანკოტაძე დაემუქრა. პირველ შემთხვევაში ფეროელთა ნახევარმცველი შორიდან ცდილობდა კაკალაძისათვის ბურთის გადაგდებას, მაგრამ ბურთი “შუქურას” კარის ხარიხას გადაევლო, ხოლო მეორე შემთხვევაში გიორგის დარტყმული ისევ მცირედით აცდა კაკალაძის დასაცავ ობიექტს.
მართალია, სტუმრები აქტიურად ცდილობდნენ პრესინგს მოედნის საკუთარ ნახევარზე, მაგრამ ზესტაფონელთა იერიშების შეჩერება მათ სულ უფრო და უფრო უჭირდათ. რამდენიმეჯერ იმერლებმა საქმე ბოლო დარტყმამდე ვერ მიიყვანეს, ხოლო 30-ე წუთზე კი გოლის გატანა მოახერხეს. მასპინძლების მორიგი იერიშისას, ზესტაფონელები მეკარესთან პირისპირ სარდალიშვილის გაყვანას ცდილობდნენ, რომელმაც ორ მცველთან ბრძოლაში იმდენი შეძლო, რომ ბურთი ილურიძეს მიუვიდა. გიორგიმ შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და კაკალაძესთან პირისპირ დარჩენილმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ილურიძემ “დავით აბაშიძეზე”, ზესტაფონის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რითაც უზომოდ გაახარა სტადიონზე შეკრებილები – 1:0.
ანგარიშის გახსნამ მასპინძელთა შეტევები ოდნავ შეანელა, თუმცა ტაიმის მიწურულს ზესტაფონელებმა ისევ მედგრად შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს. მათ რამდენიმეჯერ კუთხურის ჩამოწოდების უფლებაც კი მოიპოვეს, მაგრამ რაიმე სერიოზული ხიფათის შექმნა ვეღარ მოახერხეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარი “ზესტაფონის” ნახევარმცველის, ვახტანგ ჭანტურიშვილის დიდებული დარტყმით გაიხსნა, რომლის შემდეგაც ბურთი მოწინააღმდეგის კარის “ცხრიანისკენ” მიფრინავდა, მაგრამ ბოლო წამს ბურთმა მიმართულება იცვალა და მცირედით აცდა ქობულეთელთა კარს. ამის საპასუხოდ, სტუმრებმა სტანდარტულიდან შეაწუხეს ზესტაფონელთა კარის დარაჯი პავლოვიჩი, როდესაც საჯარიმო ჩელებაძემ შეასრულა, მაგრამ ბალკანელი უშეცდომოდ გაისარჯა და ბურთს ნახტომში დაეუფლა. ცოტა ხანში გიორგი ჩელებაძე კუხიანიძემ მეკარესთან პირისპირ გამჭოლი გადაცემით გაიყვანა, რომლის დროსაც აშკარად შეცდა რენე ფერეირა. “შუქურას” ფორვარდმა ბურთიანად ირბინა და როდესაც მცველის მოახლოება იგრძნო მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ პავლოვიჩმა პოზიციაც კარგად შეარჩია და ნახტომიც მშვენიერი გამოუვიდა, რომლის წყალობით საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. სულ მალე კუთხურიდან ჩაწოდებულის შემდეგ შეეძლოთ სტუმრებს მოწინააღმდეგს საჯარიმოში უკეთ ეთამაშნათ, მაგრამ კალანდაძემ ბურთი ვერ შეიმაგრა, შემდეგ კი ფერეირასთან ჭიდილში წაიქცა. ამას ბრაზილიელის გაცხარება და ფეხბურთელებს შორის შეკამათება მოჰყვა, რასაც არბიტრისაგან სამართლიანად ორივეს “გაყვითლება” მოჰყვა.
ქობულეთელთა გააქტიურებას მასპინძელთა საპასუხო შეტევებიც მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი შარიქაძის შორეული დარტყმა გახლდათ, რომელიც კაკალაძემ ნახტომში მოიგერია. ძალიან მალე ქობულეთელებს ისევ მიეცათ კარგი შანსი, ამჯერადაც კუთხურიდან, ჩალაძის ჩაწოდებულზე ყველაზე მაღლა გიორგი გურული ახტა, რომლის თავური დარტყმა ძალზე არაზუსტი გამოდგა, არადა “შუქურას” მცველს ხელს ვეღარავინ უშლიდა და სიზუსტე რომ გამოევლინა ალბათ წონასწორობაც აღდგებოდა.
