ჭიდაობა

20:26 | 17.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოსიძე ბრინჯაოს შეწვდა, პეტრიაშვილს ერთი ნაბიჯი დააკლდა

სინგაპურში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ირაკლი მოსიძემ (63 კგ) ორიოდ კვირის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მოგებულ ბრინჯაოს კიდევ ერთი ბრინჯაო მიამატა.
წილისყრამ ქართველი A ჯგუფში მოახვედრა, რუს აზამატბი ფშნატლოვთან, ავსტრიელ ჰარის ფაზლიჩთან და ეკვადორელ იონი პილაისთან ერთად. მოსიძემ ავსტრიელს უდიდესი უპირატესობით მოუგო, რუსთან კი ვეღარაფერს გახდა და ეკვადორელის ძლევით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ბრინჯაოს მედლის შანსიღა შეინარჩუნა. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე თითო წონაში მხოლოდ თითო ბრინჯაო თამაშდება. მოსიძე B ჯგუფის მეორეადგილოსანს, ამერიკელ ქუინტონ მერფის დაეჭიდა და აჯობა. ჩემპიონი ირაკლი მოსიძის მომგები აზამატბი ფშნატლოვი გახდა.
დღესვე ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილიც (100 კგ) გავიდა და ჯგუფური ეტაპი მანაც მეორე ადგილით დაასრულა - აზერბაიჯანელ ალი მაგომედაბიროვთან წააგო, მონღოლი ოიუნბოლდ ენხთუგსი და სამოელი მანუოლეფოაგა სუალევაი კი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელ სატივარტ კადიანს დაუპირისპირდა. გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ მეოთხე ადგილი იკმარა. ოქროს მედალს კი 100 კილოგრამში პეტრიაშვილის მძლეველი აზერბაიჯანელი დაეუფლა.
ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიაა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე, რატომღაც, ეს წონები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებს შუაზე გაუყვეს. ბერძნულ-რომაულში მხოლოდ 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, თავისუფალში – 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში. გოგონებში კი სულაც, მედლების მხოლოდ 4 კომპლექტი გათამაშდა.
აქვე ერთი საინტერესო შეზღუდვაც – თითოეულ სახეობაში ევროპულ ქვეყანას მაქსიმუმ 2 წონაში შეეძლო სპორტსმენის გამოყვანა. ქართველმა თავისუფლებმა ეს ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენეს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 3 თვის წინ ჩატარებულ სალიცენზიო ტურნირში მოპოვებული ვერცხლისა (მოსიძე) და ბრინჯაოს (პეტრიაშვილი) მედლებით. ბერძენ-რომაელები კი მაშინ სამეულს ვერ შეწვდნენ და სინგაპურის ახალგაზრდულმა ოლიმპიადამ ქართველი კლასიკოსების გარეშე ჩაიარა.
21 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოისტები – ბექა ტუღუში (66 კგ) და სოფიო ბერიძე (63 კგ) ჩაერთვებიან. 25-ში ტუღუში და ბერიძე ისევ მოირგებენ კიმონოებს, გუნდურ პირველობაში გამოსასვლელად. ეს შეჯიბრი შერეული წყვილების პრინციპით გაიმართება, რადგან ძიუდოშიც თითო ქვეყანაზე მხოლოდ 2-ადგილიანი ქვოტაა დაწესებული, ორივე სქესის თითო სპორტსმენისთვის.
შეგახსენებთ, ბექა ტუღუში 2009 წლის მსოფლიოს მესამე პრიზიორია ჭაბუკებს შორის, ოღონდ მაშინ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.11463