შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-5 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. ბონდარენკოს კარგი გადაცემის შემდეგ კვერნაძე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი სტუმართა კარისკენ გაგზავნა. ,,ტორპედოელთა” ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. სულ მალე შეტევაში ვეტერანი აბრამიძე ჩაერთო. მან მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს კუთხიდან გაისროლა, თუმცა დარტყმა სუსტი გამოუვიდა და მამინაშვილს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
ტაიმის მესამედის მიწურულს სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და მეტად სახიფათო შეტევა განახორციელეს. საკუთარი ნახევრიდან გავაშელიშვილის დიაგონალური გადაცემის შემდეგ ჭკუასელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა რიონისპირელთა კიპერი უნაკლოდ გაისარჯა. იგი წინ გამოვიდა, მომხვდურს დარტყმის კუთხე შეუმცირა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა. 30-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი შეტევაში ჩაერთულ ტეტუნაშვილსაც მიეცა, რომელმაც საჯარიმოს მიახლოვებულმა გამიზნული დარტყმა განახორციელა, მაგრამ ჩანაფიქრს თებიძე მიუხვდა და ბურთს იოლად დაეუფლა.
ორი წუთის შემდეგ კი გოლიც ვიხილეთ. რიონისპირლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო ფაზაში ბაბუნაშვილმა თავით ბურთი კვერნაძეს დაუგდო. ქუთათურთა შემტევმა ტეტუნაშვილი ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და გამოზომილი დარტყმით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოათავსა - 1:0.
ტაიმის ბოლომდე რიონისპირელთა ფორვარდს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო. 41-ე წუთზე იგი ბურთს საჯარიმოს ხაზთან დაეუფლა, მოხდენილი მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და მეტოქის კარისკენ ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
შეხვედრის განახლებისთანავე აჭარლებმა სახიფათოდ შეუტიეს. მარჯვენა ფლანგიდან ჩირიკაშვილის განივი გადაცემა უბერებელმა მუჯირმა მახვილგონივრულად გაატარა. საჯარიმოს რკალში ბურთს ბერიაშვილი დაუხვდა და ნახევარბრუნში ძლიერი დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარისკენ გაგზავნა. ყოფილი ,,ტორპედოელის” დარტყმა ოდნავ გადასცდა ხარიხას. ცოტა ხანში ყურადღების ცენტრში იგივე ფეხბურთელები მოექცნენ. ჩირიკაშვილის მოწოდებულ კუთხურს ბერიაშვილმა თავით მიმართულება შეუცვალა, მაგრამ თებიძეც კარგად გაისარჯა და ბურთს საჭირო ადგილზე დაუხვდა.
52-ე წუთზე რიონისპირელებმა მეორედ გაიხარეს. გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. ბაბუნაშვილის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე აბრამიძე გამოდგა. იგი სხვებზე მაღლა ახტა და მძლავრი თავური დარტყმით ბათუმელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია-2:0.
ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 55-ე წუთზე გავაშელიშვილმა კარგი გადაცემით ჩირიკაშვილი ხელაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ აჭარელთა ნახევარმცველმა დარტყმა უხეიროდ შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.
თამაშის დაწყებიდან ერთი საათის მიწურულს ძოძუაშვილმა პირველი შეცვლა განახორციელა და მოედანზე ქებურიას უხმო, რომლის ბურთთან პირველივე შეხება კინაღამ შედეგიანი გამოდგა. მინდორზე გამოსვლისთანავე იგი თანაგუნდელებმა შეტევაში ჩართეს და მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ უკანასკნელ წამს მცველებმა იმარჯვეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მალე აბრამიძეც ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან ,,ტორპედოელთა” კაპიტნის გასროლა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თითქმის მაშინვე ბაბუნაშვილი ურტყამდა საჯარიმოს კუთხიდან. ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა.
ამის შემდეგ ზღვისპირელთა ჯერიც დადგა. მარცხენა ფრთიდან სუხიაშვილის ჩაწოდებულს ბერიშვილმა თავით მიმართულება შეუცვალა. ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. აჭარელთა ფორვარდის მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. შეტევაში ჩართულმა ტეტუნაშვილმა ბურთი საჯარიმოში ზურგით მდგომ ბერიაშვილს ჩაუგდო, რომელმაც მეტოქის მცველებს კორპუსით ბრძოლა მოუგო და შემობრუნებითი დარტყმით თებიძეს აუღებელი დაურტყა - 2:1.
გაშვებულმა გოლმა ქუთათურებზე დამთრგუნველად იმოქმედა და სულ მალე ისინი მეორედაც დაისაჯნენ. 75-ე წუთზე ბერიაშვილმა თავით ბურთი შეცვლაზე შესულ დიასამიძეს დაუგდო, რომელმაც თანაგუნდელს ამაგი დაუფასა, ოდნავ წინ გადაადგილდა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტი ძლიერი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა - 2:2.
