“მოსკოვსკი კომსომოლეცმა” გუშინ ცნობა გაავრცელა: თბილისის “დინამოსა” და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, გარდაცვლილი ვიტალი დარასელიას ვაჟი, 35 წლის ვიტალი დარასელია გაასამართლესო. ჩერიომუშკების სასამართლომ მას 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
საუბარია ბინის გაძარცვაზე, რომელშიც,”მოსკოვსკი კომსომოლეცის” თქმით, ორი ადამიანი მონაწილეობდა: ირაკლი გოლანძია და ვიტალი დარასელია. ისინი 23 მაისს დაუკავებიათ: გაყიდულ ნივთებს გოლანძია ჰყიდდა, ვიტალი კი უბრალოდ, იქ ყოფილა. თუმცა, პოლიციას ორივე მათგანი დაუკავებია.
დაკითხვაზე გოლანძიას უთქვამს, რომ ბინა გაქურდა, ხოლო ამის შემდეგ წასულა ბაზარზე ვიტალისთან შესახვედრად, რათა მისთვის ვალი დაებრუნებინა. სამართალდამცავებმა გოლანძიას არ დაუჯერეს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ორივე ერთად აკეთებდა საქმეს. ისე გამოვიდა, რომ გოლანძიას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მან დანაშაული აღიარა. აი, დარასელიას კი 2,5-წლიანი სასჯელი აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აშკარა სამხილები არ არსებობდა.
“მოსკოვსკი კომსომოლეცმა” განაჩენის გამოტანის შესახებ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. გუშინ კი 13 მაისი იყო... 33 წლის წინ, 13 მაისს ვიტალი დარასელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
ვიტალი-უმცროსიც კარგი ფეხბურთელი გახლდათ ახლო წარსულში. მან 2009 წელს დაასრულა კარიერა. მისი საუკეთესო პერიოდი: თბილისის “დინამომ” 2004 წელს მოსკოვში თანამეგობრობის თასი მოიგო, დარასელია კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.