ზღვისპირელების გააქტიურება და უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, რის გამოც მასპინძელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეცვლებსაც მიმართა, მაგრამ გარკვეული პერიოდი საერთო სათამაშო სურათის შეცვლა მაინც ვერ მოახერხა. ძალაინ ხშირი იყო მასპინძელთა მხრიდან უნებლიე დაკარგვები, რაც მეტოქეს მეტ შანსებს აძლევდა. 70-ე წუთიდან ფეხბურთელებს ძლიერი წვიმა წამოეწიათ, რომელმაც მატჩში გარკვეული კრექტივები შეიტანა, თუმცა თამაშის ტემპი არ დავარდნილა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დაახლოებით ნახევარსაათიან მონაკვეთში არბიტრს ფეხბურთელებისათვის რვა ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ ვიტყვით, რომ თამაში უხეში იყო. უბრალოდ ბარათების უმრავლესობის ჩვენება ყრუაშვილს შელაპარაკებების და სიმულაციის გამო მოუხდა.
შეხვედრა დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ქობულეთელებმა მახვილი კუთხიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომლის დროსაც ყველა ზღვისპირელი ჩალაძის გარდა ზესტაფონელთა საჯარიმოში იმყოფებოდა. ჩელებაძემ ბურთი სწორედ ჩალაძეს დაუგორა, რომელმაც გამოზომილად, არც თუ ისე ძლიერად დაარტყა, ბურთი სველ მინდორზე გასრიალდა და მას პავლოვიჩი ვეღარ შეწვდა, რომლის შედეგადაც ბურთი ზესტაფონელთა კარის მარჯვენა კუთხეში შევარდა – 1:1. დარჩენილ დროში მასპინძლები შტურმის მოწყობას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა. “შუქურამ” სასურველი ქულაც აიღო და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოისწორა.
ამირან გოგიტიძე (“შუქურა”) –“ ორივე გუნდს შეეძლო თამაშის მოგება. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე ფორვარდი და ფლეიმეიქერი შევუშვით, რამაც გაამართლა. ამასთანავე, ვცდილობდით უკან ყურადღებით გვეთამაშა. მეორე ტაიმში ვიგრძენით, რომ მოწინააღმდეგეს ის ძალა და ენერგია აღარ ჰქონდა”.
გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”) – “ სამწუხაროდ, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების. მეორე ტაიმში მათ სათანადოდ ვერ ითამაშეს. როგორც ჩანს, წინა ტურში “შუქურას” დიდი ანგარიშით წაგებამ იმოქმედა. ბოლოს კი დასანანი გოლი გავუშვით”.
“ზესტაფონი” - “შუქურა” - 1:1 (1:0)
20 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 2500 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გაგოშიძე, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, გვალია (ფანცულაია, 62), ჭანკოტაძე (კაპანაძე, 89), სარდალიშვილი, ჭანტურიშვილი, შარიქაძე, ხიდეშელი, ილურიძე (მიქელთაძე, 61).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“შუქურა”: კაკალაძე, ტაკიძე (მესხი, 75), ჩაფიძე (მეტრეველი, 64), კალანდაძე, გიორგი გურული, მალანია, ჩალაძე, კუტალია, თუხარელი (ზაზა ტუღუში, 4) კუხიანიძე, ჩელებაძე.
მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
გოლები: 1:0 ილურიძე (30), 1:1 ჩალაძე (88).
გაფრთხილება: ჩაფიძე (52), რენე ფერეირა (56), კალანდაძე (56), გაგოშიძე (67), მიქელთაძე (71), ჭანტურიშვილი (72), მეტრეველი (78), ჩელებაძე (85).
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)
1 | დინამო (თბ) | 5 | 4 | 0 | 1 | 12:5 | 12 |
2 | დილა | 5 | 3 | 1 | 1 | 7:1 | 10 |
3 | სამტრედია | 5 | 3 | 1 | 1 | 7:5 | 10 |
4 | სპარტაკი | 6 | 3 | 1 | 2 | 4:5 | 10 |
5 | დინამო (ბთ) | 6 | 3 | 0 | 3 | 6:6 | 9 |
6 | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 6:3 | 8 |
7 | ტორპედო | 5 | 2 | 2 | 1 | 5:3 | 8 |
8 | ზესტაფონი | 6 | 2 | 1 | 3 | 13:8 | 7 |
9 | ჩიხურა | 5 | 2 | 1 | 2 | 5:5 | 7 |
10 | შუქურა | 6 | 1 | 4 | 1 | 5:10 | 7 |
11 | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 0 | 3 | 4:3 | 6 |
12 | სიონი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 |
13 | გურია | 5 | 1 | 2 | 2 | 3:10 | 5 |
14 | მერანი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:7 | 4 |
15 | კოლხეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
16 | ზუგდიდი | 5 | 0 | 3 | 2 | 2:6 | 3 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.