მილანის “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი ირწმუნება, რომ პოტენციურ ინვესტორთან შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა არც იმას გამორიცხავს, კლუბის გასხვისების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში რომ გაკეთდეს.
Football Italia-ს ცნობით, “ნერაძურას” პრეზიდენტსა და ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ ტოხირის შეხვედრა გუშინ გაიმართა და კლუბის საკითხიც საბოლოოდ იქ უნდა გადაწყვეტილიყო. მიუხედავად ამისა, მორატი ირწმუნება, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და მასზე კლუბის მომავალთან დაკავშირებით არ გვისაუბრიაო.
“ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ჩვენ გვსურდა გაგვეგო, რას წარმოადგენდა ის ხალხი, რომელთაც “ინტერის” შეძენა უნდათ. შეთანხმების გაფორმებამდე ბევრი არაფერი დარჩა, უბრალოდ, უნდა გადავწყვიტოთ, სწორი მომენტი შევარჩიეთ, თუ არა კლუბის გასაყიდად”, - განაცხადა მორატიმ და იქვე დაამატა, რომ კლუბის აქციების დაახლოებით 30 პროცენტს თავად დაიტოვებს:
“ჩემი ოჯახი “ინტერთან” რჩება. მოდით, ასე ვთქვათ, ესაა ერთგვარი რესტრუქტურიზაცია, რათა უპრობლემოდ მოვახერხოთ კლუბის დანახარჯების მართვა თანამედროვე ფეხბურთში არსებულ სიტუაციასთან შესაბამისად. ყველა ხედავთ, რომ დღეს, ფეხბურთელებში 100 მილიონ ევროს იხდიან და ასეთ პირობებში, ჩვენ ვერ შევჩერდებით. დაახლოებით 30 დღე კიდევ გავა, სანამ შეთანხმებას მივაღწევთ, თუმცა, ზუსტად იგივეს, სამი თვის წინაც ვამბობდით. დავრჩები თუ არა მე კლუბის პრეზიდენტად, ამაზე ჯერ არ მიფიქრია”.