მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს 30 სექტემბერს ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. "რეკორდმაისტერები" უკვე მოსკოვში არიან, თუმცა გასული ღამე მათთვის მშვიდი არ ყოფილა.
კვირა საღამოს სასტუმროში, სადაც გერმანულმა კლუბმა ბინა დაიდო, უცბად ხანძრის განგაშის ხმა გაისმა და სასტუმროს დაცვამ მთლიანი კლუბის ევაკუაცია მოახდინა. მიუნხენელები ჯერ გარეთ იდგნენ, შემდეგ კი უახლოეს რესტორანში დაელოდნენ ვითარების გარკვევას.
სასტუმროში საგანგაშო არაფერი ყოფილა და ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მიუნხენელები საკუთარ ოთახებს დაუბრუნდნენ. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ფეხბურთელებს ძილისთვის დამატებით ერთი საათი მიეცათ.
გიორგი ბალახაძე