მასპინძლები შოკიდან მომენტალურად გამოვიდნენ და მთელი გუნდით მეტოქეს მიეძალნენ. ძველებურად გაიბრწყინა აბრამიძემ. იგი მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩაერთო და პირით ხაზთან მისულმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ კვერნაძეს იდეალური გადაცემა გაუკეთა. ,,ტორპედოელთა” ახალგაზრდა ფორვარდს საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ ბურთის კარში მოხვედრა ვერ მოახერხა.
84-ე წუთზე ბათუმლებს წინ გასვლაც შეეძლოთ. იერიშში გართულ მასპინძლებს აჭარელთა კონტრშეტევა გაეპარათ, მაგრამ გავაშელიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმულს თებიძემ სწორი პოზიცია შეურჩია და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
და მაინც რიონისპირელებს შეეძლოთ შეხვედრა გამარჯვებამდე მიეყვანათ. მატჩის უკანასკნელი წუთები იწურებოდა, როცა შეცვლაზე შესული ფიფია რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და საჯარიმოს რკალიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას და საყაიმო ანგარიშიც უცვლელი დარჩა.
პრესკონფერენცია:
რევაზ ძოძუაშვილი (,,ტორპედო”) - ,,ფეხბურთი იმით არის კარგი, რომ იგი მოულოდნელობებით აღსავსეა. მაყურებელმა დღეს კარგი თამაში იხილა. ბათუმლებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ოდნავი მოდუნებაც არ გვაპატია. ჩვენი შეცდომებიც გამოჩნდა, რომელზედაც მუშაობა მოგვიწევს.”
ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,სასიამოვნოა, რომ კარგი თამაში გამოვიდა. ეროვნულ ჩემპიონატს ისეთი ტრადიციული გუნდები ამშვენებს, როგორიც ,,ტორპედო” და ბათუმის ,,დინამოა.” ქუთაისში ქულის აღება გამარჯვების ტოლფასია. ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მათ მეორე ტაიმში ამ სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენეს .”
,,ტორპედო” (ქუთაისი) - ,,დინამო” (ბათუმი) 2:2 (1:0)
27 სექტემბერი. 16.00. ქუთაისი. ,,ცენტრალური”. 3000 მაყურებელი.
,,ტორპედო”: თებიძე, ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე (კ), მახვილაძე, ბონდარენკო, დრაველი (ფიფია 81), ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი (ჩიკვილაძე 85), მარკოზაშვილი (ქებურია 58), კვერნაძე;
მთ. მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
,,დინამო”: მამინაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, მახარაძე, ჩირიკაშვილი (დიასამიძე 61), მგელაძე, შონია, ჭკუასელი ( აბუსელიძე 73), მუჯირი (კ) (ვარშანიძე 88), ბერიაშვილი;
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლები: 1:0 კვერნაძე (32), 2:0 აბრამიძე (52), 2:1 ბერიაშვილი (73), 2:2 დიასამიძე (75);
გაფრთხილება: აბრამიძე (33);
არბიტრი: ლევან კვარაცხელია
1. |
დინამო თბ. |
7 |
5 |
1 |
1 |
14:6 |
16 |
|
2. |
სამტრედია |
7 |
4 |
1 |
2 |
8:6 |
13 |
|
3. |
სპარტაკი |
7 |
4 |
1 |
2 |
6:6 |
13 |
|
4. |
ტორპედო |
7 |
3 |
3 |
1 |
8:5 |
12 |
|
5. |
დილა |
7 |
3 |
2 |
2 |
8:3 |
11 |
|
6. |
ვიტ ჯორჯია |
7 |
3 |
1 |
3 |
9:6 |
10 |
|
7. |
დინამო ბთ. |
7 |
3 |
1 |
3 |
8:8 |
10 |
|
8. |
ჩიხურა |
7 |
3 |
1 |
3 |
7:8 |
10 |
|
9. |
მეტალურგი |
7 |
2 |
3 |
2 |
9:8 |
9 |
|
10. |
გურია |
7 |
2 |
3 |
2 |
6:12 |
9 |
|
11. |
ზესტაფონი |
7 |
2 |
2 |
3 |
15:10 |
8 |
|
12. |
სიონი |
7 |
2 |
2 |
3 |
8:9 |
8 |
|
13. |
მერანი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:8 |
7 |
|
14. |
კოლხეთი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:10 |
7 |
|
15. |
შუქურა |
7 |
1 |
4 |
2 |
5:11 |
7 |
|
16. |
ზუგდიდი |
7 |
0 |
3 |
4 |
4:11 |
3 |
მეგოლეები:
4 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი), დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.