ფეხბურთი

2:48 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოსალოდნელი ფინალი: ესპანეთი – ბრაზილია

კონფედერაციის თასის მეორე 1/2–ფინალურმა დაპირისპირებამ ბრაზილიელების მეტოქე გამოარკვია – ფინალურ მატჩში, ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს ესპანეთის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდება. ტურნირის დაწყებამდე, ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკივრები უმთავრეს ფავორიტებად სწორედ ამ ორ ნაკრებს მიიჩნევდნენ და ბევრი ელოდა, რომ გათამაშება სწორედ ასეთი ფინალით დასრულდებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ესპანელებს 120–წუთიანი ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ მსოფლიოს 5–გზის ჩემპიონებთან თამაშის უფლება მოეპოვებინათ. საბოლოოდ, მატჩის ბედი „ლატარიით“ გადაწყდა – „ფურია როხას“ პენალტებში მეტოქეზე მეტად გაუმართლა და ფინალშიც გავიდა.

მოგეხსენებათ, წელიწადის წინათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთმა იტალია 4:0 გაანადგურა, რის გამოც, აპენინელებს რევანშის განსაკუთრებული სურვილი ჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ტოლი არაფერში დაუდო და ესპანელთა გულშემატკივრებიც გვარიანად ანერვიულა.

პირველ ტაიმში, ბურთს ძირითადად ესპანელები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს იტალიელები მეტად ქმნიდნენ. თავის გამოჩენის კარგი შანსები ჰქონდათ კრისტიან მაჯოსა და ალბერტო ჯილარდინოს, მაგრამ ხან კასილიასი იჩენდა თავს, ხანაც ბურთი კარს სცდებოდა. ტაიმის მიწურულს, ესპანელებიც დაემუქრნენ იტალიელთა მეკარეს – ფერნანდო ტორესმა მოხდენილი მოძრაობით ჩამოიშორა მეტოქე, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შეხვედრის მეორე ნახევარი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ეტყობოდა, რომ საქმე, სულ ცოტა, დამატებით დრომდე მივიდოდა. ასეც მოხდა – გუნდებმა 15–15 წუთიანი ტაიმები ითამაშეს და თითოჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი. ჯერ ემანუელე ჯაკერინის არ გაუმართლა, შემდეგ კი, ჩავის. ასე იყო თუ ისე, 120 წუთი უგოლოდ მიილია და მსაჯმაც პენალტების ნიშნულისაკენ მიუთითა...

შეიძლება ითქვას, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები იდეალურად შეასრულეს. ცხადია, ლეონარდო ბონუჩის თუ არ ჩავთვლით. პირველი დარტყმა ანტონიო კანდრევამ ითავა, რომელმაც გულშემატკივრები ეფექტური „პანენკათი“ გააოცა. ამის შემდეგ, ესპანელებმა და იტალიელებმა მიჯრით რამდენიმე უზადოდ შესრულებული დარტყმა შეასრულეს და ანგარიშიც 6:6 გახდა. იტალიელთათვის ავადგასახსენებელ მომენტში, ბურთთან ბონუჩი მივიდა და ტრიბუნისაკენ აფრინა. ამით, „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ხესუს ნავასმა ისარგებლა და საპასუხო პენალტი გოლად აქცია, რითაც ესპანეთის ეროვნული გუნდი ფინალში გაიყვანა.

ფიფას ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა მეკარე იკერ კასილიასი დასახელდა.

ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილები მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებს შაბათს დაუპირისპირდებიან.

 

ფორტალეზა. „კასტელაუ“

ესპანეთი – იტალია 0:0 (7:6 პენ.)

ესპანეთი: კასილიასი, პიკე, რამოსი, არბელოა, ჟორდი ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, ტორესი (ხავი მარტინესი 94), პედრო (მატა 79), სილვა (ნავასი 52).

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

იტალია: ბუფონი, მაჯო, კიელინი, ბარცალი (მონტოლივო 46), ბონუჩი, კანდრევა, მარკიზიო (აკვილანი 80), დე როსი, პირლო, ჯაკერინი, ჯილარდინო (ჯოვინკო 91).

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

პენალტები: 0:1 კანდრევა, 1:1 ჩავი, 1:2 აკვილანი, 2:2 ინიესტა, 2:3 დე როსი, 3:3 პიკე, 3:4 ჯოვინკო, 4:4 რამოსი, 4:5 პირლო, 5:5 მატა, 5:6 მონტოლივო, 6:6 ბუსკეტსი, 7:6 ნავასი.

ლეონარდო ბონუჩიმ პენალტი გააცუდა.

გაფრთხილებები: პიკე (105) – დე როსი (65)

კარში დარტყმა: 16 (5) – 10 (4) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 2 - 9 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 4 – 4

0.117945