როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში ყაზახეთს სძლია (2.5:1.5) და ასტანაში დასრულებულ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა.
სამწუხაროდ, უსიამოვნო სიურპიზების გარეშე არც უკანასკნელ ტურს ჩაუვლია. ამჯერად, მასზე გაცილებით სუსტ მეტოქესთან მარცხი ნინო ხურციძემ (2437) განიცადა, ბელა ხოტენაშვილმა (2499) ყაიმი დააფიქსირა, ნანა ძაგნიძემ (2554) და ლელა ჯავახიშვილმა (2464) კი გამარჯვებები იზეიმეს.
საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები საპრიზო სამეულს მიღმა სწორედ დასანანი შეცდომების გამო დარჩა. არადა, იმ ფონზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის აღიარებული ფავორიტები ყაზახეთში ლიდერთა გარეშე იყვნენ ჩასულნი, ოქროს მედლების მოპოვებაც კი სავსებით რეალური სჩანდა.
ასე კი, ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 12 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილს დასჯერდნენ, ხოლო კვარცხლბეკზე პოზიციების ასე განაწილდა: 1. უკრაინა – 16 ქულა; 2. ჩინეთი – 15 ქულა; 3. რუსეთი – 13 ქულა. ბოლო ტურში უკრაინამ და რუსეთმა მოსალოდნელი ყაიმი გააფორმეს, ჩინეთმა კი სასურველი 2 ქულა ინდოეთთან მიითვალა.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ასტანა, ყაზახეთი
ბოლო ტური
საქართველო – ყაზახეთი 2.5:1.5
ნანა ძაგნიძე (2554) – გულისხან ნახბაიევა (2344) 1:0
გულმირა დაულეტოვა (2265) – ბელა ხოტენაშვილი (2499) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2464) – მადინა დავლეტბაიევა (2272) 1:0
ზანსაია აბდუმალიკი (2187) – ნინო ხურციძე (2437) 1:0
რუსეთი – უკრაინა 2:2
ჩინეთი – ინდოეთი 2.5:1.5
აშშ – რუმინეთი 2:2
საფრანგეთი – თურქეთი 3.5:0.5
საბოლოო მდგომარეობა
1. უკრაინა – 16 ქულა; გუნდური: 24.5 (დაფების ჯამის მიხედვით)
2. ჩინეთი – 15 ქულა; 25.5
3. რუსეთი – 13 ქულა; 24.0
4. საქართველო – 12 ქულა; 21.5
5. ინდოეთი – 9 ქულა; 17.5
6. აშშ – 8 ქულა; 15.5
7. ყაზახეთი – 6 ქულა; 15,5
8. რუმინეთი – 6 ქულა; 14.5
9. საფრანგეთი – 4 ქულა; 12.0
10. თურქეთი – 1 ქულა; 9
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები
I დაფა – ნანა ძაგნიძე (2555) – 4.5 ქულა (8-დან), მე-5 ადგილი – რეიტინგის ცვლილება -9
II დაფა – ბელა ხოტენაშვილი (2499) – 4.5 ქულა (8), მე-5 ადგილი – რეიტინგის ცვლილება -7
III დაფა – ლელა ჯავახიშვილი (2461) – 4.5 (7), მე-3 ადგილი – რეიტინგის ცვლილება 0
IV დაფა – ნინო ხურციძე (2437) – 4.0 (7), მე-5 ადგილი – რეიტინგის ცვლილება -9
სათადარიგო დაფა – სალომე მელია (2403) – 4.0 (6), მე-2 ადგილი – რეიტინგის ცვლილება +5