მილანის “ინტერის” ექსპრეზიდენტი მასიმო მორატი დარწმუნებულია, რომ “ნერაძურის” ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი კლუბის წინსვლისთვის არაფერს დაიშურებს.
“მორატების ოჯახისა და “ინტერის” სიყვარულის ისტორია დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო. მამაჩემი “ინტერის” ფანი დედის წყალობით გახდა, რომელმაც ის დაითანხმა “ლაციო”-“ინტერის” მატჩს დასწრებოდა რომში” – გაიხსენა მორატიმ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“ვფიქრობ, ამ სიტუაციაში კლუბის გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო. მჯერა, “ინტერი” ისეთ ადამიანს გადავეცი, რომელიც მას ისეთივე გრძნობით მოეპყრობა, როგორც ყველა მორატი”.
“დრო იცვლება და ტოჰირს ყველაფერი აქვს, კლუბმა თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას რომ მიაღწიოს. ის ძალიან აქტიური და შრომისუნარიანია”.
“ინტერში ჩემი მოღვაწეობის ყველაზე რთული მომენტი ის წუთი იყო, როცა კლუბის გაყიდვის საბუთზე ხელი უნდა მომეწერა. ყველაზე დიდი სიხარული კი, ჩემპიონთა ლიგის მოგებისას განვიცადე” – განაცხადა მორატიმ.